ვაღიარებ, დედა, ეს ალბათ ყველაზე უსამართლო და იმავდროულად სამართლიანი წერილია დედამიწაზე, ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები. არ იფიქრო ღვთის გულისათვის, რომ ბრალს გდებდე, არც ერთ შვილს არ აქვს ამის უფლება, თუნდაც ცივსისხლიანი მშობლები ჰყავდეს.
მე უბრალოდ ჩემი სიმართლე მაქვს. შენგან მხოლოდ შენი ხელების სითბო მჭირდებოდა ჩემი სიცივის გასათბობად. შემიძლია დეტალურად აღვწერო ჩემი ცხოვრება უშენოდ, ყველა წვრილმანი გავიხსენო და თავიდან მოვიწამლო განწყობა და ხასიათი, მაგრამ რაში გვარგია წარსულის გახსენება, მაშინ როცა ამ წარსულს ღმერთიც კი ვერ შეგვიცვლის.
ღმერთს რომ ვახსენებ ახლა, ესეც სევდას მგვრის, ღმერთს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ადამიანებს ტკივილი, მაგრამ ტკივილი მაინც არსებობს და სიხარულზე ბევრად მეტია ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე.
10 წლის წინ ბოლოჯერ დამვარცხნე თმები, ბოლოჯერ შემისწორე კაბა და ჩემ დამტვრეულ თოჯინას ბოლოჯერ გაუკეთე ხელები. ეს მომენტი მახსენდება რატომღაც ყველაზე უფრო. თვალებში ცრემლი გქონდა აეროპორტში, მე ჩემი თოჯინა მყავდა გულზე მიკრული, ასე მითხარი, ეს შენი შვილი იყოს და ორივე დედები ვიქნებითო, ახლაც ჩამესმის ყურში ეს სიტყვები.
მე უფრო კარგი დედა აღმოვჩნდი, დე, მე სულ თან დამყავდა ის თოჯინა ყველგან, სულ თან ვატარებდი – ბაღში, სკოლაში… სასეირნოდ, ღამითაც არ ვიცილებდი გვერდიდან, ვბანდი, კაბებს ვუუთოევებდი და სულ ჩემ გულთან ახლოს მყავდა. ახლა ამ ყველაფერს იმით ვხსნი, რომ მე ვაძლევდი ჩემს თოჯინას იმას, რაც თვითონ მაკლდა.
ვხედავდი ბებოს, როგორ მიმზადებდა საჭმელს, როგორ მირეცხავდა, მიხსნიდა გაკვეთილებს, მაგრამ არასოდეს ბებოს არ ჰქონდა ისეთი სუნი, როგორც შენ, დედა. არასოდეს ისე არ იღიმებოდა, როცა ძილის წინ მკოცნიდა, როგორც შენ გამიღიმებდი…
არც ბებოს იავნანა ჰგავდა იავნანას. ბებოს ბებოს როლი უფრო უხდებოდა, მას არ შეეძლო, დედაც ყოფილიყო და ბებოც.ვხედავდი მამიდას,რომელიც ცდილობდა მეც და მის შვილებსაც ერთნაირად მოქცეოდა.
მაგრამ როცა თავის შვილებს კოცნიდა და უცინოდა, მამიდა სულ სხვანაირი იყო, მე ვგრძნობდი, რომ ვებრალებოდი და ასეთ მოფერებას სულაც არ ჰქონდა სითბო. ყველა ქალში დედის დანახვას ვცდილობდი, მაგრამ არც ერთი ქალი არ მოერგო ჩემ ფანტაზიას, რამდენი რამ გამოვტოვეთ, რამდენი ბედნიერი წუთი არ გვქონია, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი…
როცა დავშორდით და შენ ამერიკაში წახვედი, მე მაშინ საერთოდ არ მესმოდა, რა იყო სიღარიბე, რა იყო შიმშილი და საერთოდ რას ნიშნავდა ფული, სამაგიეროდ ვიცოდი დედის სითბო, მათბობდა შენი ხელები და მიხაროდა შენი სიცილი.
ამაზე მეტს ვერც გაიგებდა ბავშვი, ბავშვს შეუძლია გაიგოს და რამდენიმე წუთში დაშოშმინდეს, რომ მშობელს არ აქვს ფული ახალი სათამაშოსთვის, გადაავიწყდეს და ისევ ძველ დამტვრეულ თოჯინებთან გაერთოს, მაგრამ მას არ შეუძლია დაივიწყოს, რა კარგია დედა. თავს დავდებ, ყველა ადამიანს, ვისაც დედა უკვე აღარ ჰყავს, ყოველდღე ახსენდება ის მომენტი, როცა დედა მასთან იყო და ეხებოდა, ლოცავდა ან მასზე ზრუნავდა, მერე ეს სევდა ყელში ბურთივით გვეჩხირება და ტირილს გვაიძულებს…
ტირილი… რა აზრი ჰქონდა ტირილს… მივეჩვიე კიდეც უშენობას, მაგრამ უდედობას – ვერა. ნელ-ნელა შენ გახდი ქალი, რომელიც კეთილ ფერიას უფრო ჰგავდა, ვიდრე დედას. შენ თითქოს ჯადოსნური ჯოხი გქონდა და ჩემს ნატვრებს და სურვილებს ასრულებდი, არ მაკლდა არაფერი, რაც შეიძლებოდა მენატრა, მეგობრებსაც კი ვჩუქნიდი.
იმდენი ტანსაცმელი და გამოუყენებელი ნივთი მქონდა, არაფერზე მიოცნებია მთელი ბავშვობა, გარდა იმისა, რომ შენ მყოლოდი, მაგრამ არსებობს ისეთი ოცნებები, ფერიებიც რომ ვერ ასრულებენ, ეს ოცნება შენ იყავი, დედა.
ბევრი თანატოლი შემომნატროდა, ბევრსაც უთქვამს, მეც მინდა შენნაირი დედა მყავდესო, მე კი მათნაირი დედა მინდოდა, ზოგჯერ თმადაუვარცხნელი, ფრჩხილებშეუღებავი, ფქვილმიცხებული კაბით რომ ხვდებოდნენ სკოლის კარებთან შვილებს, ხელებს გაშლიდნენ და გულში იკრავდნენ მათ პატარებს, მიფერების მერე უკან დაიხევდნენ, დახედავდნენ შვილის დასვრილ ტანსაცმელს, დასვრილ ჩანთას და გაწეწილ კიკინებს, წარბის შეკვრით ვითომ ტუქსავდნენ და იყვნენ ასე ბედნიერები.
ბოლოს ხელს ჩაჭიდებდნენ ერთმანეთს და კითხვა-პასუხის რეჟიმში სახლისკენ მიდიოდნენ… ბებოც მხვდებოდა კარებთან, მშვიდად თავზე ხელს გადამისვამდა, ჩანთას გამომართმევდა და ეს იყო. მე არ შემეძლო ბებოს ყელზე შემოვხვეოდი, მისთვის მეკოცნა და ხელში ავეყვანე, ეს არასდროს გამიკეთებია, რადგან ბავშვებმა ყველაფერი იციან…
ბებო ხომ ავად იყო და ხერხემალზე პრობლემები ჰქონდა, ჩანთის წამოღებაც კი უჭირდა და ხან ერთ ხელში იკავებდა, ხან მეორეში. სხვები თუ ხტუნვით გარბოდნენ სახლში, მე და ბებო მშვიდად და ნელა მივდიოდით…
მალევე ავუკრძალე მოეკითხა სკოლაში, მე თვითონ მივდიოდი, არ მინდოდა შემეწუხებინა, ისედაც დედობას მიწევდა, დღითი დღე უჭირდა მერვე სართულზე ასვლა და ჩამოსვლა.
როცა ახერხებდა, მამაც მომაკითხავდა ხოლმე, მაგრამ მამები სულ სხვანაირები არიან, აბა მამისთვის რგორ მეთქვა, რომ ვიღაც ბიჭმა თმებზე მომქაჩა, წიგნი წამართვა, ან ქუდი დამიმალა და არ მიბრუნებდა, რომ გოგოები ერთად დავდიოდით საპირფარეშოში და იქ ვიღაც ბიჭმა შეგვაშინა და კარი ჩაგვიკეტა გარედან…
მამისთვის შეიძლებპდა მეთქვა, რა ნიშანი მივიღე და ხვალ რომ თეატრში ვაპირებდით წასვლას… ეს იყო და ეს… დღითი დღე ვიზრდებოდი და ვაანალიზებდი, როგორი ცარიელი ვიყავი იმ ტაანსაცმლის და ძვირფასი ნივთების მიღმა, რომელსაც შენ მიგზავნიდი. ბოლოს სულ ერთი წყვილი ტანსაცმელი ამოვიჩემე და იმით დავდიოდი…
ეს ჩემი პროტესტი იყო ჩემი რეალობის წინააღმდეგ… 14 წლის რომ გავხდი, ჩემმა მეგობარმა მოპასანის “წუთისოფელი ” მათხოვა და მითხრა, ისე წაიკითხე, სახლში არ დაგინახონო. მე დედას ვუმალავდი, რომ ვკითხულობდიო. ისე მომინდა მაშინ, გვერდით მყოლოდი და თუ გინდა გარეთ გასვლაც აგეკრძალა ჩემთვის…
ოღონდ მყოლოდი… მწარედ გამეღიმა და ვუთხარი, დედა მე არ მყავს სახლში და ვინ ამიკრძალავს-თქო… ცოტა არ იყოს, მამისაც მომერიდა და გავარიდე წიგნი, მასთანაც არ წამიკითხავს, თუმცა ის სევდა ახლაც არ მცილდება… რამდენ რამეში გჭირდება დედა…
მით უმეტეს 14 წლის გოგოს, დედა, რომელიც მხოლოდ ეკრანზე ჩნდება ხოლმე, ვირტუალური სამყაროდან გიღიმის… გარიგებს და ქრება… ასეთსაც მიგეჩვიე… ღამე უმიზეზოდაც მიტირია, ბალიში სულ სველი მქონია ხოლმე და ბებოსთვის არაფერი მითქვამს, რადგან ბებო უკვე ვერ მიშველიდა, მე დედა მჭირდებოდა, მინდოდა მას აეხსნა ჩემთვის, რა ხდებოდა ჩემ თავს, მინდოდა შენთან ერთად მევლო მაღაზიაში, ქუჩაში… ვიოლინოზე…
სადმე მაინც წამომყოლოდი, გაგეგო ჩემი მასწავლებლისგან ჩემ შესახებ, გენახა ჩემი დაბადების დღის კაბა, როგორი სასაცილო ვიყავი, პირველად რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, ვერაფერი დაგანახე, ვერანაირი ემოცია ვერ მოვიტანე შენამდე…
ვიდექი ცივი ეკრანის წინ და ბევრჯერ შუა ლაპარაკში გამითიშია კომპიუტერი, რომ ჩემი ცრემლები არ დაგენახა… მამა მეუბნებოდა, დედას ჰგავხარო… ისე მიხაროდა ეს მსგავსება, სულ შენს სურათებს ვადარებდი თავს სარკის წინ… შენსავით გაღიმებას ვცდილობდი… შენსავით ვივარცხნიდი თმას… მართლაც გგავარ, ძალიან გგავარ…
მალე გავიდა დრო, მაგრამ ძალიან ბევრი ტკივილი დაგვიტოვა ორივეს, ეს იყო ჩვენი დაკარგული დედა-შვილობა… ყველაფერი უკან დარჩა, ვერასოდეს დავაბრუნებთ იმას, რაც უნდა გვქონოდა ბუნების კანონით.
საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ოცნებები ხდება, ოცნებებს ჩვენ სულ სხვაგან ვეძებთ… ყველა ახალგაზრდას ოცნება საზღვრებს იქითაა…
ეს არის ჩვენი დაცილების მთავარი მიზეზი, დედა, შენ შენი კარიერა ამჯობინე ყველაფერს, არც მამა შეიბრალე, ალბათ არ გიყვარდა ისე, რომ მთელი ცხოვრება მისთვის მიგეძღვნა, შენ ახლა ძლიერი და მნიშვნელოვანი ქალი ხარ, მაგრამ ჩემთვისაც ზუსტად ისეთი პიროვნება ხარ, როგორიც სხვებისთვის, შენ დედა არ ხარ, დედა სხვა ვინმეა, შენ ხარ ლამაზი, ძლიერი და მდიდარი ქალი, მაგრამ არა დედა. დედა ისაა, ვინც სიცხიან შვილს თავთან ჩამოუჯდება, ჩაეხუტება და ლოცვას წაუკითხავს.
ამ წერილს ჩუმად ვწერ და გიტოვებ… როცა წაიკითხავ, აქ არ ვიქნები, ამიტომ ვერც შეგხედავ, რა ემოცია გექნება. იქნებ შენში დედის ინსტიქტმა გაიღვიძოს, იქნებ მოგინდეს უკან დაბრუნება, მაგრამ მე და შენ მაინც ვერასოდეს გავხდებით დედა-შვილი, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიქნებით. ახლა მე მიყვარს, ძალიან მიყვარს…
არ ვიცი, ვიქნებით თუ არა მთელი ცხოვრება ერთად, ცხოვრებაში პირველად მოგიყევი, როგორი ბედნიერი ვარ, როგორ მიყვარს და ვუყვარვარ, მაგრამ რა… ჯობდა საერთოდ არაფერი მეთქვა. არაფერი მიპასუხია, როცა მისაყვედურე მასზე, ღარიბები ყოფილან, ხუთი ძმა და ისიც სოფელში ცხოვრობენო…
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიღარიბეს, ფუფუნებამ რა მომიტანა? მსხვერპლად დედა შევწირე. არც სოფელია ქალაქზე ნაკლები, და მით უმეტეს ხუთი ძმა, ეს საქართველოს სიძლიერეა, შენსავით ერთ შვილს ხომ არ აჩენს ყველა და იმასაც დედას უტოვებს გასაზრდელად… ახლა არანაირი უფლება არ გაქვს მისაყვედურო…
მე უკვე დიდი ვარ და ვხვდები, როგორ ვიცხოვრო… შეიძლება 15 წელი ბევრი არ არის, მაგრამ მე იმაზე მეტი ვიცხოვრე, ვიდრე ასაკით მეკუთვნოდა, იმაზე მეტი ვიდარდე და ვიფიქრე, ვიდრე მჭირდებოდა, ჰოდა სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას ჩემს ქვეყანაში.
გტოვებ და ვბრუნდები საქართველოში, დიდი მადლობა იმ ერთი თვისთვის, რაც დამითმე, მაგრამ ეს ისეთი ფორმალური იყო, არაფერი დედაშვილური არ გააჩნდა. ვბრუნდები ბებოსთან და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ვიქნები, ის იყო დედაც და ბებიაც…
მამას სხვა ქალი უყვარს, ვერც გავამტყუნებ. თუ გინდა შენ დაადანაშაულე, მაგრამ მე არ ვაპირებ, რამე ვუთხრა. გიტოვებ ჩემს თოჯინას, ის არაფერს მოითხოვს შენგან… დააკვირდი მის გახელილ, ცივ თვალებს… აი ვინ არის შენი ნამდვილი შვილი… მხოლოდ მისთვის შეგიძლია დედობის გაწევა…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია