გინებას და ცუდ ფიქრებს ბედში ნეგატიური ცვლილებები შეაქვს – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ადამიანი რომ წარმატებული იყოს, იშოვოს ფული, შექმნას იდეალური ოჯახი და გახდეს სასურველი, გონების მობილიზება, ქვეცნობიერის ჩართვა და აზრისა და ფიქრის სწორი მიმართულების მიცემაა საჭირო. უნდა იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე და არასდროს თქვათ უარი იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. იმაზე წუწუნს, რომ არ გიმართლებთ, სჯობს, იმოქმედოთ და უქმად არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია.

ხშირად უიღბლობის გამომწვევი უნებურად წამოსროლილი სიტყვაა, ანუ, არსებობს დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ. ბევრს უკვირს, რატომ არ მიმართლებს ვაჭრობაში, ბიზნესში, პარტნიორშიო. ადამიანის უიღბლობა ზეციური ძალების სასჯელია, შემთხვევითობა კი – ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. აქედან გამომდინარე, თავს დატეხილი უბედურება, უფულობა თუ წარუმატებლობა უიღბლობას კი არ დააბრალოთ, მისი სათავე საკუთარ თავში ეძებეთ. მაგალითად, როცა ერთი ადამიანი მეორეს გამიზნულად აგინებს, ჩათვალეთ, რომ ის ამით საკუთარ ენერგეტიკულ ველს აზიანებს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ და აგინებთ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, სამყაროს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ. ანუ, გინებით თავსაც იწყევლით და საკუთარ წარმატებასა და იღბალსაც ბლოკავთ.

ბევრს უყვარს უაზროდ გინება და ვერც კი აცნობერებს, ამით რა ზიანს აყენებს საკუთარ თავს. კერძოდ, გინებით აბინძურებს საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავს წარმატებისა და მოგების შანსებს. თუ დააკვირდებით, აზარტული თამაშის დროს, რაც მეტს იგინება ადამიანი, მით უფრო აგებს, ხოლო, ვინც ჩუმად ზის, ის მეტად იღბლიანია. თამაშების დროს წარუმატებლობა აზარტული სამყაროს პასუხია ადამიანის საქციელზე.

არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე საუბარი თუ გინება, რადგან ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით უკანვე გვიბრუნდება. ერთმა უცაბედად გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი შესაძლოა, მთელი თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ ქმედებაზე. დღევანდელი საქციელით, ჩვენსავე ბედს განვსაზღვრავთ. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.

ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა მის ცხოვრებაში რამე ნეგატიური მოხდა და გაიაზროს, როგორ განწყობაზე იყო იმ კონკრეტულ დღეს, ხომ არ უსურვა სხვას ცუდი, ხომ არ დაიწუწუნა ბედზე, გაბრაზებულმა ხომ არ შეიგინა და ასე შემდეგ. ზოგადად, თუ განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მათ უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით ან შაბათობით, 4, 9 ან 25 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, იქმნება პრობლემები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ზოგადად, ყველას აქვს თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ ემოცია და ქცევა. წარმატების მთავარი საფუძველი კარგად გააზრებული მანერებია. თუ თქვენი საუბარი ემოციური და დამაჯერებელი არ არის, ვერ მოხიბლავთ გარშემო მყოფებს, ვერც აიყოლიებთ და ვერც კეთილად განაწყობთ თქვენ მიმართ. ასე რომ, დაუკვირდით საკუთარ მანერებს, საუბრის ტემბრს და ბუნებრივად მიიზიდეთ საზოგადოების ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.

ნიუპოსტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *