შეყვარებულობის პერიოდშივე ვიცოდი, რომ ჩემს საქმროს ადრე საყვარელი ჰყავდა და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობაც ჰქონდა. ჩემს შეყვარებულს ეს ამბავი არ დაუმალავს.
მასზე ხშირად მიყვებოდა. მეუბნებოდა, კარგი ადამიანია, უბრალოდ, არ გაუმართლა ცხოვრებაში, ქმარს გაშორდა და პატიოსნად ცხოვრობს, მე შევუყვარდი, მენდო და მთელი სამი წელი ერთად ვიყავითო. ისიც მითხრა, რომ ოჯახის წევრები მასთან კავშირს უშლიდნენ – ეშინოდათ, ცოლად არ მოეყვანა.
ის ქალი, ასაკით უფროსი ყოფილა და წინააღმდეგები ამის გამო იყვნენ, თორემ მის განათხოვრობას, ნაკლად არ თვლიდნენ. ნანახიც მყავდა, მოწესრიგებული, სასიამოვნო, კულტურული ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა. შეყვარებულს ვენდობოდი და ვიცოდი, ჩემი გაცნობის მერე მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა.
მოკლედ, რომ გავთხოვდი, მერე დამეწყო ეჭვიანობები. რამდენჯერაც დააგვიანებდა, ვეკითხებოდი, იმასთან ხომ არ იყავი-მეთქი. იგიჟებდა თავს, მეუბნებოდა: იმდენს იზამ, მართლა გიღალატებ და სწორედ მასთან წავალო. ერთი წლის წინ ტელეფონში მისი ესემესი ვნახე. მივხვდი, ისევ ხვდებოდა და მასთან ურთიერთობა არც გაუწყვეტია.
ვეცადე, გადამემოწმებინა, მაგრამ გზა ვერ გამოვნახე. ბოლოს, ის ქალი სოციალურ ქსელში მოვძებნე და მივწერე. არ მიპასუხა. ვიფიქრე, ეს რომ ჩემმა ქმარმა გაიგოს, მომკლავს-მეთქი, მაგრამ, ეტყობა, არ უთქვამს.
რამდენიმე დღეში ისევ შევეხმიანე და ვთხოვე, ეპასუხა. როგორც აღმოჩნდა, მიხვდა, რაც მინდოდა და პირდაპირ მომახალა: თუ შენს ქმარზე გინდა საუბარი, ჩვენს შორის არაფერი ხდება, არ გვაქვს ინტიმური ურთიერთობა, უბრალოდ, დიდი ხნის ნაცნობები ვართ, ხანდახან მომიკითხავს ხოლმე და სულ ეს არისო.
ვთხოვე, არ ეთქვა ჩემი ქმრისთვის, მაგრამ ალბათ, დაფიქრდა და გადაწყვიტა, ჩემზე შური ეძია. ჩემი ქმარი ჩემ წინააღმდეგ „დაქოქა“ და მიზანსაც მიაღწია. ჩემი მეუღლე ისე მეჩხუბა, სულ შეუგნებელი მეძახა. მიყვიროდა:
როგორ გაბედე და მისწერე, სანამ შენ გაგიცნობდი, ის იყო ჩემ გვერდით, მისგან ერთი წყენაც კი არ მახსოვს, მიფრთხილდებოდა და მივლიდა, ცდილობდა, ჩემთვის ცხოვრება გაელამაზებინა და ნამდვილ მამაკაცად მაგრძნობინა თავიო.
მეც არ დავუთმე და ავყევი: თუ ეგრე გიყვარდა, მე რაღას მაუბედურებდი-მეთქი. და, ამაზე ისეთი პასუხი გამცა, დღემდე შოკში ვარ. მითხრა:
იმიტომ მოგიყვანე ცოლად, რომ უბრალოდ, ოჯახი მქონოდა, ჩემები ასაკის გამო იყვნენ მისი წინააღმდეგები. ვერ ხედავ, ფორმალურად გვქვია ოჯახი, თორემ ისევ მასზე ვარ შეყვარებულიო.
ისიც მითხრა, მე მას არ დავშორდები, ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში და ამ აზრს შეეგუეო. იცის, არსად წასასვლელი არსად მაქვს, არც ოჯახის დანგრევა მინდა და მაიძულებს, ავიტანო.
არ ვიცი, მათ შორის უბრალო მეგობრობაა თუ ინტიმური კავშირი, მაგრამ როცა აგვიანებს ან ჩემს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ვხვდები, მის გვერდითაა და ლამის გავგიჟდე.
ვერ ვხვდები, ასეთი რა გაუკეთა იმ ქალმა, რომ დღემდე მის გვერდით უნდა ყოფნა და ცოლი არ აინტერესებს.
არადა, შეყვარებულობის პერიოდში, ჩემს მზეს ფიცულობდა. მეუბნებოდა, შენ ხარ ჩემი ქალღმერთიო. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ სიტყვების მიღმა მისი ყოფილი საყვარელი იდგა და მასზე ფიქრობდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..