20 წლის წინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ასეთი რამ სხვას რომ დამართნოდა, ალბათ გავკიცხავდი, ვიტყოდი, რომ შეეძლო ამ განსაცდელისგან თავის დახსნა, მაგრამ…
ხომ იცით, სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო, ნათქვამია. როცა გონიერება უნდა გამომეჩინა, მხოლოდ ინსტინქტებს მივენდე და თავი დიდ პრობლემაში გავყავი.
უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შემიყვარდა. მას უმაღლესი უკვე დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ჩვენს ლექტორს, ბიძამისს აკითხავდა ხოლმე. ჩვენმა ლექტორმა გაგვაცნო, ჩვენს ლექციებზეც ხშირად იჯდა და ასე დავუახლოვდით ერთმანეთს.
გაცნობის პირველივე დღეს დამადგა თვალი, მერე კი მოსვენება არ მომცა და თავი შემაყვარა. ეს გრძნობა მანამდე არასოდეს გამომეცადა და ემოციები ვერ ვმართე, მთლიანად სიყვარულის ზღვაში გადავეშვი.
მან ჩემი სიყვარულით, ასაკით, გულუბრყვილობით ისარგებლა და ჩემგან ყველაფერი მიიღო, რაც კი სურდა. მეგონა, რომ ჩემთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ შევცდი. როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, მიმატოვა.
არასოდეს დამავიწყდება ერთი დღე, როცა გამწარებული და საცოდავი მივადექი ბაძამისის, ანუ ჩემი ლექტორის სახლს. საღამო იყო, მაგრამ ნიავი არ იძროდა, ისევ ცხელოდა, მე კი ნერვიულობისგან მაკანკალებდა, ცივ ოფლს მასხამდა.
ბიძამისმა და ბიცოლამისმა სახლში შემიშვეს, მაგრამ საშინლად მომექცნენ. ჩემმა ლექტორმა, რომელიც კარგი ადამიანი მეგონა, სულ მეძავი მეძახა.
მითხრა, ეგღა მაკლია, შვილივით გაზრდილი ჩემი ძმისშვილი შენს ხელში ჩავაგდო, რატომ უწვებოდი, რისი იმედი გქონდაო. მისმა ცოლმაც არ დამაკლო, მითხრა, ლოგინში რომ უგორდებოდი, ამაზე მანამდე უნდა გეფიქრაო.
მათ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, ყველაფერი, რაც ებადათ, იმ ბიჭისთვის უნდოდათ. მითხრეს, ეგღა გვაკლია, ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები შენ ჩაგიგდოთ ხელში, სოფლიდან იმიტომ ჩამოხვედი, რომ აქ კარგ ბიჭებს დარეოდი და გამოგეჭირა, მაგრამ ნურას უკაცრავადო.
სიტყვა რომ შევუბრუნე, ჩემი ლექტორი მომვარდა, სახეში გამარტყა. ალბათ წიხლებსაც ჩამაზელდა, ცოლი რომ არ გადაფარებოდა და შეეკავებინა.
ასე გაუბედურებული გამოვედი მათი სახლიდან. უკვე ღამდებოდა. მივდიოდი ქუჩებში და თვალით ვზომავდი ადგილებს, სად ჯობდა თავის მოკვლა. ერთადერთი, რის გამოც იმ დღეს თავი არ მოვიკალი, იმედი იყო, რომ აბორტს გავიკეთებდი.
დრო გაიწელა, ისეთი ექიმი ვერ ვნახე, ვინც ნაყოფს მომაშორებდა, უფრო სწორად, ვცდილობდი, მეპოვა ადამიანი, რომელიც საიდუმლოსაც შემინახავდა და აბორტსაც გამიკეთებდა. სანამ ასეთი ვნახე, ნაყოფი უკვე იმხელა იყო, რომ ვეღარ მომაშორებდნენ.
კარგად იცით, ქართულ ოჯახებში ამის გამო ქალებს როგორც სჯიან. მეც გავხდი ოჯახის წევრების მსხვერპლი. არც გინება დაუკლიათ ჩემთვის და არც ცემა, მაგრამ გადავიტანე. ახლა რომ ვფიქრობ, უფალი იდგა ჩემ გვერდით, თორემ სხვანაირად იმ ყველაფერს ვერ გავუძლებდი, აუცილებლად მოვკვდებოდი.
ბიჭი დაიბადა. დავინახე თუ არა, მაშინვე ყველაფერი დამავიწყდა. მივხვდი, რომ მისთვის უნდა მებრძოლა, მისი ბედნიერებისთვის მეცოცხლა. ასეც მოვიქეცი. დავიფიცებ, რომ ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ სხვა მამაკაცი არ ყოფილა.
იყვნენ თაყვანისმცემლები, მაგრამ ახლოს არავის ვიკარებდი. ჩემთვის მხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობს და ის ჩემი შვილია.
ყველას დავუმტკიცე, რომ ზნედაცემული ქალი არ ვყოფილვარ. ის ნაბიჯი მხოლოდ სიყვარულმა და გამოუცდელობამ გადამადგმევინა, თორემ ავხორცი არ ვყოფილვარ. არც ვნებას ავყოლივარ, ეს იყო არამიწიერი სიყვარული და ამას მოჰყვა ყველაფერი.
ჩემი შრომით, თავდადებით და, სხვათა შორის, ჩემი ოჯახის შემწეობით, შვილს ყველაფერი გავუკეთე იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ჩემი მშობლებისთვის და დედმამიშვილებისთვის პირველ ადგილზე ის დგას.
ჩემი და გასათხოვარია და მზე და მთვარე ჩემს შვილზე ამოდის. მშობლებისთვის ის არის პირველი შვილიშვილი და გიჟდებიან მასზე. ჩემი ძმა ხომ საერთოდ თავის შვილად თვლის.
მისი დაბადებიდან დღემდე მასზეა გადაფარებული, რომ ვინმემ რამე ცუდად არ უთხრას, მამასავით ჰყავს. ოჯახი მეც პატივს მცემს, რადგან მათი სახელი აღარ შემირცხვენია. მიხვდნენ, რომ იმ ერთხელ დავუშვი შეცდომა და მაპატიეს.
ჩემმა შვილმა ყველას დაგვიფასა ამაგი. ნიჭიერი კი არ არის, უფრო მეტია. 16 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და უმაღლესში მოეწყო. ახლა უცხოეთში სწავლობს, გრანტი აიღო და იქაც ძალიან წარმატებულია. ყველა ამბობს, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
ერთი სული გვაქვს, როდის ჩამოვა და გულში ჩავიხუტებთ, მაგრამ ჯერ თავისი გზა აქვს საპოვნელი. თვითონაც უჭირს ჩვენ გარეშე, ჩემს მშობლებს ისე ელაპარაკება, გეგონება, პატარა ბავშვები იყვნენ, იქიდან ესიყვარულება ყველას. მას რომ ვუყურებ, ბედნიერების ცრემლები მომდის.
ახლახან მამამისი გამოჩნდა. გაიგო, ჩემი შვილი ასეთი წარმატებული რომ არის და მისი გაცნობა მოინდომა.
სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, ამას ვერ ეღირსები-მეთქი. მეუბნება, ჩემი შვილიც არის და მასთან ურთიერთობას ვერ დამიშლიო. ახლა გახდა მისი შვილი! ძალიან კარგადაც დავუშლი, ჩემს შვილს ვერ გაეკარება!
თვითონ არეული ცხოვრება აქვს. ორი ცოლი მოიყვანა, ორივესთან ჰყავს შვილები, მაგრამ მასთან ერთად არც ერთი ცხოვრობს. რა არეულიც მაშინ იყო, როცა გავიცანი, მთელი ცხოვრება ისეთივე დარჩა.
ბიძამისმაც დამირეკა. მკაცრი ტონით მითხრა, არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენი გენი აქვს, ამიტომ არის ნიჭიერი, უფლება არ გაქვს, ჩვენთან ურთიერთობა დაუშალოო.
არანაკლებ ნიჭიერი მშობლები მყავს, ვიდრე ჩემი ყოფილი ლექტორია. ჰო, სამწუხაროდ, აქვს მათი გენი, მაგრამ მათ არ ჰგავს, მათნაირი უგულო არ არის.
ჩემმა შვილმა იცის ყველა ის უბედურება, რაც გადავიტანე და არასოდეს მოუნდომებია მამის გაცნობა. ზუსტად ვიცი, ტკივილს არ მომაყენებს და იმ კაცს, რომელმაც მეც უარმყო და ისიც, ახლოს არ გაიკარებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..