მხცოვნები აკვანში “მიაქანებდნენ” ჩვილებს, ახალგაზრდები – საწოლში… ბევრჯერ იყო აკვანი განხეთქილების მიზეზი..
ყველაფერს ეჩვევა ადამიანი…. დრო გვძარცვავს და ისევაც დროება გვმოსავს… ის ღერძი და ფუძე კი ყველა დროში ერთია, რაზეც უნდა აიგოს ტაძარი, ის, სადაც უნდა მიგიყვანოს გზამ… ეს სიყვარულია…
უფალია… სიყვარული კი მის განხორციელებაში ცოცხლდება, როცა ადამის მოდგმა გიყვარს… გიყვარს ის და არა უსულო და თუნდაც მოგონებების მატარებელი საგნები…
რამდენგზის, გინდ ბავშვობაში, საგნების მიმართ თბილ დამოკიდებულებაში და ადამიანების მიმართ გულგრილობაში “მიმხელია” ადამიანები…
რელიქვიის დამსხვრევის, ანდა გაფუჭების გამო ოჯახში უსიამოვნებას დაუსადგურია… ვინ მისთვლის კიდევ… რამდენი ასეთი “ლაფსუსი” აღმომიჩენია ურთიერთობებში…
მაგრამ არის ნივთები, რომლებიც მაგიურად გადაჯაჭვულია თითქოსდა შენს ბედისწერასთან… შენს ცხოვრებასთან…
ასეთად საქართველოში აკვანი მიიჩნევა…
რამდენჯერ, ჯიუტად მირთმეული აკვანი, ასევე ჯიუტად უკუგდია თანამედროვე დედას… აკვანი, ის ფორმა, როგორითაც ჩვენამდე მოაღწია, მონღოლურია, ის მომთაბარე ცხოვრების სტილს ეხმიანებოდა,”მოუცლელი” დედისთვის ხელსაყრელი რამ იყო…
დრო გადიოდა… აკვანი დანიშნულებას კარგავდა, მაგრამ ისევე როგორც თითქმის უმრავლესობა ქართულად და მართლმადიდებლურად მონათლული ტრადიციისა, ეს “ტრადიციაც” ოჯახური განხეთქილების ხშირი საბაბი ყოფილა… მხცოვნები აკვანში “მიაქანებდნენ” ჩვილს, ახალგაზრდები – საწოლში…
ასე გრძელდებოდა… მეც მოვხვდი ამ “გაუგებრობაში”… გადაწყდა… მე – აკვანში…
მუქი შოკოლადისფერი, ჩუქურთმიანი… ლაპლაპა ხე…
წლების მერეც კი მიხაროდა მისი ნახვა… სოფელში, სხვენში ინახავდა დედა…
მე გავიზარდე…
ქალაქს გადმოვედით…
მკაცრი 90-იანები… ერთროულად ხორციელი და სულიერი შიმშილი… ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოულოდნელი შეწყვეტა… კრიზისი ყველგან და ყველაფერში…
ქალაქში სოფლიდან ჩასული მე… სკოლა…
სკოლიდან პედაგოგთან, სანთლის შუქზე დაწერილი საგამოცდო თემები… “კერასინკაზე” ან ღუმელზე გამზადებული სადილი… ჩაბნელებული ქუჩები… მკვახე იანვარი…
შელახული ჩექმებით დავბრუნდი სახლში… ვერ მოვასწარი, სველი წინდების ნაფეხურებს თვალი შეასწრო მამამ… ღუმელს ხელით შეეხო… ჟანგიანი თუნუქის ხმა გაეცრა თითებში… “ცივია…”… ” გაგვეყინებიან ბავშვები”…
“ახლა სად წახვალ, ამ ქარაშოტში, ხვალ გადი სადმე, მოჭერი რამე ხმელი” – დედიკოს მზრუნველი ხმა…. “ხვალ კი, და ახლა რა ვქნა?.. შესცივათ… გრძელი ღამეა წინ… მოგიკვდეთ მამა… ვნახავ, იქნებ დარჩა რამე…”….
თითების მტვრევით გაიჯახუნა კარი…
საწოლში შევწექი…
ტერფებს ვეღარ ვგრძნობდი… სილურჯე თითებზეც მედებოდა…
ძილი თავს მართმევდა, გარეთ აბეზარი ქარი ბზუოდა…
დედა სანთლის შუქზე ჭრელ კაშნეს ქსოვდა… მილულული თვალებით ულამაზეს სურათს ვხედავდი… დედა… სანთელი… ჭრელი კაშნე… ცისარტყელის ფერები მეღვრებოდა მძინარ თვალებში…
კარების ხმა,მამა შემოვიდა… გულზე მიეხუტებინა დაჩეხილი “შეშა”, ჩაიმუხლა და დაყარა ღუმელთან…
ტკაცა-ტკუცის ხმამ შემაფხიზლა… გავთბი… ღუმელი დიდხანს ენთო… თვალი გავახილე და მის ქვეშ დარჩენილ ნატეხს დავკვირდი…
აკვნის რიკულის ჩუქურთმა ვიცანი… მეტკინა რაღაც… გულზე უფრო ღრმად… სადღაც უფრიო შიგნით…
მოკვდა და ისევაც ჩემთვის… გამათბო… ასეთი აღსასრული ვინატრე მეც… ჩემი სიკვდილით რომ ვიღაც გავათბო…
ამაზე კარგი აღსასრული რა უნდა იყოს… სიკვდილით ქმნილი სიკეთე… ჩამეძინა… გამთბარს და დარდიანს…
წლები გავიდა… ერთხელ ერთმა მითხრა… წყევლა ყოფილაო: დაგეწვას აკვანიო!!!…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მანანა ზურაშვილი