“სიკვდილის აღარ მეშინია – ყველაფრისთვის მზად ვარ”
აღდგომის დღესასწაულებზე, სასაფლაოებზე გამართული ღრეობების შესახებ ალბათ, ბევრი გსმენიათ. შესაძლოა, პირადადაც შესწრებიხართ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსთავის სასაფლაოზე მსგავსი არაფერი ხდება და სამშაბათობით, სამუშაოდ მისულ სასაფლაოების მომვლელებს არცთუ ისე ბევრი საქმე ხვდებათ გასაკეთებელი.
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია. ამბობს, რომ სიკვდილის აღარ ეშინია და ყველაფრისთვის მზად არის. – აქ მუშაობა კარგიაო, – გვითხრა და მიზეზიც გაგვიმხილა, თუ რატომ არ სურს საჯაროდ ვინაობის გამხელა…
– სასაფლაოს დირექტორმა – ნუგზარ ლურსმანაშვილმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: ჭირისუფალი თვეში მინიმალურ თანხას – 10 ლარს იხდის (ნებაყოფლობით), რომ საფლავი მოვლილი, მოწესრიგებული იყოს. მე და ერთი ქალბატონი დაგვასაქმა. 2 წელია, აქ ვმუშაობთ. სასაფლაოზე კვირაში ორჯერ ამოვდივართ. საფლავებს ვალაგებთ, ბალახისგან ვწმენდთ. რომ შეხედავთ, ეტყობა, ჩვენი დალაგებული რომელია. უკვე 100-ზე მეტ საფლავს ვალაგებთ და ვასუფთავებთ.
– შრომატევადი საქმეა?
– ძალზე შრომატევადია! ვცდილობთ აღდგომის დღესასწაულებზე, ყველა საფლავი მოწესრიგებული იყოს. ბოლო თვეა, აქ ყოველდღე ამოვდივართ. არა მხოლოდ საფლავს ვასუფთავებთ, არამედ – მის გარშემო არსებულ ტერიტორიასაც. ბატონი ნუგზარიც სულ მოდის, მანქანები ამოჰყავს, ნაგავს ვყრით…
საერთოდ, ძალიან სუფთა სასაფლაოა. მგონი, ქალაქში არ არის იმდენი ბუნკერი, რამდენიც – აქ. კარგი თანამშრომლები გვყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ვერ გავჩერდებოდით. სასაფლაოების ორივე მომვლელს 3-3 შვილი გვყავს. თანამშრომლები ოფისიდანაც ძალიან გვეხმარებიან. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
– ზოგი ადამიანი სასაფლაოს მისტიკურ ადგილად მიიჩნევს და აქ ყოფნის ეშინია… თქვენ შიშს არც თავდაპირველად, მუშაობის დაწყებისას გრძნობდით?
– თავდაპირველად ცოტა მეშინოდა. ახლა კი აქაურობას ისე შევეჩვიეთ, რომ პირიქით – სიკვდილის აღარ მეშინია. წინათ ვამბობდი, – ვაიმე, როცა დამმარხავენ, მიწაში ვიქნები-მეთქი… ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.
– მუშაობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები თუ ხდება?
– თუ ქვეწარმავლებს არ ჩავთვლით, არაფერი. მათაც, თუ არაფერს დაუშავებ, არაფერს გერჩიან. სიწყნარე, სიმშვიდეა. საშიში საერთოდ არ არის. ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, სასაფლაოზე დილის 5 საათზეც მოვსულვართ და მარტო ვყოფილვართ. გამიგონია, თითქოს სასაფლაოზე ადამიანები ეწევიან, სვამენ… აქ ერთი ასეთი შემთხვევაც არ მახსოვს. სისტემა კარგად არის აწყობილი.
– მუშაობა ყველაზე რთული როდის არის?
– ახლა, რადგან ბალახი ყოველდღიურად ამოდის. დავამუშავებთ, დავასუფთავებთ, მაგრამ მეორედ მოსულებს უკვე საშინელი სიტუაცია გვხვდება. შრომატევადი საქმეა, თორემ საშიში არაფერია.
– აღდგომის დღესასწაულზე ჭირისუფლები საფლავებზე ღრეობას მართავენ? როგორც ამბობენ, ზოგ სასაფლაოზე ასეთი რაღაცები ხდება…
– ძირითადად, ჭირისუფლები საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გამოდიან. ამ დროს აქ არ ვარ. აქ რომ ვიყო, რა გავაკეთო? სამუშაოდ სამშაბათს გამოვდივართ.
– ბევრი საქმე გხვდებათ?
– არა. ღრეობა და მთვრალი ადამიანები აქ არ მინახავს. მეც მეგონა, რომ მსგავსი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ პირიქით – სიმშვიდე, სიწყნარეა, ყველაფერი მოწესრიგებულია.
– აქ დატოვებული პასქები, კვერცხები ვის მიაქვს?
– როგორც ჩანს, ორშაბათსვე ამოდიან ვიღაცები და მიაქვთ, რადგან ფაქტობრივად, სამშაბათს აქაურობა დასუფთავებული გვხვდება. იშვიათად, კვერცხები აწყვია, რომლებსაც არასდროს ვყრით – მიწაში ვფლავთ. კვერცხი როგორ გადავაგდო?!.
– აღდგომის მეორე დღეს საფლავზე თქვენც გადიხართ?
– კი, კახეთში. მამაჩემი იქ არის დაკრძალული. რომ მცოდნოდა, ასე ვიმუშავებდი, მამასაც აქ დავკრძალავდი. ორშაბათს კახეთში მივდივარ ხოლმე. სოფელში სასაფლაოზე უფრო ბევრი ხალხი, ხმაური და ჟრიამულია – აქაური სიტუაციისგან განსხვავებულია.
– ალბათ, რუსთავის სასაფლაოზე ვინ სად არის დაკრძალული, ზეპირად იცით…
– კი. მართალია, ჩვენი რუკა გვაქვს, მაგრამ აღარ ვიყენებთ, რადგან ზეპირად ვიცით, ვინ სად არის დაკრძალული. გვაქვს სია, სადაც აღრიცხულია, რომელ საფლავთან როდის მივედით. შეიძლება, ზოგ საფლავს დასუფთავება თვეში ერთხელაც არ დასჭირდეს, ისეთი მიწა იყოს, ზოგი კი ისეთია, ყოველდღე რომ მიხვიდე, მაინც ბალახი გხვდება. ჩვენი ჟურნალი გვაქვს, სადაც აღვწერთ, სად როგორი სიტუაციაა და რას როგორ ვაკეთებთ.
– თავისუფალი გრაფიკი გაქვთ?
– კი, რადგან თუ იწვიმა, ვერ ამოვალთ. ქარში მუშაობასაც აზრი არა აქვს. ხომ იცით, რუსთავში როგორი ძლიერი ქარია?.. ზოგჯერ შეიძლება, სასაფლაოზე დილის 5 საათზე ამოვიდეთ და დღის პირველ საათამდე საქმე დავასრულოთ. ზაფხულში გვიან, საღამოს 6-7 საათის მერეც ამოვსულვართ და დაბნელებულზე წავსულვართ.
საშიში არაა: ქვემოთ მესაფლავეები და დარაჯი არიან. დირექტორი და მისი მოადგილეც ხშირად ამოდის… აქ სულ მოძრაობაა. მოსავლელი საფლავები თუ მოგვემატება, უკეთესი იქნება. თვეში 10 ლარი რა არის? ოჯახს ეს თანხა აქ ამოსვლაში არ ეყოფა.
– თქვენი ამჟამინდელი საქმიანობიდან რა შემოსავალი გაქვთ?
– ხელფასი 240 ლარი გვაქვს. აქ მუშაობის პარალელურად, ადამიანს სხვაგან მუშაობაც თავისუფლად შეგიძლია, რადგან როგორც გითხარით, კვირაში ორჯერ ხარ ვალდებული, სასაფლაოზე ამოხვიდე. ყველანაირად ხელს გვიწყობენ. თან, ამ საქმის კეთება მადლიც არის. რელიგიურადაც მისაღებია, თორემ 240 ლარი ისეთი ხელფასი არ არის, რომ დახარბდე.
– ასე ვთქვათ, გრანდიოზულ საფლავებსაც განდობენ მოსავლელად?
– კი, უზარმაზარი მარმარილოს ქვებია, რაც პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს. 20 ათასი ლარი საფლავზე რომ არ დახარჯონ, ხომ შეიძლება, მიცვალებულის სული სხვაგვარად აცხონონ? ასეთ საფლავებსაც ისევე ვუვლით, როგორც დანარჩენებს. ხელშეკრულებით რაც გვევალება, იმას ვაკეთებთ – ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ორადგილიანია საფლავი, გრანდიოზული თუ უბრალო ჯვარი ადევს.
– აღდგომის გარდა, სასაფლაოზე ჭირისუფალთა აქტიურობა როდის შეინიშნება?
– მაგალითად, მარიამობას. საფლავებს ყოველთვის ვალაგებთ, მაგრამ ასეთ დღესასწაულებზე ვცდილობთ, ყველაფერი ახალი გაკეთებული იყოს. ზოგჯერ იმდენი საქმეა, ბოლოში ძლივს გავდივართ…
– წინათ წარმოიდგენდით, რომ ამ საქმით დაკავდებოდით?
– ვერასოდეს. კერძო ბიზნესი მქონდა. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი. როგორ უნდა წარმომედგინა, რომ აქ მოვიდოდი? ვერც ვიფიქრებდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც ვიცოდი, თუ ასეთი სამსახური არსებობდა… ისე მოხდა, რომ ჩემს ბიზნესში რაღაცები ძალიან ცუდად განვითარდა… რა, ეს საქმე ცუდია? სტუდენტი შვილი მყავს და ბავშვს გზის ფული მაინც აქვს. ამ საქმეში აღებული ფული გადასახადების დაფარვაში მაინც მეხმარება.
– რაიმე პროფესიული განათლება თუ გაქვთ მიღებული?
– არა. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. 17 წლისას უკვე ჩემი ბიზნესი მქონდა: მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ავტომობილების ბიზნესი… მოკლედ, რა საქმეში არ ვიყავი ჩართული… საკმაოდ ძლიერი ოჯახიც მქონდა, მაგრამ რაღაცების გამო, ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად არაფერი აღარ მაქვს.
– პარალელურად, კიდევ სადმე მუშაობთ?
– არა. არ ვიცი, სად ვიმუშაო. რუსთავში რა სამსახურია? არაფერი.
– ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხართ?
– 3 შვილი მყავს. ქირით ვცხოვრობ. დედამთილი ძალიან მეხმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 240 ლარი ბინის ქირის გადასახადში არ მეყოფა. მეუღლე არ მყავს.
– თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ოჯახის წევრებმა რატომ არ იციან?
– წინათ, ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონდათ. მათ დედა სხვაგვარ სიტუაციაში აცხოვრებდა. უფროსი შვილი ძალიან რელიგიური ბიჭია, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ რომ გაიგოს, არ მინდა, იფიქროს – ვაიმე, ძალიან გაგვიჭირდა, დედა სასაფლაოების დამლაგებელიაო.
არც ეგ იქნება პრობლემა, სიმართლე რომ ვუთხრა, მაგრამ არ მინდა, გული ეტკინოს. დაფიქრდება და ნამდვილად ვიცი, გული ეტკინება. ასეთ სიტუაციაში ჩემს ყოფნას ის მიჩვეული არ არის, რადგან დამლაგებლები სახლში თავად მყავდა.
– რას ეუბნებით? ალბათ იცის, რომ სადღაც მუშაობთ…
– ის მიჩვეულია, რომ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, სულ სადღაც დავრბივარ… უნიფორმა არ მაცვია და არც თოხები თუ ცოცხები მომაქვს სახლიდან (იცინის)… პრინციპში, თავად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ აქ მუშაობა კარგია, თორემ ვერავინ გაიგებდა, სად ვმუშაობ.
– ანუ ვინმემ იცის?
– კი, ყველამ. ვინ არ უნდა იცოდეს? საქმე ის გახლავთ, რომ რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ მერე, სხვა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი შვილები აქ არავის იცნობენ. ჩემი საქმიანობის შესახებ ამიტომაც არაფერი იციან.
– თქვენი სამსახურის შესახებ უფროსმა შვილმა სხვებისგან რომ გაიგოს?
– არ არის პრობლემა. შეიძლება, იცის კიდეც. უბრალოდ, მე ვუფრთხილდები, რომ გული არ ეტკინოს. არ თქვას, – ძალიან გაგვჭირვებიაო. რომ გაიგოს, შეიძლება, მოვიდეს და მომეხმაროს კიდეც. ჩემი ცხოვრების შესახებ შვილებთან ბევრს არ ვლაპარაკობ, საჭირო არ არის…
– ენერგიული და მოწესრიგებული ხართ. მანიკიურიც გაგიკეთებიათ…
– მოუწესრიგებელი ერთი დღეც არ ვყოფილვარ, როგორ სიტუაციაშიც უნდა ვიყო!
– სამომავლოდ რას გეგმავთ?
– უცხოეთში წასვლას, მაგრამ ბავშვებს აქ დიდი ხნით ვერ დავტოვებ. სტუდენტი შვილიც მყავს, სკოლის მოსწავლეც და საბავშვო ბაღის ასაკისაც…
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. ასევე მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..
ეთო ყორღანაშვილი; წყარო: ჟურნალი გზა