“ჩვენს ოჯახში გამუდმებით წივილ-კივილი ისმის…”
ოჯახურ ძალადობაზე ბევრი რამ მსმენია და ჩვენს ჟურნალშიც ბევრი ამბავი დაბეჭდილა. ამჯერად, 15 წლის გოგონამ მომწერა წერილი, რომლის წაკითხვის შემდეგ მადლობა გადავუხადე უფალს იმისთვის, რომ არ მყავს ისეთი უგულო მშობლები, როგორიც ამ პატარას დედ-მამა არიან:
“ახლა კი იმაშიც გამოგიტყდებით, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად მაწუხებს: რაც თავი მახსოვს, დედა გამუდმებით მცემს. ზოგჯერ ისე, რომ სკოლაში წასვლასაც ვეღარ ვახერხებ. მამა ამ ამბავს იშვიათად აპროტესტებს, ზოგჯერ კი, თუ ნასვამია, ისიც ცდილობს ჩვენზე ძალადობას;
ყოველ შემთხვევაში, დედას მაინც გაუსწორდება ხოლმე… მშობლები მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, მათგან რაც შეიძლება შორს გავიქცე. არ მინდა, ასეთი შეშლილი მშობლები მყავდეს”…
– მთელ ქვეყანაზე ვარ ნაწყენი. არ მესმის, დედაჩემს გათხოვების უფლება ვინ მისცა ან მამამ მისი შერთვა რატომ გადაწყვიტა? დედა ნამდვილი შეშლილია!
ის პატარაობიდანვე მცემდა, თანაც – ხშირად, ჯოხით. მამა ამ ყველაფერს ზოგჯერ აპროტესტებდა და ცოლის საცემრად იწევდა, ზოგჯერ კი მშვიდად ადევნებდა თვალს ჩემი ცემის “კადრებს”…
– კი, მაგრამ რის გამო გცემდა ხოლმე? ასეთს რას აშავებდი?
– რა ვიცი, მეზობელთან საჭმელი რომ მეჭამა, შეიძლება, ამის გამოც კი მომდავებოდა და გავე-როზგე. ამბობდა: სხვის სახლში კერძის ჭამა სირცხვილია. ასე იტყვიან, შინ არაფერი აქვთო. ერთხელ მეზობელთან ვთამაშობდი.
დედამისმა პური დააცხო და ცხელი შოთით მეც გამიმასპინძლდა. ვიცოდი, ამ პურის გამო მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და შევჭამე.
მეზობელს კი ვუთხარი: დედაშენს რა გემრიელი პურის ცხობა სცოდნია-მეთქი. შევეცოდე და მითხრა: პურს შენს ძამიკოსთან გაგატანო. შინ ქაღალდში შეხვეული პური რომ მივიტანე, ცემისგან ძვალ-რბილი გამიერთიანეს, – თავი მოგვჭერიო…
– მხოლოდ ძმა გყავს?
– კი. ის ჩემზე მთელი 3 წლით პატარაა. ზოგჯერ დედა მასაც სცემს, მაგრამ მე უფრო მეტად მემტერება. ალბათ იმიტომ, რომ გოგო ვარ, ქალს კი ჩვენს ოჯახში დაფასება არ აქვს… თურმე, ბაბუა ბებოს გამუდმებით უბარტყუნებდა და ერთხელ, ლამის ცემაში შემოაკვდა კიდეც.
საქმეში მეზობლები რომ არ ჩარეულიყვნენ, შესაძლოა, დღეს ცოცხალი არ ყოფილიყოო, – ასე ამბობენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩვენს სახლში გამუდმებული წივილ-კივილი მეზობლებს “იავნანად” ჩაესმით, ამ ყველაფერზე რეაქცია აღარ აქვთ.
– უკვე დიდი გოგო ხარ. როცა დედა გცემს, ამას არ აპროტესტებ?
– ვერ ვაპროტესტებ! ერთხელ ხელი შევუბრუნე და რამდენიმე საათით საქათმეში გამომამწყვდია. ბებოს რომ არ გაეღო კარი, ალბათ, ახლაც იქ ვიჯდებოდი…
ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი გათხოვება მგონია, მაგრამ ბებო მაფრთხილებს: იცოდე, ცუდი ქმრის ყოლას ისევ დედაშენის ცემის ატანა გერჩივნოსო. მე ბებოსი მჯერა. ის ერთადერთი ჭკვიანი და კეთილი ქალია ამ საგიჟეთში.
– დედა შეშლილად მოიხსენიე…
– აბა, სხვა რა უნდა ვთქვა მასზე? ზოგჯერ ისეთი თვალებით იყურება, მაშინებს. უმიზეზოდ იწყებს ყვირილს. ცხოველებს, ფრინველებს ისე ელაპარაკება, გეგონება, ადამიანები არიან და ჭკუას არიგებსო. მასთან ურთიერთობას ყველა გაურბის…
– ისიც მითხარი, რომ დედაშენისთვის გათხოვების უფლება არ უნდა მიეცათ…
– (მაწყვეტინებს) მამა ამბობს, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ შეუყვარდა და იმ იმედით შეირთო, რომ ჭკუაზე მოიყვანდა, ახლა კი ამბობს, – დედაშენმა იმდენი ქნა, მეც გამაგიჟაო, – და მართალიც არის:
უკვე მამაც მოძალადედ იქცა… ისე, ეტყობა, სიგიჟე გენეტიკის ბრალია – დედა მოძალადე მამამისს დაემსგავსა! ხომ გითხარით, რომ ბაბუა ბებოს ხშირად სცემდა-მეთქი…
– მეგონა, მამაშენის მამაზე ლაპარაკობდი.
– არა, მამა ჩასიძებულია. ზოგჯერ ვფიქრობ, დედა ცოლად იმიტომ მოიყვანა, რომ უსახლკარო იყო-მეთქი. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა და ალბათ, დედას ქონებას დახარბდა, თორემ რომელი ჭკუათამყოფელი მოიყვანდა გიჟს ცოლად, თანაც – მისი მოჭკვიანების იმედით?
– შეყვარებული რომ დაკარგე, ამას მშობლებს აბრალებ?
– ჩემს შეყვარებულს დედა დახვდა გზაზე, როცა სკოლიდან მოვდიოდით და ქვები დაუშინა: ჩემი გოგოს “გაფუჭება” გინდაო…
– ამ სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავ?
– ხომ გითხარით, ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც გამიგებს, შემიყვარებს და ცოლად მომიყვანს… მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. კიდევ 2 წელი მაინც უნდა გავუძლო დედას, მამას და ოჯახში არსებულ სიტუაციას.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზოგჯერ თავს ვერც მე ვაკონტროლებ და კლასელებს ცემით ვემუქრები. ერთხელ ბიჭი შემომელახა კიდეც…
კიდევ, ჩემი ძმაც ნევროზიანია. ისე ყვირის და ჭიჭყინებს ხოლმე, რომ ნერვები მეშლება. ისიც ცდილობს, როცა რაღაც არ მოეწონება, ხელი გამარტყას. კლასშიც ყველა აუტანელს ეძახის. ვაი, საბრალო მისი მომავალი ცოლი…
– “გზის” მკითხველებისგან რას ელი?
– რჩევას. მაინტერესებს, ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდნენ? დედა მაინც ეყვარებოდათ?.. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ქალი სიყვარულს არ იმსახურებს, მაგრამ რა ვქნა, რომ მაინც მიყვარს? ამას იცი, როდის მივხვდი? – ბებოს ბიძაშვილის შვილმა გადაწყვიტა, ჩემთვის ეშველა და თავისთან წამიყვანა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგად მექცეოდნენ, არაფერი მაკლდა, მაინც შინ დაბრუნება მომინდა. მივხვდი, რომ უღირსი, მაგრამ მაინც დედა, მამა, ძმა, ბაბუა, განსაკუთრებით კი ჩემი ტკბილი ბებო მენატრებოდა.
ჰოდა, დავბრუნდი კიდეც. მაგრამ 2 დღის შემდეგ, რაღაც სისულელის გამო, დედამ ისე გამამწარა, რომ უკან გაბრუნების სურვილი გამიჩნდა. თუმცა, იმ ლამაზ სახლში მისასველელი გზაც მოვიჭერი – მე ხომ კეთილ ხალხს არ დავუჯერე და გამოვიპარე…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლიკა ქაჯაია, ჟურნალი: თბილისელები