50 წელს გადაბიჯებული ქალი ვარ, მაგრამ არ მახსოვს, უცნობი ადამიანები მელანძღოს.
დავიფიცებ, რომ ჩემგან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია. შეცდომები როგორ არ მომსვლია ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ მიღიარებია და ბოდიშიც მომიხდია.
ახალი თაობისთვის კი, როგორც ჩანს, ასეთი რამ უცხოა. უმნიშვნელო რამეზეც არ დახუჭავენ თვალებს, უცებ ფეთქდებიან და ისეთ სიტყვებს უშვებენ პირიდან, არც ფიქრობენ, ამით ვინმეს ხომ არ სტკენენ გულს.
შვილმა სწორედ ასეთი რძალი მომიყვანა. არც მეგონა, ასეთი გოგოები თუ არსებობდნენ. საერთოდ არ აქვს უნარი, რამე მოითმინოს, ყურის მიღმა გაატაროს. მაშინვე ყველას პირში ეცემა, მაშინვე დაუფიქრებლად გამოლანძღავს.
ძალიან მშვიდი ოჯახი მქონდა. მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ვმუშაობდით, დილით რომ გავდიოდით სახლიდან, გვიან მოვდიოდით. ოჯახში ძალიან ბევრ საქმეს ჩემი ქალიშვილი და ბიჭი აკეთებდნენ.
იცოდნენ, რომ დედას არ ეცალა და მეხიდებოდნენ. შინ რომ ვბრუნდებოდი, სად მეცალა სამეზობლოში სასიარულოდ, ოჯახში ვფუსფუსებდი, რომ საქმეები მომესწრო.
ახალმოყვანილმა რძალმა მთელი სამეზობლო უცებ აითვისა. სანამ ორსულად იყო, ვეხვეწებოდი, გარეთ ნუ დადიხარ, ან არ გაცივდე, ან რამე ვირუსი არ გადმოგედოს-მეთქი. ვის ესმოდა ჩემის სიტყვები, უბან-უბან დადიოდა.
თავისი თანატოლები ნახა და ვითომ დაუმეგობრდა. მის ცხოვრებაში ზედმეტად არ ვერეოდი და ვერც ჩავერეოდი, რადგან სამსახურში ვიყავი დაკავებული.
არ მომწონდა, ასე ყველასთან რომ იყო გათქვეფილი, მაგრამ ვერც ვერაფერს ვსაყვედურობდი, რადგან ისეთი სიტყვებით მიპასუხებდა ხოლმე, თავს ვარიდებდი, სხვა ოთახში გავდიოდი, რომ კონფლიქტი არ მოგვსვლოდა.
ჩემს ქმარსაც ვერიდებოდი, რძალი ისედაც არ მოსწონდა და არ მინდოდა, უფრო მეტად შესძულებოდა.
რძალს დელიკატურად ვუხსნიდი, რომ ჯობდა, ახლო სამეზობლოში ეტრიალა, მათთან, ვისთანაც მეც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ წანწალი ვერ მოვაშლევინე. ისეთებთან მეგობრობდა, მე მხოლოდ გამარჯობას რომ ვეუბნებოდი. ბავშვი რომ გაჩნდა, ეტლში ჩასვამდა და დაატარებდა.
ამ ყველაფერს შევეგუე, მაგრამ მერე კონფლიქტები დაიწყო სამეზობლოში. ენები მიჰქონდათ და მოჰქონდათ ერთმანეთთან.
რძალს ვაფრთხილებდი, თავი დაანებე, ნურავის აჰყვები-მეთქი, მაგრამ არ შეისმინა. საბოლოოდ კი მთელი სამეზობლო გადამკიდა. ერთმა ასაკოვანმა ქალმა მითხრა, შენმა რძალმა მთელი სამეზობლო ააქოთა, ეს ვინ ყოფილა, დასაბმელიაო.
მართლა ხომ არ დავაბამ?! სიტყვებით დარიგება კი არ ჭრის, ყველას ლანძღავს, არც უფროსი იცის და არც უმცროსი.
უკვე იმ ზომამდე ვარ მისული, რომ შვილს ლამის ვუთხრა, თავისი ცოლშვილიანად გაგვეცალოს და სხვაგან გადავიდეს. სხვანაირად არ ვიცი, რძალს რა უნდა მოვუხერხო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია