გთავაზობთ სტატიას რომელიც ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა: ნინოს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო მოუხდა დაეტოვებინა ოჯახი და სამშობლო.
საქართველოში მძვინვარე ჰომოფობიისგან თავის დაღწევის მიზნით, ნინომ თავშესაფარი ითხოვა გერმანიაში, თუმცა უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისკენ გზა რთული და სტრესული აღმოჩნდა.
- ნინოს სახელი შეცვლილია მისივე თხოვნით.
კახეთში, სადაც გაიზარდა, ნინოს არ დაუმალავს საკუთარი განცდები. თამამად ამბობდა – „რა მაგარი გოგოა!“ გარშემომყოფები კი ასეთ რეპლიკებსა თუ მის ქცევას ბავშვობას მიაწერდნენ.
მაშინ ნინომ არ იცოდა რას ნიშნავს გეი ან ლესბოსელი. საკუთარი თავს „ნორმალურად“ აღიქვამდა და ვერ წარმოედგინა, რომ ვინმესთვის მიუღებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
- ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ეკლესია
თინეიჯერობიდან ნინომ საკუთარ ემოციებს სახელი დაარქვა. პარალელურად კი გაიზარდა ოჯახის წნეხი და ნინოც მიხვდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მაშინ, როცა ნინოს დამ მის ტელეფონში პირადი შეტყობინებები წაიკითხა, რომელშიც ის ღიად საუბრობდა სხვა ლესბოსელ გოგოსთან.
„წამიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ეკლესიებში. სახლიდან არ მიშვებდნენ, თმა უნდა გამეზარდა, კაბები უნდა ჩამეცვა და მაკიაჟი გამეკეთებინა“, – იხსენებს ნინო.
14 წლის ასაკში, ოჯახისგან თავის დაღწევის მიზნით, ნინო სახლიდან გაიქცა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება 30 წლამდე ქალთან მიმოწერის შედეგად მიიღო. ქალმა, რომელიც ნინოს გაეცნო როგორც ლესბოსელი და ეფლირტავებოდა მას, თინეიჯერი გოგოს ნდობა მარტივად მოიპოვა და თბილისში წაიყვანა.
წასვლამდე ქალმა უთხრა, ტელეფონიდან სიმბარათი ამოიღე, გადატეხე და გადააგდეო. ნინოს ეჭვი გაუჩნდა და არ დაუჯერა. გაირკვა, რომ ქალი ტრეფინკინგში იყო ჩართული, თუმცა სანამ ნინოს თურქეთში გადაიყვანდა, პოლიციამ ისინი იპოვა და ქალი დააკავა.
ნინო ისევ სახლში დაბრუნდა. ისევ წაიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ისევ ასმევდნენ წამლებს.
- გულნარი
18 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იქვე გაიცნო გოგო, გულნარი [სახელი შეცვლილია] რომელიც შეუყვარდა. გულნარს მშობლები ძალით გათხოვებას უპირებდნენ.
„ნიშნობის საღამოს გამოიპარა და ჩემთან მოვიდა. მისმა მშობლებმა გაიგეს სადაც ვცხოვრობდით და ეს გოგო ძალით წაიყვანეს. საშინლად სცემეს. პოლიცია ჩავრთეთ საქმეში“, – იხსენებს ნინო და ამატებს, რომ ამბავი თავისმა მშობლებმაც გაიგეს და ზეწოლაც გაორმაგდა. სტრესის გამო, ნინო ვერც სწავლას ახერხებდა, ვერც მუშაობას.
ნინო მეგობართან ცხოვრობდა, მისი პარტნიორი – ქალთა თავშესაფარში, როცა გააკეთა ის რაზეც არასოდეს უფიქრია. სპონტანურად, მეგობრების დახმარებით ფული შეაგროვეს, ყველაზე იაფიანი ბილეთი იყიდეს და საქართველო დატოვეს.
წასვლა
პირველი ნაბიჯი ბერლინში, გერმანიაში ნინოსთვის შვებისმომგვრელი იყო. გაუჩნდა განცდა, რომ ყველა პრობლემა უკან მოიტოვა. მეორე მხრივ, გული შესტკიოდა ოჯახზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარდა და ვეღარასდროს ნახავდა.
„გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში აღარასდროს დავბრუნდებოდი“, – ამბობს ნინო.
ჩასვლისთანავე ნინო და გულნარი ლტოლვილად ჩაბარდნენ. აქედან დაიწყო ნინოს ცხოვრების კიდევ ერთი ურთულესი პერიოდი.
ის იხსენებს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო საცხოვრებელში განათავსეს, სადაც წვიმა ჩამოდიოდა და საშინელი სიბინძურე იყო. ისეთი კოშმარი იყო – იხსენებს ნინო – პირველივე დღესვე დავიწყეთ უკან დაბრუნებაზე ფიქრიო.
მეორე დღეს, გოგოებს დოკუმენტები ჩამოართვეს. ნინოს თქმით, შემოწმების დროს ძალიან უღირსად ექცეოდნენ. ბოლოს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მისცეს მატარებლის ბილეთები გერმანიის ქალაქ ლაიფციგისკენ.
გერმანულის არ ცოდნისა და რთული სატრანსპორტო ქსელის მიუხედავად, ნინომ და გულნარმა როგორც იქნა ჩააღწიეს ლაიფციგში, თუმცა იქ კიდევ უფრო დრამატული სურათი დახვდათ. „მოგვცეს ოთახი, რომლის კარიც არ იკეტებოდა.
ნივთებს ვერ დატოვებდი, მშვიდად ვერ დაიძინებდი. იყო საერთო აბაზანა, რომლის კარი ასევე არ იკეტებოდა. რამდენჯერმე შემოგვივარდნენ კაცები“, – ამბობს ნინო.
გაუსაძლისი პირობების გამო, ნინომ დაწესებულების ადმინისტრაციას პრეტენზიით მიმართა, რის შემდეგაც კიდევ სხვა ქალაქში გადაამისამართეს. იქ ჩასულებს კი გულნარის მშობლების ნაცნობები დახვდნენ, რომლებიც ფოტოებს უღებდნენ და უგზავნიდნენ მათ.
„კონფლიქტიც მოგვივიდა მათთან და სკამი გადამატეხეს“, – იხსენებს ნინო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია