მე და თამუნამ პირველ კურსზე გავიცანით ერთმანეთი. მანამდე ასეთი რაღაცეების არ მჯეროდა, მაგრამ ეს მართლაც ერთი ნახვით შეყვარება იყო. ერთმანეთს რომ შევხედეთ და ჩვენ-ჩვენი სახელი ვუთხარით, იმ წუთიდან ცალ-ცალკე აღარ გვივლია.
ხათუნა საკმაოდ ცნობილი და ძლიერი ოჯახის შვილი იყო, რითიც მე ვერ დავიკვეხნიდი: არ მყავდა მამა; დედა კი მუშაობდა, მაგრამ ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა სარჩენი – ორი პატარა და მყავდა. ამიტომ მეორე კურსიდან მუშაობა დავიწყე.
არაფერს ვთაკილობდი: არც ღამის დარაჯობას, არც ბენზინგასამართ სადგურზე დგომას, არც მშენებლობაზე აგურების თრევას და, სხვათა შორის, ყოველი თვის ბოლოს იმდენი კი მიგროვდებოდა, დედაჩემისთვისაც მიმეცა კომუნალური გადასახადებისა და საჭმლისთვის და მეც დამრჩენოდა, რომ ცოტა თამუნაც გამენებივრებინა.
ჩემს სასიმამროს მოსწონდა, რომ ძალიან დატვირთული ვიყავი და ას ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ სასიდედროს გული ვერაფრით მოვიგე – ძალიან ცივად მხვდებოდა და სულ „მეშპილკებოდა“: იმიტომ გადავყევი თან ჩემს ერთადერთ შვილს, რომ შავ მუშას გაჰყოლოდაო?
თამუნა უხსნიდა, რომ ეს ჩემი დროებითი სამუშაო იყო, მაგრამ ქალბატონ ლიას ამის გაგონებაც არ უნდოდა. რამდენიმე ხანში კი პირველ „ბრალდებას“ მეორეც დაამატა: მაგას მთელი ცხოვრება დედა და დები ეყოლება სარჩენი და თავის ცოლ-შვილს როგორ უნდა მიხედოსო.
თამუნა მამის მხარდაჭერას გრძნობდა, ამიტომ, გარისკა, დედისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ცოლად გამომყვა. ჩემმა სიდედრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ჩემმა შვილმა ამდენ ხალხში როგორ უნდა იცხოვროსო და ყველანაირად ცდილობდა, ჩვენ შორის უსიამოვნება ჩამოეგდო.
რომ ვერაფერს გახდა, კატეგორიულად მოითხოვა, თუ გინდათ, რომ შევრიგდეთ, ჩვენთან უნდა იცხოვროთო. ნამდვილად არ მქონდა ამის სურვილი. ხომ გაგიგიათ, ნათქვამია, უკუდო მელამ თქვა, ერთ ზედსიძეს მაინც კიდევ ვჯობივარო, მაგრამ ვიფიქრე, სიდედრს შემოვირიგებ და მერე ყველაფერი მოგვარდება-მეთქი.
თუმცა, ისიც ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. მოგვარდა კი არა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: ქალბატონმა ლიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი (განსაკუთრებით – ჩემი) ყოველი ნაბიჯი და სიტყვა გაეკონტროლებინა და მისი ნება-სურვილის მიხედვით გვეცხოვრა, რაც, თამუნას სიყვარულის მიუხედავად, ვერ შევძელი.
სიდედრის აქტიურობა ყოველგვარ საზღვარს რომ გადასცდა, თამუნას პირდაპირ დავუსვი საკითხი – აქ ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. ისიც, როგორც ჩანს, სანახევროდ დედამისის ჭკუაზე იყო გადასული, იწყინა ჩემი სიტყვები და მომახალა – თუ ვერ იცხოვრებ, შეგიძლია, წახვიდეო.
სიმამრი ძალიან ცდილობდა, რამე მოეგვარებინა, მაგრამ ცოლ-შვილთან ვერაფერს გახდა. მეც, თამუნას სიტყვების შემდეგ, სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, ჩავალაგე ჩემი ნივთები და წავედი. ცოლს კი დავუბარე, მიყვარხარ და გელოდები.
როგორც კი გადაწყვეტ, რომ ჩემთან გინდა ყოფნა, დამირეკე და წაგიყვან-მეთქი, მაგრამ თამუნა გამებუტა და, არათუ აღარ დამირეკა, ზარებსა და მესიჯებზეც არ მპასუხობდა.
მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა. თამუნა დღე-დღეზე იმშობიარებს. ვგიჟდები, ისე ველოდები შვილს, მაგრამ სიდედრი ცოლის ნახვის უფლებას არ მაძლევს და თამუნასაც არწმუნებს, მაგისთანა ქმარს, ჯობია, ოფიციალურად გაეყაროო.
არადა, ვგრძნობ, რომ თამუნას შერიგება უნდა. ახლა ახალ, უფრო პრესტიჟულ სამსახურში დავიწყე მუშაობა, ხელფასიც სოლიდური მექნება და იქნებ ამით მაინც მოვიგო სიდედრის გული.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია