ქუთაისში “ოცნების” დეპუტატის საკრებულოდან წასვლას ითხოვენ

ქუთაისის მერიის წინ შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მოითხოვენ უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს.

აქციის მონაწილების მოთხოვნა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს უკავშირდება. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე” – აღნიშნული პოსტი დეპუტატმა ჟურნალისტ სალომე ბარკერს მიუძღვნა, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო.

აქციის მონაწილეების თქმით, შემთხვევიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მისი საკრებულოდან წასვლაა. მათივე განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო მინაწერით, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით პირჯავრს იწერს, 28 მაისს გამოაქვეყნა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ და 17 მაისის მოვლენებზე საუბრობდა.

“ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი”, – ამბობს კოსტავა.


ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე ერთობლივ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებენ.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *