“ჩემი რძლის ცხოვრებაში თუ ვინმე გამოჩნდება და შვილისგან განსხვავებით, გააბედნიერებს, ყოველთვის მხარს დავუჭერ” – დედამთილის წერილი
„სკოლის დამთავრების დღეს ჩემმა შვილმა ტელეფონით მახარა, რომ ცოლი მოიყვანა. ვერ აგიღწერთ ჩემს ემოციას, გავქვავდი, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, არ ვიყავი მზად დედამთილობისათვის, გულწრფელად, რომ გითხრათ, ნამდვილად არ გამხარებია.
ადრე დავქრვივდი, ერთადერთ შვილს მარტო ვზრდიდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ესწავლა და გზაზე დამეყენებინა. მისი შეყვარებულობის ამბავი ვიცოდი, არ იყო უცხო, მაგრამ ასე მალე თუ მისცემდნენ სერიოზულ სახეს, არც მიფიქრია. ძალიან განვიცადე, მაგრამ მომხდარს ვეღარ შევცვლიდი, ან რა უფლებით უნდა შემეშალა ხელი სხვისი ბედნიერებისათვის…
მომიყვანა სიფრიფანა, პატარა გოგო, დავიწყეთ თანაცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ პატარები იყვნენ, არც ერთი წუთით მე მათ პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულვარ, ყველაფერს წყვეტდნენ და აგვარებდნენ თვითონ.
ჩემს რძას მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს და როგორც შეგვეძლო, ორივე მხარე ფინანსურად ვეხმარებოდით ახალგაზრდებს. სწავლაც გააგრძელეს, შვილიშვილი რომ დაიბადა, სამსახურიდან წამოვედი, არ მინდოდა, ჩემს რძალს სწავლაში ხელი შეშლოდა. ახალგაზრდობაში დამხმარე არავინ მყავდა. ვიცი, რა მწარე გამოცდილებაცაა სახლში ჩაჯდომა ბავშვით, არ მინდოდა მასაც იგივე გამოევლო.
ჩემი შვილიშვილის დაბადებამ დიდი სიხარული შემოიტანა ოჯახში, თუ რამე სადარდებელი მქონდა, ყველაფერი გადამავიწყა. მთლიანად მასზე გადავერთე, მასთან ერთად თითქოს მეც თვიდან დავიბადე, შვილიშვილზე დიდი ბედნიერება არაფერია ამ ქვეყნად.
შესაძლოა ამ დიდმა სიხარულმა, იმდენად დამაბრმავა, რომ ჩემს შვილსა და რძალს შორის დაძაბულ ურთიერთობას ვერ ვამჩნევდი, ან თვითონ არ მაგრძნობინებდნენ არაფერს, ყოველ შემთხვევაში, მე მათი არც ჩხუბი, არც კამათი მინახავს.
ერთ დღეს, ბავშვთან ერთად მორიგი სირნობის შემდეგ სახლში დაბრუნებულს ჩემი რძალი ატირებული დამხვდა, მითხრა, რომ ჩემს შვილს საყვრელი ჰყავს და მასთან ერთად საზღვარგარეთ მიდის.
თავზარი დამეცა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ეს ამბავი სიმართლე არ ყოფილიყო. თითქოს სამყარო ჩამოიშალა ჩემ გარშემო, შემრცხვა ამ სიფრიფანა, პატარა გოგოსი, რომელიც ასე უმწეოდ ტიროდა ჩემს წინ. ასე არ გამიზრდია ჩემი შვილი. სად დავუშვი შეცდომა, რა გამომეპარა?!
ყველაფერში დღემდე ჩემს თავს ვადანაშაულებ, ალბათ რაღაც დავაკელი, რომ ის ასეთ ადამიანად ჩამოყალიბდა… ტელეფონზეც არ მიპასუხა, საღამოს გვიან ღამით დაბრუნდა. რა დამაძინებდა, მას ველოდი. მინდოდა თვალებში ჩამეხედა და გამეგო სიმართლე.
„ყველასთვის ასე აჯობებს დედაჩეემოო“, მითხრა, უბრალოდ ჩაალაგა თვისი ნივთები და წავიდა, არც ცოლს, არც ბავშვს არ დაემშვიდობა. ჩათვალე, რომ დედაც მკვდარი გყავს-თქო გამწარებულმა მივაძახე გასვლისას.
მას შემდეგ 10 წელი გავიდა. სხვა შვილიშვილი არ მყავს. ალბათ უფალს ვცოდავ, მაგრამ დაისაჯნენ და სხვა შვილი არ მიეცათ- თქო, ხანდახან ვფიქრობ. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ხანგრძლივად ვერ ააწყობ, ეს ჩემი ბიჭისთვისაც ხშირად მითქვამს.
ვერ ვაპატიე ჩემს შვილს და ვერც მისი ახალი ცოლი მივიღე. ვუთხარი, რომ შეუძლია ბედნიერი იყოს, მაგრამ მე ერთადერთი რძალი, მყავს, რომელიც 16 წლიდან საკუთარი შვილივით გავზარდე და მის ტყუილუბრალოდ დაღვრილ ცრემლს ვერავის შევარჩენ. დღეს ეს პატარა გოგო უკვე ძლიერი, შემდგარი ქალია, თავისი წარმატებული კარიერით, არის არაჩვეულებრივი დედა და საუკეთესო შვილი.
მოახლოებული სიბერის არ მეშინია ჩემს შვილიშვილსა და რძალს რომ ვუყურებ, დედას მეძახის და ნამდვილი შვილისგან არც მე ვასხვავებ.
მინდა ბედნიერი იყოს, ბევრჯერ მითქვამს მისთვისაც, თუ ვინმე ღირსეული, მისი შესაფერისი გამოჩნდება, ვინც ჩემი შვილისგან განსხვავებით, გააბედნიერებს, ყოველთვის მხარს დავუჭერ, ნამდვილად იმსახურებს დიდ ბედნიერებას.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნაილი, 61 წლის