“ბევრი ფიქრის შემდეგ მასთან გაშორება გადავწყვიტე. დამცირების და აგრესიის ატანა აღარ შემეძლო. როცა გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, ძალიან გაუკვირდა, მთხოვა, არ გავცილებოდი, მაგრამ იმ დღესვე ჩაალაგა ტანსაცმელი და დედამისთან გადავიდა”
მსმენოდა, რომ ადამიანები გულს უფრო იოლად და ხშირად უშლიან უცხოებს, ვიდრე ახლობლებს, თუმცა არ მჯეროდა.
ამას წინათ, მატარებლით მგზავრობისას სიყვარულის სევდიანი ისტორია მოვისმინე სრულიად უცხო ქალისგან (ნათიად გამეცნო), რომელიც პატარა გოგონასთან ერთად მგზავრობდა.
– ერთმანეთს ხუთი წელიწადი ვხვდებოდით. ვშორდებოდით და ვრიგდებოდით.
სამჯერ მიმატოვა, მაგრამ მაინც დაბრუნდა. არ ვიცი, რატომ ვპატიობდი. სულ არ ვგავდით ერთმანეთს. საბოლოოდ მაინც დავქორწინდით. დიდხანს ვიყოყმანე, რაღაცის მეშინოდა, მაგრამ დამიყოლია. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თითქმის არ ვჩხუბობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით, ერთმანეთისა გვესმოდა.
ერთ წელიწადში გოგო გვეყოლა. ორივე ძალიან ბედნიერი ვიყავით, თუმცაღა ევას დაბადების შემდეგ პრობლემებმა ნელ-ნელა თავი იჩინა.
საშინელი დეპრესია დამეწყო, თავს ცუდად ვგრძნობდი, არაფრის კეთება არ შემეძლო, ძალა გამომეცალა. ჩვილის მოვლაც გამიჭირდა. ევა სუსტი ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. საკუთარი თავი აღარ მომწონდა, ორსულობამ და მშობიარობამ სხეული შემიცვალა.
თავიდან მეუღლე ძალიან გახარებული იყო, მაგრამ მერე ისიც შეიცვალა. ევას მოვლაში აღარ მონაწილეობდა, არც ოჯახურ საქმეებში მეხმარებოდა. მარტო საყვედურები მესმოდა, მუდმივად უკმაყოფილო იყო.
არ მოსწონდა, თუ რაიმე დაულაგებელი იყო, არც ჩემი მომზადებული კერძები. მშვიდი თანაცხოვრება ნელ-ნელა გაუთავებელმა ჩხუბმა შეცვალა. ვგრძნობდი, აღარ ვუყვარდი, აღარც პატივს მცემდა, მისთვის მარტო მოახლე ვიყავი. ბოლოს იქამდე მივედით, რომ მისგან შეურაცხყოფა და გინება ჩვეულებრივ ამბად იქცა.
ჯერ კიდევ დაქორწინებამდე ალკოჰოლს ეტანებოდა. ამის გამო არაერთხელ გვიჩხუბია. საბოლოოდ მივაღწიე იმას, რომ დალევას მოუკლო, ევას დაბადების შემდეგ კი ისევ დაიწყო.
ბევრი ფიქრის შემდეგ მასთან გაშორება გადავწყვიტე. შეურაცხყოფის, დამცირებისა და აგრესიის ატანა აღარ შემეძლო.
ერთი-ორჯერ ბრაზი ევაზეც იყარა. როცა გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, ძალიან გაუკვირდა, მთხოვა, არ გავცილებოდი, მაგრამ იმ დღესვე ჩაალაგა ტანსაცმელი, ევას მოეფერა, მამიკო, მე მივდივარო, უთხრა და დედამისთან გადავიდა.
არაფერი გაუკეთებია ოჯახის შესანარჩუნებლად. ის კი არა, იმ თანხის დაბრუნება მომთხოვა, რომელიც ჩემი ბინის გასარემონტებლად მომცა, მეც შეურაცხყოფილმა გაზეთში გავუხვიე და მის მეგობარს გავატანე, მისი არაფერი მინდოდა, დანახვაც კი…
მალე ძალიან გამიჭირდა, იმის მიუხედავად, რომ კარგი სამსახური და შესაბამისად, კარგი ანაზღაურებაც მქონდა, ევას მუდმივად ექიმებთან ვიზიტმა წელში გამწყვიტა, ჩემი გოგონა კი გამოჯანმრთელდებოდა თუ არა, სუსტი იმუნიტეტის გამო მალევე ავად ხდებოდა.
ავდექი და ყოფილ ქმარს ოფიციალურად ალიმენტი მოვთხოვე, რაზეც უარი არ უთქვამს და ამით დამთავრდა ყველაფერი. მერე ხანგრძლივი მარტოობა იყო. თავიდან თავი უფრო ლაღად, კარგად ვიგრძენი, დროთა განმავლობაში კი მონატრება მომეძალა.
ზაფხულში სოციალურ ქსელში ვახო გავიცანი, პროფესიით მსახიობი. მაშინვე მოვიხიბლე მისი არტისტიზმით და ხალასი იუმორით. რამდენჯერმე გავისეირნეთ, ძირითადად, ბარში მეპატიჟებოდა.
უყვარდა სასმელი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემს ყოფილს. კარგი ხმა ჰქონდა და გიტარაზეც არაჩვეულებრივად მღეროდა. ამ ყველაფერმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.
გადიოდა დრო, სულ უფრო ხშირად ვხვდებოდით და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვახოსთვის ერთადერთი და განუმეორებელი არ ვიყავი. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ვეჭვობ, ჩემ გარდა, სხვებიც ჰყავდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვუთხარი, რასაც განვიცდიდი, გაეღიმა და მითხრა, ცოლიანი ვარო.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, არ ვიცი, ამდენი ხანი ამ ამბავს რატომ არ ამხელდა, ან ურთიერთობის ასე ოსტატურად დამალვას როგორ ახერხებდა. როგორც აღმოჩნდა, ვახოს ცოლად მდიდარი კაცის შვილი ჰყავდა.
თაკო ჭკვიანი, მაგრამ შეუხედავი გოგო იყო (ეს სხვებისგან შევიტყვე), ქმარი იმდენად უყვარდა, რომ ყველაფერს პატიობდა და ხელს აფარებდა. ვახო იმაშიც გამომიტყდა, რომ მეუღლეს ხშირად ღალატობდა, მაგრამ მასთან გაყრა არასდროს უფიქრია.
საგონებელში ჩავვარდი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ასე პირდაპირ და გულახდილად მითხრა კაცმა ყველაფერი და ან თავზე ხელი უნდა ამეღო, საკუთარი თავის პატივისცემა დამევიწყებინა და ახალი სიყვარულის მორევში თავფეხიანად გადავშვებულიყავი, ან საკუთარი თავის სიყვარული უნდა ამერჩია და ვახოზე უარი მეთქვა.
მეორე ვარჩიე. როდესაც ვახომ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, თითქოს გული დასწყდა, მაგრამ დაშორებიდან სულ მალე შევიტყვე, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ქალი გაიჩინა. ისევ მარტო ცხოვრება გავაგრძელე.
შვილზე გადავერთე, თუმცა, როცა ევას დავაძინებდი და მარტო ვრჩებოდი, მუდმივად წარსულს ვიხსენებდი – ხან ყოფილ ქმარზე, ხან კი ვახოზე ფიქრი ამეკვიატებოდა. გულის სიღრმეში შეიძლება ველოდი კიდეც ვახოს დაბრუნებას.
ხშირი ავადმყოფობის გამო ექიმმა ევასთვის ჰაერის გამოცვლა მირჩია და ცოტა ხნით სურამში წავედით. სწორედ იქ ჩამოგვაკითხა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ. ძალიან გამიკვირდა, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში მისგან არაფერი ისმოდა.
დამირეკა, მოგვიკითხა და როცა ვუთხარი, სადაც ვიყავით, ევასთვის საჩუქრებით დატვირთული ჩამოვიდა. მამა-შვილმა დიდხანს ითამაშეს და ისეირნეს. ჩემი მეუღლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უბედნიერესი იყო. გამომიტყდა, მეშინოდა, ვაითუ, ბავშვის ნახვის უფლება არ მომცესო.
მერე თბილისში დავბრუნდით, მამა ხშირად აკითხავდა ევას და სასეირნოდ მიჰყავდა. ყოფილი მეუღლე საოცრად შეცვლილი მეჩვენებოდა. მუდმივად ფხიზელი მოდიოდა და პატივისცემით მელაპარაკებოდა. თითქოს ადამიანი გამოცვალეს. ყურადღებასა და სითბოს არც ერთს არ გვაკლებდა.
მამა-შვილის ურთიერთობა ძალიან მახარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში ტკივილს ვგრძნობდი. ხომ შეიძლებოდა ყველაფერი თავიდანვე ასე კარგად ყოფილიყო? რომ არ დავშორებოდით, ხომ არ იქნებოდა ვახო და არ იქნებოდა ეს აუტანელი მარტოობა? ძალიან მიჭირს ყოფილ ქმართან შეხვედრა, მაგრამ სხვა გზა არ არის, ევა ჯერ ძალიან პატარაა და მამა ძალიან უყვარს.
აღარავინ მინდა, არც ვახო და არც ვინმე სხვა. მუდმივი მარტოობა იქნება ჩემი თანამგზავრი. ვფიქრობ, ვიჩქარე, როცა გაყრა გადავწყვიტე. უნდა მომეთმინა, ნებისყოფა გამომეჩინა, შენარჩუნება უნდა მეცადა. ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებ.
დასანანია, რომ შერიგებას აღარ ცდილობს, ჩვენი ურთიერთობა ევათი ამოიწურება. საშინელმა დეპრესიამ დამრია ხელი..
არადა, დროდადრო თავს ვუტყდები, იქნებ მე გადავდგა შერიგებისკენ ნაბიჯი, იქნებ ისიც ამასვე ფიქრობს-მეთქი, მაგრამ მაინც არაფერს ვაკეთებ. ალბათ, იმიტომ, რომ მეშინია, არ დამცინოს, ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდაო. ამიტომ ისევ ლოდინს ვამჯობინებ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ნანა ჩარკვიანი / კვირის პალიტრა