“15 წლის გოგონა მესამეს ელოდებოდა… არასოდეს დამავიწყდება ის პატარა მრავალშვილიანი გოგო, თან ქმარი ბრაზობდა, მესამეც რომ გოგო იყო…”
მანანა მანჯგალაძის ნაამბობმა ბებიის შესახებ, რომელიც 12 წლისა გაათხოვეს, კიდევ ერთხელ გახადა მსჯელობის საგანი ნაადრევი გათხოვების თემა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენს წინაპრებში და საკმაოდ ახლო წარსულშიც.
სტატიას საინტერესო კომენტარები მოჰყვა – ადამიანები იხსენებდნენ ერთმანეთზე უფრო საოცარ ამბებს ოჯახის წევრების ცხოვრებიდან. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
“მსგავსი ისტორიები ყველას გვაქვს მოსმენილი, სამწუხაროდ, ასე ხდებოდა. ერთი ვიცი, ასე პატარა რომ გაათხოვეს და 3 წელი დედამთილს ეწვინა შვილივით, მერე გახდა 15-ის და “ქალი” იყო უკვე”.
“დედაჩემი 13 წლისა გაათხოვეს. მამაჩემს მის ეზოსთან გაუვლია შემთხვევით – დედა კლასობანას თამაშობდა და ძალიან მოსწონებია. მისულა მისი ოჯახის წევრებთან და მათაც საკმაოდ მალე გადაუწყვეტიათ გოგოს გათხოვება – წესიერი კაცია, მუშაობს, თავისი ფული აქვს, შეინახავს და მოუვლისო…
ასე გაათხოვეს 13 წლის გოგო. მამაჩემი მასზე 15 წლით უფროსი იყო. სხვათა შორის, 3 თუ 4 წელი ხელი არ დაუკარებია, უბრალოდ თავისთან წაიყვანა, რომ არავის მოეტაცებინა და არ წაერთმია მისთვის ეს “ქალი”. მხოლოდ მერე, 16 თუ 17 წლისა გახდა უკვე რეალურად მისი ცოლი…”
“ახლაც ხდება, იშვიათად, მაგრამ ხდება. მე 22 წლის ვიყავი და პირველი შვილი რომ გავაჩინე, იმ სამშობიაროში 15 წლის გოგონა მესამეს ელოდებოდა…
არასოდეს დამავიწყდება ის პატარა მრავალშვილიანი გოგო, თან ქმარი ბრაზობდა, მესამეც რომ გოგო იყო…”
“…ჩემი ულამაზესი მამიდაც მე-6 კლასში დაუნიშნავს მამისტოლა კაცს… მთაში… ამას დრო გაჰყავდა… ის იმუქრებოდა – ძმებს დაგიხოცავო!.. და გაჰყვა, მსხვერპლად შეწირულივით…
იმას უყვარდა. ამას სძულდა… 7 წელი ღმერთს ეხვეწებოდა -ოღონდ შვილი ნუ გამიჩნდებაო… არც გაუჩნდა… მერვე წელს გაიქცა… მერე შეწუხდნენ უფროსები და ბარემ გაიყარეთო…
მას მერე კაცისკენ არ გაუხედავს ყველას სათაყვანოს… ასე დაბერდა და გარდაიცვალა – ცუდ მოგონებებში… მაგრამ მაინც ლამაზი… ის კაციც უშვილძიროდ გადაშენდა!
ასე ხდებოდა… და მადლობა ღმერთს – აღარ ხდება!”
“ანალოგიური ამბავი იყო ჩემი დიდი ბებია ბაბუის ოჯახში, 12 წლის იყო, როცა 32 წლის ძალიან შეძლებულ კაცს გააყოლეს ცოლად, მასაც სათამაშო წაუღია თან… გული მიკვდება მსგავს ისტორიებზე”.
“ძველად ეგრე იყო, ჩემი დიდი ბებიაც ეგრე გაათხოვეს. სახლში რომ მიიყვანა დიდმა ბაბუამ, სათამაშოდ თოჯინები მოაყოლა…”
“რა შორს მივდივართ. 1990-იანებში პანტაპუნტით თხოვდებოდნენ 13-14 წლის გოგოები, უფრო სწორად, იტაცებდნენ და მშობლებსაც აღარ მოჰყავდათ სახლში. რამდენს დაატოვებინეს ასე ძალით სკოლის მერხი და სამუდამოდ შეუცვალეს ცხოვრების გზა”.
”ბებიაც 12 წლის გაუთხოვებიათ. თავისი გაკეთებული ღილიანი თოჯინებით თამაშობდა თურმე, პაპა კი იჯდა და ღიმილმორეული სახით უყურებდა.
ერთ დღეს ქმარი რომ გაუსტუმრებია სამუშაოდ, თუთაზე ასულა. არ დამესვაროსო, ბეჭდები მოუხსნია და ტოტზე დაუკიდია, მერე კი თუთის კრეფაში გართულს დავიწყებია. საღამომდე ტიროდა თურმე, დავკარგე, ქმარს რა ვუთხრაო.
საღამოს პაპას მტირალი რომ უნახავს, დაუმშვიდებია, ნუ ტირი, თუ ვერ ვიპოვეთ, ახლებს გიყიდიო… უთქვამს, როცა თუთაზე ახვალ, ბეჭდები აქვე მოიხსენი, რომ აღარ იტიროო.
ძალიან უყვარდათ ერთმანეთი სიბერემდე. სხვათა შორის, ჩვენი ტრადიციის მიუხედავად, როცა პაპა გარდაიცვალა, ბებიას შავები დიდხანს არ სცმია – ნიკოს არ უყვარდა შავები, სულს ვერ დავუმძიმებო”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია. წყარო: მშობლები.გე