ახალგაზრდობა თვალდახელშუა გაფრინდა. ბევრ რამეს ვნანობ, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. ასეა! როცა ადამიანი ისეთ დიდ სიყვარულს ვერ დააფასებს, ღირსია იმისა, რაც ახლა ჩემს თავს ტრიალებს.
უცხოეთიდან გეხმიანებით. კარგა ხანია, რაც საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ძალიან კარგად მექცევიან, გასამრჯელოსაც კარგად მიხდიან.
ჩემს ქმარ-შვილს საკმაოდ დიდ თანხას ვუგზავნი ყოველთვიურად… ზოგჯერ ღმერთს ვევედრები, რომ ჩემმა შვილებმა გულწრფელად მომიკითხონ, ჩემი აქაური ცხოვრებით ერთხელ მაინც დაინტერესდნენ, მაგრამ…
დარეკავს ერთი ან მეორე და მკითხავს, – დე, ფული მჭირდება და როდის გამომიგზავნიო…
22 წლის წინ ჩემს რაიონში სკოლა წარმატებით დავამთავრე და თბილისში წამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ძალიან კომპლექსიანი ვიყავი.
ბიჭებთან ურთიერთობა არ შემეძლო. ქათინაურს რომ მეტყოდნენ, რატომღაც ვბრაზობდი. სოფელშიც ბევრს მოვწონდი და თბილისშიც, მაგრამ ახლოს არავის ვიკარებდი.F ფაკულტეტზე ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭს შევუყვარდი.
სულ უკან დამდევდა, ვინ არ მომიგზავნა – ცოლად გამომყევიო. მაღიზიანებდა მისი ყურადღება, დევნა…
სულ ვლანძღავდი და ვეჩხუბებოდი, ალბათ სოფლიდან გამოყოლილი კომპლექსის გამო. იმ ბიჭს, თემოს, ისე ვუყვარდი, რომ ერთხელ ჩემმა ლექტორმაც კი მისაყვედურა: – რას ერჩი, უყვარხარ და რატომ ეჩხუბებიო.
სტუდენტობის პერიოდში პლეხანოვზე ვცხოვრობდი ქირით. ყოველ დილით თემოს ლექსები მხვდებოდა სარეცხის თოკზე სამაგრით ჩამოკიდებული.
გაგიკვირდებათ და, არც კი ვკითხულობდი, ისე ვხევდი. ვერანაირად რომ ვერ მოვიშორე, სამი ისეთი დავალება მივეცი, ნებისმიერი ვაჟკაცი შეურაცხყოფილი დარჩებოდა…
გაოგნდა. მერე თვალებში ჩამხედა და დარწმუნებით მითხრა, – ამ სურვილებს შეგისრულებ, მაგრამ იცოდე, შენთან აღარ მოვალო და… წავიდა.
ამის შემდგომ მართლა აღარ გამოჩენილა. მე კი, ქუჩაში ხშირად უკან ვიყურებოდი.
სულ მეგონა, რომ მომყვებოდა. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ უკვე მენატრებოდა და მინდოდა, გამოჩენილიყო. მერე, სრულიად შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც ცოლობა მთხოვა.
დიდხანს არც მიფიქრია, ისე გავყევი. ერთ კვირაში მივხვდი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე, მაგრამ ხომ იცით, საქართველოში გათხოვილი ქალის მშობლებთან მობრუნებას როგორ აფასებენ?! დავრჩი მასთან.
ერთი დღეც არ მახსოვს ბედნიერი… სულ ორომტრიალი გვქონდა. როცა მუშაობდა, მაშინაც ენანებოდა, ჩვენთვის ფული დაეხარჯა, სულ დაგვძახოდა, – მე გარჩენთო. ცოლ-შვილი მას უნდა ერჩინა, აბა, ვის?
არადა, მე სულ ვმუშაობდი. როცა ის უმუშევარი დარჩა, მეორე სამსახურიც ვიშოვე, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. მას აღარც შეუწუხებია თავი სამუშაოს მოსაძებნად.
ამდენ უსიამოვნებაში შვილები საკუთარ თავში ჩაიკეტნენ, გაცივდნენ, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ არც მამა ადარდებდათ და აღარც დედა. ნერვიულობასა და დარდში გადიოდა წლები.
ქუჩაში თავჩაღუნული დავდიოდი. ერთხელ ვიღაცას დავეჯახე, ბოდიში მოვუხადე, გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ იმ “ვიღაცამ” ისევ გადამიკეტა გზა. ავხედე. გაღიმებული თემო დავინახე…
ნახევარი საათი ვიდექით ქუჩაში და სტუდენტობას ვიხსენებდით. მერე ვკითხე, – მაშინ არც ვკითხულობდი და ახლა მაინც მითხარი, რას მწერდი ამდენს, რომ ყოველ დილით მხვდებოდა თოკზე ჩამოკიდებული წერილები-მეთქი.
რასაც გწერდი, ის ყველაფერი რვეულში გადავიტანე და დღემდე შენახული მაქვს, ჩემი ცოლი ახლაც ეჭვიანობს შენზეო.
ბოლოს, თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით. რამდენიმე დღის შემდეგ სტუდენტობის დროინდელი მეგობარი მესტუმრა და ღიმილით გამომიწოდა რვეული, – თემომ გამომატანაო.
მთელი ღამე გავათენე კითხვაში. ისეთი გრძნობით იყო თითოეული ლექსი დაწერილი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. საკუთარ თავს ვკიცხავდი, როგორ ვკარი ხელი-მეთქი.
რაც დავიმსახურე, ის მივიღე, – ვიმეორებდი ერთსა და იმავეს. გავიდა კიდევ ერთი წელი და მივხვდი, ჩემი ქმრის გვერდით ვეღარ ვიცხოვრებდი, თან შვილებს ფული სჭირდებოდათ, მალე სკოლას დაამთავრებდნენ. საბერძნეთს მივაშურე.
7 წლის განმავლობაში თავი მეწველი ძროხა მგონია. როდემდე უნდა ვიყო აქ? ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვიცი, ამ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვდებიან ჩემი ოჯახის წევრები.
ის ძველი ამბავი კი იმიტომ გიამბეთ, რომ ძალიან ვნანობ, – თემოსთვის ზურგი არ უნდა შემექცია.
დიდი სისულელე ჩავიდინე და ამიტომაც დავისაჯე – ბედმა ავყია კაცს დამაკავშირა. გირჩევთ ყველას, ნუ დაკარგავთ სიყვარულს, გაუფრთხილდით მას მანამ, სანამ ის თქვენთანაა…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
თინათინი, სალონიკი
ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი; კვირის პალიტრა