ინვიტროგანაყოფიერების კლინიკების ქსელის მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი გადაცემა “სთორის’’ სტუმრობდა და საკუთარ ბავშვობაზეც ისაუბრა. როგორც ჩანს, მარიამის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება, რადგან იგი ვერ ეგუებოდა იმ პატრიარქალურ პრინციპებს, რომლებიც მის გარშემო ოჯახსა და სამეზობლოში არსებობდა.
მარიამმა ერთ ადამიანზე ცხრაჯერ, სხვადასხვა ქვეყანაში იქორწინა, ღალატი და სიყვარულიც გამოსცადა და, პარალელურად, საკუთარი ხელოვნური განაყოფიერების ქსელი შექმნა, რისი დახმარებითაც დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია.
ბავშვობაში სუიციდის მცდელობა ხუთჯერ ჰქონდა. თვითმკვლელობის სურვილს ხშირად სასურველზე უარის მიღება, მშობლებს შორის
კონფლიქტი და სტრესი იწვევდა.
„ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი და ღრმად განვიცდიდი იმ პატრიარქალურ სიმახინჯეებს, რომლებსაც ვხედავდი ოჯახში თუ ახლობლების ოჯახში და ყოველთვის ვაპროტესტებდი, თუმცა სტრესთან გამკლავება არ შემეძლო“ – თქვა მან.
გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ოჯახების 90% დისფუნქციურია, სადაც იზრდებიან ტრავმირებული ბავშვები, მაგრამ საზოგადოება იქცევა ისე, თითქოს არც აწუხებთ და არც სტკივათ ეს დამოკიდებულება. ცხრა ქორწინება ერთსა და იმავე მამაკაცთან ამ ფაქტზე პროტესტი და პასუხი იყო მისი მხრიდან, ვინაიდან ქმრის დომინაცია, ნასვამი კაცი, აყალმაყალი, ეს იყო მიუღებელი, თუმცა ეს ყველგან ხდებოდა და პრობლემას ვერავინ ხედავდა.
„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – იხსენებს კუკუნაშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ საკუთარი აზრის გარდა, არავის აზრს უწევს ანგარიშს, რადგან როდესაც სხვა ადამიანი, თუნდაც მეუღლე, ცდილობს გიკარნახოს, რა გააკეთო, ეს აღარ არის ურთიერთობა და ამ დროს ქალი ვერ იქნება დამოუკიდებელი. მისთვის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დილით.
მისივე თქმით, ცხოვრებისეულ სირთულეებს პირველად მაშინ შეეჯახა, როდესაც სამსახურში, კერძოდ, ამერიკულ კომპანიაში საჩივარი დაწერა უფროსზე, რის გამოც გაუკეთეს ნარკოტესტი და სამსახურიდან გააგდეს. მაგრამ ის არ დანებდა, ამერიკელებს უჩივლა და სასამართლოც მოიგო.
„ადამიანის ღირსებას და ღირებულებას უნდა სცე პატივი. წარმატების მთავარი დანიშნულება ადამიანისთვის უნდა იყოს საკუთარი თავის პოვნა“ – ასე გამოიყურება მისი ცხოვრების მთავარი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც თვლის, რომ სულიერ სიმშვიდესა და წარმატებას მიაღწია.
საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით მარიამი თვლის, რომ საჭირო არ არის „გაეკიდო“ ადამიანს, რომელსაც წასვლა სურს, რადგან ის აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ღალატის შემდეგ ურთიერთობა ინგრევა და მისი აღდგენა თითქმის შეუძლებელია.
რამდენიმე თვის წინ მან “სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა ქმართან შერიგების შესახებ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმრის ურთიერთობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და დღეს ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..