65 წლის ქალი ვარ. ორი ვაჟი მყავს. უფროსი დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, იქაური ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. უმცროსი შვილის შემყურეს კი, ლამისაა გული გამისკდეს.
გაგას გაჩენას (7 წლით უმცროსია თავის ძმაზე) კინაღამ ჩემი სიცოცხლე შეეწირა. შვილების გარჩევა როგორ შეიძლება, მაგრამ გაგა სუსტი ბავშვი იყო და განსაკუთრებულად ვზრუნავდი მასზე…
მერე, დათო უცხოეთში რომ გადაიხვეწა, გაგას სულ იმას ვეხვეწებოდი, შენ მაინც შეირთე ცოლად ქართველი გოგო, ყველანაირად დაგეხმარები-მეთქი. ძლივს მოვაყვანინე ცოლი. ეგეც მე მოვიწონე და იმდენი ვუქე, დაინტერესდა, გაიცნო და მალევე დაქორწინდა.
სამი თვე არ იყო გასული, სიავე გამოიჩინა რძალმა. კარგა ხანს არაფერს ვუმხელდი შვილს, მაგრამ როცა რძლის უზრდელობა ყველანაირ ზღვარს გასცდა, გაგას შევაპარე, – ცოტა მკაცრად დაელაპარაკე შენს ცოლს, ჩემს ნალოლიავებ ოჯახს ნუ დამიქცევს-მეთქი…
დაწვრილებით არ ღირს ჩემი ოჯახის უსიამოვნებებზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა. მას ბავშვი არ უჩნდებოდა და ისეთი აგრესიული იყო, ვემალებოდი და ვცდილობდი, თვალში არ შევჩეხებოდი. ჩემს ოთახში შევიკეტებოდი ხოლმე, გაგა კი ერთს არ მკითხავდა, რამე ხომ არ გინდა ან ცუდად ხომ არ ხარო?
როცა დათოსთან გერმანიაში ჩავედი, მასთან გული მოვიოხე. უმცროს ძმას დაურეკა და უსაყვედურა. გაგა კი ძალიან გამიბრაზდა, – ჩემი ცოლი შენთან არ ტყუის, რა გალაპარაკებდა რძალზეო! გული მომიკვდა.
ჩემი შვილი ცოლს ამართლებდა, მე კი – მადანაშაულებდა. ვერ გამეგო, რაში ვტყუოდი ან რა ბრალი მიმიძღვოდა რძლის წინაშე. მე ხომ მის სამსახურში ვიყავი სულ.
დათოსგან დაპატიჟებას ელოდნენ წინა ზაფხულს (ერთხელ უკვე იყვნენ და კვლავ სურდათ გერმანიაში წასვლა).
მე რომ უდიერად მეცქეოდნენ, დათო ნაწყენი იყო ძმასა და რძალზე, ამიტომ არც დაპატიჟა და არც ფული გამოუგზავნა. ჩემმა რძალმა ამაში მე დამადანაშაულა და უსიამოვნო ლაპარაკი ჩხუბში გადაიზარდა. არ მოერიდა ხელითაც კი შემეხო – მცემა…
იმ საღამოსვე მოვთხოვე შვილს და მის ცოლს, დაეტოვებინათ სახლი. იმის მაგივრად, რომ ცოლისთვის საყვედური ეთქვა, გაგამ ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი, ნივთები და ხუსხუსით გაჰყვა თავის «ძვირფასს». იმ ღამეს ძალიან ცუდად გავხდი, კეთილმა მეზობელმა არ მიმატოვა, გვერდიდან არ მომცილებია.
დათო მეორე დღეს შემეხმიანა, მომიკითხა და კვლავ ვერ დავუმალე მომხდარი. კინაღამ გაგიჟდა. მასთან გავემგზავრე და ერთი თვე დავრჩი.
გეფიცებით, იმ გერმანელ რძალს ვერც კი შევადარებ ამ ქართველს. ეტყობა, დათომ უთხრა, გულნატკენი რომ ვიყავი.
თან მყვებოდა, ხან სად წამიყვანდა, ხან – სად. მაინც ვერ გავჩერდი დიდხანს და დავბრუნდი.
ახლა ჩემი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არც აინტერესებს, ცოცხალი ვარ თუ – არა. ის მაინც ვიცოდე, რა დანაშაული მიმიძღვის რძალთან. ვერიკო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია