“სახლში რომ მივედით, ისევ აკივლდა – ხომ გაგაფრთხილე, აქ ფეხი არ შემოადგა, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ, თვალით არ დამენახოო. სამწუხაროდ, მუქარის ასრულება შეძლო…”
ნიტა და ლევანი ორი წელია, დაქორწინებულები არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ დღემდე მალვით ხვდებიან. დედამთილს ნიტა თვალში არ მოსდის.
ნიტა: – მე და ლევანი სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ხშირად ვსტუმრობდი მათ ოჯახს. ლევანიც ჩემიანებს სასიძოდ მიაჩნდათ. არ მახსოვს, ჩემს სადედამთილოს ეგრძნობინებინა, რომ მისი ერთადერთი შვილისთვის საცოლედ არ ვსურდი.
დაქორწინებას რომ ვაპირებდით, ყველამ იცოდა, მაგრამ მაინც გვინდოდა სიურპრიზის ელფერი მიგვეცა ამისთვის. დავიწერეთ ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ. როდესაც მე და ლევანი ოჯახში მივედით და ვთქვით, უკვე ცოლ-ქმარი ვართო, ჩემი დედამთილი გაცეცხლდა – დიდი ქორწილი და ტრადიციული ლხინი არ მოგწონს, შე ტუტუცო გოგო და ჩემს ერთადერთ შვილსაც ტვინი აურიეო.
შევცბი… ლევანი ამაოდ ცდილობდა, დედამისი შეეჩერებინა. როცა სულის მოთქმა დააპირა, ღიმილით ვუთხარი, – გვაპატიეთ, თუ გაწყენინეთ, რახან თქვენ გნებავთ, გადავიხადოთ დიდი ქორწილი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი.
მართლა არც მიფიქრია ვინმეს განაწყენება, უბრალოდ, არ მიყვარს ხმაური და დიდი ქორწილები, ლევანიც ასე ფიქრობს, ამიტომაც სულ რამდენიმე მეგობართან ერთად მივედით ტაძარში, ჯვარი დავიწერეთ, ხელიც მოვაწერეთ და შემდეგ მეგობრებთან ერთად რესტორანში აღვნიშნეთ. ჩემმა დედამთილმა ვერ გაგვიგო, მეტიც, მტრად გადაგვეკიდა.
ჩემს შეთავაზებაზე, დიდი ქორწილიც გადაგვეხადა, ჯერ მშვიდად შემომხედა, მერე კი ლანძღვის კორიანტელი დამატეხა თავს – ქორწილი რომ გადაგიხადოთ, ჯვარს ხომ ვერ დაიწერთ თავიდანო!.. საქორწინო მოგზაურობისთვის თვითმფრინავის ბილეთები უკვე შეძენილი გვქონდა.
დაზაფრულები გავფრინდით. მთელი გზა ხმას ვერ ვიღებდით, ვიმედოვნებით, რომ ლევანის დედა დამშვიდდებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა ჩვენი უკან დაბრუნების ჟამს.
– რომ დაბრუნდით, შინ მიადექით, თუ შეუთვალეთ, რომ მისვლას აპირებდით?
– ლევანს შევთავაზე, – დაურეკე, რომ ჩამოვედით-მეთქი. გაგიჟდა, რატომ უნდა შევატყობინო, მე ჩემს სახლში მივდივარო.
– მამა არ ჰყავს შენს ქმარს?
– არა, სამწუხაროდ, პატარა იყო, რომ დაეღუპა, ამიტომაც დედამისი ერთპიროვნულად წყვეტდა ოჯახში ყველაფერს. მოკლედ, მივედით სახლში და ისევ აკივლდა – ხომ გაგაფრთხილე, ამ სახლში ფეხი არ შემოადგა, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ, თვალით არ დამენახოო. სამწუხაროდ, მუქარის ასრულება შეძლო… ჯერ ჩემებთან ვიცხოვრეთ სამი თვე. მერე ცოტა ხანი ქირით გადავედით.
– ამ ხნის განმავლობაში ლევანი დედასთან ურთიერთობდა?
– რამდენჯერაც სცადა, იმდენჯერ დედამთილი ცდილობდა შვილი დაერწმუნებინა, რომ მე ბოროტი ვიყავი, თუ მაგას არ მოსცილდები, დაგღუპავს, თუ მასთან დარჩები, მემკვიდრეობას წაგართმევო. ლევანი ცოფდებოდა დედამისის მუქარაზე.
სამწუხაროდ, ქირით ცხოვრება დიდხანს ვერ შევძელით, მეც უმუშევარი ვარ და ლევანმაც დაკარგა სამსახური – შემცირებაში მოაყოლეს. გამწარებული იყო. მაშინ ვუთხარი, მოდი, დავშორდეთ, მე გირთულებ ცხოვრებას-მეთქი.
გაგიჟდა. ეტყობა, აღარ გიყვარვარ, მოგბეზრდა ასეთი არეული ცხოვრება, ახლა ხომ არაფერი მაბადია, არავინ ვარ, დედასთან ურთიერთობაც კი ვერ მოვაგვარე. ალბათ ფიქრობ, რომ არასრულფასოვანი კაცი ვარო. დიდი უკმაყოფილება მოგვივიდა იმ დღეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მე ჩემს მშობლებთან, ის კი ჯერ მეგობართან, შემდეგ კი დედამისთან წავიდა.
– დაშორდით ერთმანეთს?
– ერთი შეხედვით, ასე გამოვიდა. მხოლოდ ერთი კვირა გავძელით უერთმანეთოდ. ლევანმა შეხვედრა მთხოვა. შევრიგდით, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, სად გვეცხოვრა. ლევანს ჩემებთან ცხოვრება არ უნდა, დედამისი მე არ მიშვებს სახლში.
არადა, ორსულად ვარ და შვილი უნდა გავაჩინო. ლევანი ცდილობს, როგორმე უცხოეთში გავაღწიოთ, რომ სამუშაო გაგვიჩნდეს და ისე ვიცხოვროთ, როგორც სრულფასოვანმა ოჯახმა. დედამისს გაუგია ლევანის განზრახვა და დამუქრებია, თუ წახვალ, თავს მოვიკლავო.
გამწარებულ შვილს მიუხლია, – ჯანდაბამდე გზა გქონია, თავს თუ მოიკლავ, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად მამაჩემისეულ სახლში მშვიდად ცხოვრებას შევძლებო… ახლა თურმე მთელ ქონებას ძმისშვილს უფორმებს.
ბიძაშვილი ლევანს ამშვიდებს, – ვაცალოთ, გადმომიფორმოს, მე შენ გაჩუქებ კანონის ძალით და ასე მოვერევით მამიდაჩემსო. მოკლედ, იდიოტურიც აღარ ჰქვია იმ ყოფას, რომელშიც ერთი ახირებული ქალის გამო აღმოვჩნდით, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი