ნაადრევ ასაკში ქორწინება რომ უმრავლეს შემთხვევაში შეცდომაა, ამაზე აღარავინ კამათობს. თუმცა შეიძლება, რომ წყვილს გაუმართლოს და ცოლ-ქმარს შორის სიყვარული, პატივისცემა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, მოვალეობა და პასუხისმგებლობა რამდენადაა განაწილებული. ქალი თუ ცალუღელა ხარივით ეზიდება ოჯახურ ტვირთს, ქმარი კი არც ფიზიკურად ეხიდება, არც მორალურად, ურთიერთობა განწირულია დასანგრევად.
ქალი რაც უნდა შეგუებული იყოს თავის ხვედრს, ანგარიშს უწევდეს ყველას და ყველაფერს, მოთმინების ფიალა ევსება და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დასვას წერტილი, ხელის ერთი მოსმით დაამთავროს ურთიერთობა.
ჩვენი რესპონდენტი, ოთხი შვილის დედა, კენტად დარჩენილი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ნათია, რთული გზის მიუხედავად, სიცოცხლის ხალისს და იმედს არ კარგავს, არავის აგრძნობინებს თავის უბედობას, სახიდან ღიმილს არ იშორებს, წინ მიიწევს და შვილებთან ურთიერთობით ძლიერდება.
ნათია:
– სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ დავოჯახდი – 16 წლის. საბა რამდენიმე წლით უფროსი იყო. სიურპრიზებს მიკეთებდა, ერთხელ სახლის ირგვლივ სანთლები დამინთო, ბიჭები ფიალებით ხელში მღეროდნენ… ვერ ვიტყვი, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მსიამოვნებდა, მაგრამ საბას არ ვიკარებდი. “არც დამელაპარაკო!” – ეს იყო ჩემი პასუხი.
– ადრეულ ასაკში გათხოვება რამ გადაგაწყვეტინათ, მით უფრო, თუ არ გიყვარდათ?
– არც მთლად გულგრილი ვიყავი. ზედმეტმა ყურადღებამ ჩემში სიმპათია გამოიწვია, მაგრამ გათხოვება არ მინდოდა. მას სურდა, ცოლად გავყოლოდი. ჩემმა მშობლებმა უთხრეს, ჯერ სკოლა დაამთავროსო. უარზე იყო, ვერ დავიცდი, სადაც უნდა დამალოთ, მოვიტაცებ, სახლიდან გამოვიყვან მძინარესო. ჩემს ოჯახს აწუხებდა. მერე ჩემ გამო თავის მოკვლა სცადა.
საავადმყოფოში ვინახულე, ძალიან ცუდად იყო, ვერ ლაპარაკობდა. თანაგრძნობამ და სიბრალულმა მძლია, ამიტომ დავთანხმდი. ისიც გავითვალისწინე, რომ ჩვენი ამბავი ყველამ იცოდა და არ მინდოდა, ჭორაობა დაეწყოთ. სახლიდან წავყევი ოფიციალურად. მასთან ერთად სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, სადაც სახლი ჰქონდა.
– პატარა გოგომ ადაპტაცია როგორ გაიარეთ, გაგიჭირდათ ახალ გარემოსთან, ქმართან, ოჯახთან შეგუება?
– როცა მივხვდი, რომ სხვა გარემოში აღმოვჩნდი, მერე მომინდა დედასთან წამოსვლა, მენატრებოდა. მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობდით. მისი მშობლები საზღვარგარეთ მუშაობდნენ და ფინანსურად გვეხმარებოდნენ, მათი ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ მერჩივნა, გვერდით მყოლოდნენ.
საოჯახო საქმეს ვერ ვწვდებოდი. თავიდან საბა ცდილობდა, კარგად ვყოფილიყავით, მერე აურია. თავისუფალ ცხოვრებას იყო მიჩვეული. შეეძლო, ღამე შინ არ მოსულიყო, მეგობრებთან დარჩენილიყო, მე კი, მისი აზრით, არც უნდა დავლოდებოდი, არც მენერვიულა და მეკითხა, სად იყავი-მეთქი, ამგვარი ცხოვრების წესი ნორმად მიმეღო და ჩვეულებრივად ჩამეთვალა.
პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ეს თვისება რომ გამოავლინა. მშობლების კმაყოფაზე მყოფი გაზარმაცდა, დაწყებული ბიზნესიც მიატოვა. ძმაკაცებთან ქეიფს არ იკლებდა, თავის სტიქიაში იყო, ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა.
– არაფხიზელ მდგომარეობაში თქვენ მიმართ აგრესიას ავლენდა?
– პირველ შვილზე რომ ვიყავი ორსულად, სიმთვრალეში ცუდი ხასიათი მაშინ გამოავლინა. საქეიფოდ ვიყავით, ღამით ვბრუნდებოდით შინ და გზაზე ამიშარდა – რატომ მითხარი, ბევრი არ დალიოო. პირველად მაშინ ვიჩხუბეთ. ისე გამამწარა, სილა გავაწანი.
– არ იფიქრეთ, რომ შეიძლებოდა მთვრალ კაცს ხელი შემოებრუნებინა?
– დამთმობი არ ვიყავი, ვცდილობდი, ჩემი სიმართლე დამეცვა. წვრილმანებს არ ვეკიდებოდი, მაგრამ უპასუხისმგებლობას ვერ ვიტანდი, ამის გამო შემეძლო ბოლომდე მეჩხუბა. ჩხუბი ჭრიდა – ერთხანს ლმობიერი ხდებოდა, კარგად მოქცევას ცდილობდა, მერე კვლავ ძველი ჩვევა სძლევდა, მეგობრებთან ერთად სმას და დროსტარებას ამჯობინებდა.
– შვილის დაბადებამ რამე შეცვალა მასში?
– ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემს მშობლებთან გადავედით, დედა მეხმარებოდა. მშობლების მზრუნველობის ქვეშ რომ დაგვიგულა, საბამ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა. შვილი მარტო მოსაფერებლად უნდოდა. შუადღემდე ეძინა, მერე შინიდან გავიდოდა, არც დაიბარებდა, სად მიდიოდა, ღამითაც არ ბრუნდებოდა. იმედი ჰქონდა, მშივრები არ დავრჩებოდით, ბავშვსაც არაფერს გავუჭირვებდი.
მშობლებთან მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, რომ არ ენერვიულათ – საბასთან ჩხუბს ვერიდებოდი. მეორედ დავორსულდი. მაშინ ექოსკოპიას იშვიათად იკეთებდნენ. მინდოდა, გოგო მყოლოდა და გავრისკე. ბიჭი შემეძინა.
– მუდმივად ცუდად იქცეოდა? ალბათ გქონდათ მშვიდი ეტაპებიც.
– ცდილობდა, 1-2 დღე ესიამოვნებინა ჩემთვის, მაგრამ მესამე დღეს ისეთ რაღაცებს გააკეთებდა, ყველა სიკეთეს მავიწყდებდა. შეეძლო გაენადგურებინა ურთიერთობა, დაელეწა სახლში ყველაფერი. სიმთვრალეში ბავშვს სცემდა.
– თქვენკენაც იწევდა?
– მცდელობა ჰქონდა, ფიზიკურად შემხებოდა, მაგრამ უფლებას არ ვაძლევდი, არ ვთმობდი. ამის გამო მეტად ღიზიანდებოდა. თუმცა, ძალას რომ ხედავდა, უფრო ვერ ბედავდა. მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი სუსტი – ეს იყო ჩემი გადარჩენის გზა. სმა და მარიხუანის მოწევა უტრიალებდა გონებას. ფხიზელი უფრო მშვიდად იყო.
ქმრის მშობლები ცდილობდნენ, ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ფული გამოუგზავნიათ, საბას კი ისე დაუხარჯავს, შინ არც მოუტანია. ვალებით ვაგრძელებდით ცხოვრებას.
ბევრი სიმძიმე გადავიტანე: მე თვითონ დამიჩეხია შეშა, პროდუქტიც მომიტანია ვალებით. არც კი კითხულობდა, რა გვქონდა, რა არ გვქონდა. მთავარი იყო, შინმოსულს გამზადებული საჭმელი ხვდებოდა. არ აინტერესებდა, რას როგორ ვახერხებდი.
– ამ პირობებში გააჩინეთ მესამე შვილი…
– პირველ და მესამე შვილს შორის ბევრი წელია სხვაობა. გავიგე, გოგო იყო და იმდენად მინდოდა, ყველაფერი დამავიწყა. რას აღარ უძლებს ქალი! რამდენჯერმე დავშორდით ერთმანეთს მისი უმუშევრობის და უპასუხისმგებლობის გამო, მაგრამ მშობლების ჩარევით შევრიგდით. საბოლოოდ ხვედრს შევეგუე, აღარც მიფიქრია, სხვაგვარად მეცხოვრა ან სად წავსულიყავი შვილებით?! არ მინდოდა, ჩემზე ეჭორავათ.
– იმედი გქონდათ, ქმარი გამოსწორდებოდა?
– ოპტიმისტი ვარ და იმედს არ ვკარგავდი. მეგონა, ასაკის მატებასთან ერთად ჭკუას მოუხმობდა, დაღვინდებოდა. ჩემი დედამთილიც მეუბნებოდა, ვიცი, როგორიც არის და ჩემი ხათრით მოითმინე, შვილო, ოჯახს ნუ დაანგრევ, ლამაზი გოგო ხარ და არ მინდა, ხალხმა გაგჭოროს, იქნებ როგორმე ავიტანოთო.
საბას მშობლებს პატივს ვცემდი, მათ სიტყვას ვითვალისწინებდი. სულ ოჯახსა და შვილებზე ვზრუნავდი. ვერც სწავლა გავაგრძელე, ვერც სადმე ვმუშაობდი. მერე საბამ დაიწყო ბიზნესი, სულ გარეთ უწევდა ყოფნა, შინ აღარც შემოდიოდა.
– ეს თქვენთვის შვება იყო თუ პირიქით, უფრო დაგეძაბათ ურთიერთობა?
– მისმა მუშაობამ პრობლემა არ მოგვიხსნა, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა. ისევ ვცადე გაშორება, მაგრამ ჩემზე მანიპულირების ჩვეულ ხრიკს მიმართა – თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა. თოკიდან მეზობელმა ჩამოხსნა. უკვე იცოდა, რომ არ მიყვარდა, პატივს აღარ ვცემდი და მასთან მოვალეობის გამო ვიყავი. აღარ მაინტერესებდა, სად წავიდოდა და რას გააკეთებდა.
– ყოველივე ამის შემდეგ მეოთხე შვილის გაჩენა მაინც გარისკეთ?
– გამომეპარა, გვიან გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. უკვე დიდი პრობლემები გვქონდა ურთიერთობაში, გაუთავებელი ჩხუბი და დავიდარაბა. მერე დავინახე, ვიღაც ქალთან ერთად მიდიოდა ხელგადახვეული, ორსული დავედევნე.
ვეჭვობდი, რომ სხვა ქალი ჰყავდა, მაგრამ ვცდილობდი, არ ავყოლოდი. სანამ ჩემი თვალით არ დავინახავდი, ვერ დავუმტკიცებდი. რამეს თუ ვეტყოდი, ეჭვს მიქარწყლებდა – რა სამხილი გაქვს, დამიმტკიცეო. ფაქტის წინაშე რომ დავდექი და, ასე ვთქვათ, დავუმტკიცე, ფიზიკურად შემეხო, კიბიდან დავგორდი. შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადა, ძლივს გადარჩა.
ბავშვს ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. თბილისში წავიყვანე სამკურნალოდ. საბა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, სახლი იპოთეკაში ჰქონდა ჩადებული, სხვა გზა არ იყო.
– ბავშვის მკურნალობამ შედეგი მოგცათ?
– თბილისში ბინა ვიქირავე, შვილი კლინიკაში დამყავდა, რას აღარ ვუკეთებდი. ისევ უფროსები გვეხმარებოდნენ. ცოტა შედეგი გვქონდა, მაგრამ ბავშვი დღემდე სამკურნალოა. ბანკმა სახლი გაგვიყიდა. საბა უცხოეთიდან ხელცარიელი დაბრუნდა. თბილისში ხან მუშაობდა, ხან არა.
– ამდენი განსაცდელის შემდეგ საბა უკეთესობისკენ შეიცვალა?
– მეტნაკლებად სვამდა. ოთხივე ბავშვით ვცხოვრობდით თბილისში. საბას მოვთხოვე, იმუშავე, რამე იღონე-მეთქი. მიპასუხა: “შენ აქ იგორაო და მე ვიმუშაო?!”. ჩემს შრომას არაფრად აგდებდა.
მუშაობა დავიწყე, თან კლინიკაში დამყავდა პატარა. ზაფხულში სამუშაოდ ჩემს რაიონში წამოვედი, საბას ჩემი ახლობლისგან ვალი ჰქონდა აღებული და უნდა გამესტუმრებინა. ფიზიკურად ვიმუშავე და ვალი დავფარე.
მეორე ზაფხულს ისევ წამოვედი რაიონში სეზონურ სამუშაოზე. ერთ დღეს საბას ფეისბუქზარს ვერ ვუპასუხე, რადგან ინტერნეტი არ მქონდა ჩართული. მომწერა, რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობო. ვუთხარი, სახლში რომ მივალ, ჩავრთავ და დაგირეკავ-მეთქი. რაღაც მომენტში ტელეფონმა ინტერნეტი დაიჭირა, საბამ დააფიქსირა, რომ ხაზზე ვიყავი, ფოტოებს ვათვალიერებდი. ამაზე წამოენთო, აკი ინტერნეტი არ გაქვს, ფეხებზე მკიდიხარ, აღარ მაინტერესებს, როგორ იცხოვრებთო.
აი, მაშინ უკვე “გადამეკეტა”. ამდენი რამ გამოვიარე, ამდენი გადავიტანე, რამდენი დავითმინე და ამ ერთ მცირე ჩხუბზე დავამთავრე ყველაფერი. გადავივსე და ძალა აღარ მქონდა, ესეც ამეტანა, აღარც სურვილი!
– მშობლებმა, ირგვლივ მყოფებმა როგორ მიიღეს თქვენი გაყრა, ოთხშვილიანი ოჯახის დანგრევა?
– საერთოდ არავინ ჩარეულა – არც ჩემიანი, არც მისი ოჯახის წევრი. არავინ არაფერი თქვა, არც მიზეზი უკითხავთ, იმდენად აშკარა იყო ყველაფერი. მამაჩემმა მითხრა, ვერაფერს გეტყვი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეციო.
– თვითონ საბამ თუ გადადგა ნაბიჯი შერიგებისკენ?
– შერიგება უნდოდა, წელიწადნახევარი მდია, ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ აღარ შევურიგდი. აღარ მაინტერესებდა უკვე!
– თქვენი საბოლოო უარის შემდეგ უმტკივნეულოდ დაგშორდათ?
– ძალადობის მომენტები არ ჰქონია, მხოლოდ შერიგებას მთხოვდა. ერთხელ კი დამემუქრა, მაგრამ, ჩემი ხასიათი რომ იცოდა, გაჩერდა. გაყრის შემდეგ შვილებს აღარ უყურებს, უმცროსი შვილის ამბავს არც კითხულობს. თავის გზაზე წავიდა.
– როგორ მიიღეს შვილებმა ეს ყველაფერი?
– ჩვენი გაყრა ნორმალურად აღიქვეს. არ შეიძლება ბავშვი მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში აცხოვრო, ეს მის ფსიქიკაზე აისახება. უმჯობესია, გაეყარო და ბავშვები მშვიდ გარემოში გაზარდო. ადრე ვერ წარმომედგინა ოჯახის დანგრევა, ახლა ჩემში რაღაცები გადაფასდა.
– ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ოთხი შვილით მარტო დარჩით. ნანობთ წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს?
– ვნანობ მხოლოდ იმას, რომ ქმარს აქამდე არ გავშორდი, სხვას – არაფერს, რადგან შვილები მყავს და სხვა არაფერი მაინტერესებს. მათთან ურთიერთობით, მათ მიმართ ჩემი პასუხისმგებლობით უფრო ვძლიერდები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია