როცა მანქანაში ჩაჯდომა და შინ მიყვანა შევთავაზე, ცოტა შეიშმუშნა, მითხრა, აღარ გენდობიო, მაგრამ ბოლოს მაინც დავიყოლიე მოტაცება როგორც ჩანს ჯერ კიდევ მოდაშია, მაგრამ ამას რა შედეგები შეიძლება მოყვეს ახალგაზრდები ხშირად ვერ ხვდებიან.
ნიკუშა, 20 წლის:
– ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ. საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე. მამა თითქმის არ მახსოვს, ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ შვიდი წელი შემისრულდებოდა.
დედა მეორედ გათხოვდა, თუმცა შვილი აღარ ჰყოლია. როგორც გაირკვა, მამობილის ბრალი იყო, ამიტომ გერს საკუთარი ვაჟიშვილივით მზრდიდა. როგორც ნამდვილ მეგობრებს,
ისეთი ურთიერთობა გვქონდა. გენადი ჩემ გარეშე საქეიფოდაც კი არ მიდიოდა. როცა სკოლა დავამთავრე, მანქანა მიყიდა, უნივერსიტეტში მომაწყო და საცოლის მოძებნაშიც კი მეხმარებოდა.
– რატომ, დამოუკიდებლად რამეს გაკეთება არ შეგეძლო?
– რა თქმა უნდა, მამინაცვლის დახმარება ამ საკითხში მართლა არ მჭირდებოდა, მაგრამ თავად სიამოვნებდა, ზედმეტად რომ ირჯებოდა ჩემთვის. თუმცა სიყვარული მაინც გენადის ჩარევის გარეშე მეწვია. ის ჩემი მამობილის მეგობრის ქალიშვილი იყო.
როცა გენადის გავუმხილე, ლამის ჭკუიდან შეიშალა. მამამისს ოთხი კაცი ჰყავს მოკლული, თუ რამე შეგეშალა, ჩათვალე, რომ მკვდარი ხარო.
– საინტერესო მეგობრები ჰყოლია შენს მამობილს…
– თვითონაც მათ წრეს ეკუთვნოდა. ორჯერ ციხეშიც იჯდა, თუმცა ჩემი მომავალი სხვანაირად წარმოედგინა, ნელისთან ურთიერთობაც ამიტომ ამიკრძალა. მაგრამ 19 წლის ასაკში, როცა ყველაზე გემრიელი სწორედ აკრძალული ხილია, აზრს ვინ შემაცვლევინებდა.
ერთ დღეს `შემთხვევით~ ნელის სასწავლებელთან გავიარე, მანქანა გავაჩერე და შინ მიყვანა შევთავაზე. ერთი წუთითაც არ შეყოვნებულა. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ მოტაცებას გავუბედავდი.
– სად წაიყვანე?
– რუსთავში, მამიდაჩემთან მივიყვანე. სანამ ნელის გაუჩინარების ამბავს მისი ოჯახის წევრები შენიშნავდნენ, მინდოდა გენადისთან დამერეკა და გამეფრთხილებინა, მაგრამ დამაგვიანდა.
რამდენიმე წუთში კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა, ვიფიქრე, მთელ კორპუსს თავზე დამამხობდნენ. როცა მამიდამ კარი გააღო, პირველად ბინაში ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები შემოვიდნენ, მალე სიმამრიც გამოჩნდა.
– ალბათ უკვე სიყვარულსაც ნანობდი?
– შიში არ მიგრძნია, წინ გამოვეჭიმე და ვუთხარი, ნელისთვის ხელი არ მიხლია, მაგრამ მიყვარს და მისი უკან წაყვანის ნებას არ მოგცემთ-მეთქი.
გაეცინათ, ნებართვას ვინ გთხოვს, შე ნაბიჭვაროო და ისე დამიშინეს წიხლები და მუშტები, მეგონა, ერთი ძვალი არ დამრჩებოდა მთელი. ჩემი ბედი, რომ გენადიმ გაიგო ყველაფერი და რუსთავში გამოიქცა. ის რომ დროულად არ მოსულიყო, ჩემგან ერთი სველი ლაქა დარჩებოდა.
– ნელი მშვიდად უყურებდა შენს ცემას?
– მამამისმა ქვევით ჩაიყვანა და მანქანაში ჩასვა, თუმცა ჩემზე დარდი არც მანამდე ეტყობოდა.
– ან რა ჰქონდა სადარდებელი, არ უყვარდი, ძალით მოიტაცე და ამისთვის დაისაჯე…
– დარწმუნებული ვარ, ნელის მოვწონდი, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდა, სხვა შემთხვევაში ჩემ მიმართ სხვებისგან გამორჩევით ყურადღებიანი არ იქნებოდა. უბრალოდ, მოულოდნელობამ დააფრთხო, მამის დანახვამ გული აუჩუყა და სიახლის შეეშინდა.
– რადგან ასე ფიქრობ, გასაკვირი აღარ არის, მეორედაც რომ მოიტაცე…
– მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც სირთულეებზე გიჟდებიან. როცა ნაცემი ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ვგრძნობდი, რომ უფრო მეტად მიზიდავდა ნელი. რაც უნდა მომხდარიყო, ის ჩემი ცოლი გახდებოდა.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნელის მეგობრის დაბადების დღე იყო. სანამ წვეულება არ დამთავრდა, გარეთ, მანქანაში ვიჯექი. როცა ჩემი შეყვარებული დაქალთან ერთად შინისკენ გაემართა, მათ წამოვეწიე და ნელის ვთხოვე, რამდენიმე წუთით დამლაპარაკებოდა.
ავუხსენი, რაც მოხდა, გულწრფელად ვნანობ, მინდა, ბოდიში მოგიხადო-მეთქი. ნელის მეგობარმა თავი უხერხულად იგრძნო, დაგვემშვიდობა და თავისი გზით წავიდა.
ჩვენ ბარში დავსხედით და ყავა შევუკვეთეთ. როგორ ფიქრობთ, მას ჩემ მიმართ რაღაც გრძნობა რომ არ ჰქონოდა, დამელაპარაკებოდა? როცა მანქანაში ჩაჯდომა და შინ მიყვანა შევთავაზე, ცოტა შეიშმუშნა, მითხრა, აღარ გენდობიო, მაგრამ ბოლოს მაინც დავიყოლიე.
– ამჯერად ტრავმატოლოგიური ნამდვილად არ აგცდებოდა.
– ნელი მცხეთამდე კიოდა. ნელის მამა ამჯერად მართლა დამასაჭურისებდა, გოგონას კივილზე პოლიცია რომ არ აგვდევნებოდა და ჩემი მანქანისთვის გზა არ გადაეღობა. ნელი შინ მიიყვანეს, მე კი განყოფილებაში წამიყვანეს.
ადამიანის გატაცებისთვის საკანში გამომწყვდევა არ ამცდებოდა, ნელის მამას პოლიცია სასიძოზე მეტად რომ არ სჯავრებოდა. განყოფილებაში მივიდა და გამომძიებელს უთხრა, რომ საჩივრის შეტანას არ აპირებდა.
პოლიციიდან გვიან ღამით გამომიშვეს. კართან გენადი მელოდა. ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა დამარტყამდა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. როცა შინ მივედით, მამობილმა გამომიცხადა, რომ შინაპატიმრობა მქონდა მისჯილი. მისი ნებართვის გარეშე გარეთ ცხვირსაც ვერ გავყოფდი.
– დაემორჩილე?
– ამ ადამიანს დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ, თანაც დასვენება მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც პერიოდი შინ ჯდომა მარგებდა კიდეც. მაგრამ ვინ დამაცადა. მას შემდეგ, რაც შინაგანაწესს დავემორჩილე, ორი კვირაც არ იყო გასული, როცა ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე, მაგრამ საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, ნელი იყო.
– რა უნდოდა? მოტაცება მოენატრა?
– ხომ გითხარით, მას ისე ვუყვარდი, თვითონაც ვერ ხვდებოდა. ჩემი ამბავი იკითხა, თან იცრუა კიდეც, გავიგე, ავად ხარ და ამიტომ მოგიკითხეო. ისე დავიბენი, როგორ მოვახერხე, რომ მისთვის შეხვედრა დამენიშნა, ისიც არ მახსოვს. ყველაზე რთული მომენტი კი ის იყო, როცა დედაჩემმა და გენადიმ გაიგეს, რომ კიდევ ერთხელ მოვიტაცე ნელი.
ამჯერად მამამისი ოთხი დღე გვეძებდა, ოთხი დღე გლოვობდნენ დედა და მამობილიც ჩემ დაკარგვას. თურმე სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, ხან გენადი იყო ცუდად, ხან მისი მეუღლე, ბოლოს სასიმამრომ ძლივს მოგვაგნო, მაგრამ სანამ ძვლებში დამამტვრევდა, ოთახიდან ნელი გამოცუნცულდა და მამას ახარა, ეს ჩემი ქმარია, მასთან ვრჩებიო. არ ვიცი, იქნებ მომეჩვენა, მაგრამ მამამისს აშკარად კმაყოფილი სახე ჰქონდა.
– არ თქვა, რომ მასაც მოსწონდი და ვერ აცნობიერებდა.
– არა, ისე დაიღალა, სიძე კი არა, მგონი ქალიშვილიც აღარ აინტერესებდა…
– ახლა რას ფიქრობ, ღირდა ქორწინება ამდენ წვალებად?
– რატომაც არა, ჩვენ უკვე პატარა გოგონა გვყავს, ჩემი მშობლებიც ბედნიერები არიან და არც სიმამრი უნდა იყოს უკმაყოფილო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია