“გამარჯობა. ახალი წელი თითქმის ყოველთვის სასიამოვნო ამბებთან ასოცირდება. თუმცა, ერთადერთი გამონაკლისი მე არ ვიქნები, ვისაც ამ დღის გახსენებაც არ უნდა. მოკლედ გიამბობთ ჩემს თავგადასავალს.
12 წლის წინ გავთხოვდი. საკმაოდ შეძლებულ ოჯახში მოვხვდი. მამამთილმა ქორწილამდე გვიყიდა ბინა მე და ჩემს მეუღლეს, მოგვიწყო, გაგვირემონტა და ქორწილის დღეს გასაღები საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა.
მე და ჩემი მომავალი მეუღლე დედამისმა გაგვაცნო ერთმანეთს, მაგრამ დღემდე მიმაჩნია, რომ სიყვარულით გავთხოვდი,
რადგან წელიწად-ნახევარი შეყვარებულები ვიყავით და ამას უკვე გარიგება აღარ ერქვა. მოკლედ, ქორწილი სექტემბერში გვქონდა, მალევე დავფეხმძიმდი და საახალწლოდ უკვე თითქმის 4 თვის ორსული ვიყავი.
გადავწყვიტეთ, რომ 12 საათს შინ შევხვდებოდით და შემდეგ მშობლებს ვესტუმრებოდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეგობრები გვეწვივნენ და შინ დარჩენა მოგვიწია.
დაახლოებით ღამის 3 საათი იქნებოდა, როცა კარზე კიდევ ვიღაცამ დააკაკუნა. სტუმარი მოვიდაო,
– თქვა ჩემმა მეუღლემ და კარის გასაღებად გავიდა. კარგა ხანს შეაგვიანდა, თან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ნეტავ, რა მოუვიდა-მეთქი? – ვიფიქრე და გავაკითხე. კარი მიხურული იყო და გამოვაღე. ლევანი ახალგაზრდა, ფეხმძიმე გოგოს ხმადაბლა ელაპარაკებოდა.
გოგოს საკმაოდ მოზრდილი მუცელი ჰქონდა და ცოტა ნასვამიც იყო. როგორც მივხვდი, ლევანი ცდილობდა, სტუმარი დაერწმუნებინა, რომ წასულიყო, ის კი ჯიუტობდა.
მივესალმე. ორივეს ნირი წაუხდა ჩემს დანახვაზე. სტუმარი შინ შემოვიპატიჟე. გულმა ძალუმად დამიწყო ცემა, მაგრამ თავს მოვერიე და არაფერი შევიმჩნიე.
– თეონა უკვე მიდისო, – ლევანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. – არსადაც არ მიდის, ახალი წლის ღამით სტუმრის გაბრუნება ვის გაუგია?! – გავჯიუტდი მეც და გოგონა ლამის ძალით შემოვიყვანე შინ. შემოვიდა, მაგრამ დერეფანში აიტუზა.
არც ლევანი გვშორდებოდა. – “რა ხდება? ამიხსნის ვინმე?” – ვიკითხე დოინჯშემოყრილმა. – მოვედი, რომ ყველაფერი აგიხსნათ, – გათამამდა სტუმარი,
– ლევანი ჩემი შვილის მამაა, 7 თვის ფეხმძიმე ვარ, მიმაჩნია, რომ თქვენ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთო – მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი ჩემთვის.
წავბარბაცდი, მაგრამ ლევანმა ხელი შემაშველა. ცოტა გონს რომ მოვეგე, ოთახში უხმოდ შევბრუნდი, ჩემი ტანისამოსი ჩავალაგე და შინიდან წავედი.
ის ღამე მეგობართან გავათენე, მეორე დღეს კი ჯერ დედამთილ-მამამთილის ოჯახი ჩავაყენე საქმის კურსში, მერე – ჩემი. თან ორივე მხარე კატეგორიულად გავაფრთხილე, შერიგებაზე არავინ დამელაპარაკოთ, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი.
ცოტა ხანს მშობლებთან ვცხოვრობდი. გოგონა შემეძინა. მამამთილმა 2-ოთახიანი ბინა მიყიდა და ბავშვიანად იქ გადავედი საცხოვრებლად. ლევანს არაფრით შევურიგდი, თუმცა ბავშვთან ურთიერთობის უფლებას ვაძლევდი და ახლაც ვაძლევ.
თეონასაც გოგონა შეეძინა. როდესაც ბავშვები 3 წლისანი იყვნენ, მე და თეონამ შემთხვევით ერთ ბაღში მივიყვანეთ. დები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ჩვენც მაშინ შევხვდით ერთმანეთს. თურმე, სანამ მე მომიყვანდა ცოლად, ლევანს თეონასთან ჰქონია კონტაქტი.
– უცოლო კაცი იყო, სიყვარულს მეფიცებოდა, რას წარმოვიდგენდი, რომ ასე უცებ დაქორწინდებოდა, თანაც – სხვაზე? როცა დავფეხმძიმდი, არც კი უთხოვია, ბავშვი მომეშორებინაო, – მიამბო ჩემთან სტუმრად მყოფმა თეონამ. იმ ახალი წლის ღამეს მასაც მიუტოვებია ლევანი.
ჩვენ დავმეგობრდით და საუკეთსო დაქალები ვართ დღემდე. ზოგიერთს იქნებ გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ თეონა სულაც არ იყო დამნაშავე.
ახლა ჩვენი შვილები 11 წლისანი არიან, იციან, რომ დები არიან და ისინიც მეგობრობენ. ასე რომ, მატყუარა და ფლიდმა ლევანმა იკითხოს, ისევ უცოლოდ რომ დადის.
თეონა გათხოვდა და ახლო მომავალში მეც ვაპირებ მეორე ოჯახის შექმნას. აი, ამის მოყოლა მინდოდა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. ბელა”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი “გზა”