მწერალი, მასწავლებელი, 4 შვილის დედა მაია სარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც ბევრი მრავალშვილიანისთვის არის აქტუალური და მტკივნეულიც:
“რას აჩენდი ამდენს?
მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, რა ძალიან მეშინია, როცა ვინმე მრავალშვილიან დედაზე ამბობენ: რას აჩენდა ამდენს, თუ რჩენა არ შეეძლოო?
ჩვენ იმედად აჩენდაო? რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, რომ მართლები არიან, მაინც მეშინია… შესაძლოა იმიტომაც, რომ დაახლოებით იგივე გამოვიარე თავად.
ახლობლების თუ შორებლების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებული იყო ჩემი მესამე და განსაკუთრებით მეოთხე ფეხმძიმობით. ისიც უთქვამთ, ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო.
იმდენად დამფრთხალი ვიყავი, მეოთხეჯერ რომ დავფეხმძიმდი, ვმალავდი, ვიდრე 5 თვის არ გავხდი და მუცელი ძალიან არ დამემჩნა.
მესმის, ვინც წუხდებოდა ჩემი ყოველი მომდევნო დაფეხმძიმების გაგებით, მხოლოდ სიყვარულით მოსდიოდათ, ზრუნვით და საერთოდ არ მაქვს მათი მძიმე სიტყვები თუ მძიმე მზერა გულში შემონახული, მაგრამ დანაშაულის განცდა დღემდე მომყვება.
არ ვიცი, რა დანაშაულის, მაგრამ მრცხვენია ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ქმრის თავგანწირული შრომა თუ ფულის გამომუშავების ჩემი უმწეო მცდელობები მაინც არ არის ხოლმე ზოგჯერ საკმარისი და ვინმესგან თანხის სესხება გვიწევს. ამ დროს სულ ეს წინადადება გადამეჭირება ხოლმე დამსახურებული როზგივით: რას აჩენდი ამდენს?
დიახ, ერთმა გასაცოდავებულმა ქალმა გააჩინა 4 შვილი და მეხუთესაც აპირებდა, მაგრამ დაიწვნენ. ყველანი. რატომ აჩენდა ამდენს? არ ვიცი. ამბობენ გონებაშეზღუდული იყო ეს დედაო, პრობლემები ჰქონდაო. პატრიოტიზმის გამო სულაც არ გაუჩენიაო.
დაბალი დონის მაჩვენებელია, ქალი რომ თავს ვერ იცავს ამდენჯერ დაორსულებისგანო.
როგორც ყოველთვის, უამრავ რამეს ამბობენ ისინი, ვინც მარად მართალია და ხილული თუ უხილავი მტკიცებულებები და ფაქტები მათ მხარეს ამყარებენ, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, ძალიან მეშინია ამ წინადადებების:
რას აჩენდა ამდენს?
ჩვენს იმედზე აჩენდა?
დიახ, წესით, ჩვენ ყველანი ერთმანეთის იმედით ვიბადებით და ვარსებობთ ამ არც თუ ისე მხიარულ სამყაროში. დიახ, ჩვენ იმედზე იყო მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ და თუ მაინცადამაინც რამე სამაგიეროს ველოდით მისგან, ეს მისი შვილების თვალები იყო და მათი პატარა გულები.
კიდევ 5 წყვილი სუფთა თვალის არსებობა ამ ჩვენს სასოწარმკვეთად გასაცოდავებულ და დაცოტავებულ ქვეყანაში ცოტაა?
ზოგჯერ მინდა ვთქვა: მე თქვენ არავის გელაპარაკებით, საერთოდ არავის! ვთქვა და სამუდამოდ დავმუნჯდე, მაგრამ მარტო არა ვარ. 4 შვილი მყავს. ამიტომ ვერსადაც ვერ წავალ.
ვიქნები ამ გულების გადამაქვავებელ საზარელ სამყაროში. ვიქნები სულ სხვა მზის ამოსვლის მოლოდინით. ვიქნები, ვიდრე გავძლებ!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია