მსგავსი ისტორია მეც გამიგონია და წამიკითხავს, მაგრამ, თავად თუ აღმოვჩნდებოდი ასეთი სიცრუის მსხვერპლთა სიაში, ამას როგორ წარმოვიდგენდი.
ბედნიერი ბავშვობა მქონდა, იმის მიუხედავად, რომ მამა არ მახსოვდა და დედა მარტო მზრდიდა. საკმაოდ მაღალხელფასიანი სამსახური ჰქონდა, თავისმა მშობლებმა და ქმარმაც კარგად დატოვეს მატერიალურად და, აქედან გამომდინარე, არასდროს არაფერი მაკლდა.
მყავდა ჩემზე 16 წლის უფროსი და, რომელიც უცხოეთში სწავლობდა და თბილისში წელიწადში ერთხელ ძლივს ახერხებდა ჩამოსვლას. ასე რომ, მე და დედაჩემი, პრაქტიკულად, მარტო ვცხოვრობდით.
მე და ჩემი და, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საოცრად ვგავდით ერთმანეთს, დედა კი სულ სხვა ტიპაჟი იყო გარეგნობითაც და ხასიათითაც, თუმცა, მაინც კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს.
მე ძალიან მიხაროდა ხოლმე ჩემი დის ჩამოსვლა, მაგრამ, დედაჩემი, რატომღაც, სულ დაძაბული და გაღიზიანებული იყო, ლიკა რომ ჩამოდიოდა და, თითქოს, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა.
რომ წამოვიზარდე, უკვე აშკარად ვამჩნევდი, რომ დედაჩემი საკმაოდ ცივად ექცეოდა ლიკას, რაც ძალიან არ მომწონდა და მიკვირდა, რადგან, როცა მარტო ჩვენ ორნი ვიყავით, ჩემ მიმართ განსაკუთრებით თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იყო, მაგრამ მე მაინც ერთი სული მქონდა, ლიკა როდის ჩამოვიდოდა, რადგან, უცნაური ლტოლვა მქონდა მისადმი
– სულ მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, ყველგან მასთან ერთად მევლო. თვითონაც განსაკუთრებით მეფერებოდა ხოლმე, ოღონდ, ძირითადად მაშინ, როცა დედა ვერ გვხედავდა.
ძალიან ბუნდოვნად მახსოვდა ერთი პატარა ეპიზოდი. იმდენად ბუნდოვნად, რომ, არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა მოხდა თუ სიზმარში ვნახე: ერთხელ, ლიკა რომ იყო ჩამოსული, ავად გავხდი და ძალიან მაღალი სიცხე მომცა.
იმ ღამეს ლიკას თვალი არ მოუხუჭავს, არც კი წამოწოლილა, ამხელა გოგო დილამდე ხელში ვეჭირე და მარწევდა. 4-5 წლის ვიყავი და ფილმის კადრებივით მახსენდება ყოველი წუთი.
რაღაც წამალი დამალევინეს და ჩამთვლიმა, მაგრამ მალე ტირილით გავიღვიძე. ლიკას ისევ კალთაში ვეწვინე. ჩამიხუტა გულში და ცრემლიანი ხმით თქვა: „უთხარი შენს დედიკოს, რა გაწუხებს და მოგარჩენ“…
რატომღაც, იმ მომენტში მეგონა, რომ ჩემი გართობა უნდოდა და „დედა-შვილობანას“ მეთამაშებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ რომ ავტირდი, შუბლზე ტუჩით შემეხო და ჩაილაპარაკა: „რა დღეში მყავხარ, მოგიკვდეს დედა“…
ის წუთები არასდროს დამვიწყებია, ყოველ გახსენებაზე უცნაური სითბო მეღვრებოდა და გული მიჩუყდებოდა ხოლმე, მაგრამ, არასდროს არავისთან არ წამომცდენია.
სკოლას რომ ვამთავრებდი, დედაჩემი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ლიკა ჩამოვიდა (იმ პერიოდში უკვე მუშაობდა უცხოეთში). უამრავი ხალხი მოვიდა გასვენებაში.
მე და ლიკა გვერდიგვერდ ვისხედით და მწარედ ვტიროდით. კუბო გარეთ რომ გაიტანეს, ჩვენც უკან გამოვყევით და უცებ, ჩემს ზურგს უკან, ვიღაც ქალის ჩურჩული გავიგონე: იშვიათად მინახავს, დედა-შვილი ასე ჰგავდეს ერთმანეთს.
ცოდვაა ეს ბავშვი, როდემდე უნდა დაუმალონ სიმართლეო. ამ სიტყვებმა დამაინტრიგა და დასაფლავების მეორე დღესვე გადავეკიდე ლიკას, მითხარი, რას მიმალავთ-მეთქი. იმანაც, ვეღარ გაუძლო ჩემს კატეგორიულ მოთხოვნას და ყველაფერში გამომიტყდა:
როგორ გაირკვა, 15 წლის რომ იყო, თავისი შეყვარებულისგან დაორსულდა, მაგრამ იმას ცოლად აღარ შეურთავს, ლიკა კი ცოცხალი თავით არ დათანხმებულა აბორტზე.
მაშინ, დედამისმა (ანუ, ბებიაჩემმა, რომელმაც გამზარდა და ჩემი დედა მეგონა), ლიკა სხვა ქალაქში ამშობიარა, მერე მე ოფიციალურად მიშვილა და გამზარდა, ლიკა კი უცხოეთში გაუშვა სასწავლებლად. ბაბუაჩემს ეს ყველაფერი ვერ გადაუტანია და მე რომ 1 წლის ვიყავი, მაშინ გარდაცვლილა.
ამ ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, თუმცა, ბებიაჩემი, რომელსაც მთელი ცხოვრება „დედას“ ვეძახდი, კიდევ უფრო შემიყვარდა, ლიკა ხომ ჩემს საფიცარ ხატად იქცა.
ახლა რომ ვფიქრობ, ბებია არასწორად მოიქცა, მაგრამ, ამჟამად მე მყავს ძალიან ახალგაზრდა დედა, რომელიც, ამავე დროს, ჩემი უახლოესი მეგობარიცაა, თუმცა, პატარა გოგო მეც აღარ ვარ – მალე 30 წელი შემისრულდება და უკვე ჩემი ოჯახი მაქვს.
სხვათა შორის, იმდენი ტკივილი მომაყენა ტყუილებმა, რომ ჩემი ქმარ-შვილისთვის არაფერი დამიმალავს და, ახლა, შემიძლია, ვთქვა, რომ თავისუფლად ვსუნთქავ, რადგან არავისგან არაფერი დასამალი ან დამალული არ მაქვს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
მაგდა, 30 წლის.