ქალს რომ ძალიან ბევრი შეუძლია, ეს ფაქტია. ხომ გაგიგონიათ, – ქალმა თუ გაიწია, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეაჩერებსო.
ჰოდა, ერთ ჩემს მეზობელ კახელ ნიკოზე მინდა მოგიყვეთ. მოკლედ, დიდი მაკვარანცხი ვინმე იყო ეს ნიკო. მთელი სოფლის ქალებთან დაძვრებოდა, სადაც კი შეუშვებდნენ.
მოსინჯავდა ნიადაგს და თუ მიხვდებოდა, რომ ძალიან მყარ უარს არ ეუბნებოდნენ, იმდენს იზამდა, ეშმაკივით შეუჩნდებოდა და მაინც გულის წადილს აიხდენდა ხოლმე.
თანაც, რაიონში რამდენიმე მაღაზია აქვს, მატერიალურად არ უჭირს და ქალის პატივისცემაც არ ეშლებოდა, ოღონდ ეგაა, ერთი ცუდი თვისება ჰქონდა – ყოველი ახალი გამარჯვების შესახებ ძმაკაცებს უყვებოდა და მთელმა რაიონმა იცოდა, ვის ჰყავდა მოღალატე ცოლი და ვის – «არაქალიშვილი» შვილი.
ერთ მშვენიერ დღეს ნიკო დასთან წავიდა სტუმრად ქალაქში. იქიდან შეცვლილი დაბრუნდა. რაღაცნაირი, დადინჯებული იყო, ჩაფიქრებული დადიოდა.
შეუჩნდნენ ძმაკაცები, – რა დაგემართაო და ძლივს ათქმევინეს, რომ ქალაქელი გოგო მოსწონებია და გულში ჩავარდნია. მოკლედ, ეს ჩვენი ნიკო კვირაში სამჯერ გარბოდა ქალაქში და ყოველ დაბრუნებაზე უფრო და უფრო იმედიანად იყო.
სამი თვის მერე განაცხადა, რომ ცოლის მოყვანას აპირებდა და ქორწილისთვის მზადებაც დაიწყო. მარტო თვითონ კი არა, მთელი სოფელი ემზადებოდა.
ყველას გვაინტერესებდა, ვინ იყო ის გოგო, რომელმაც ნიკოს ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საცოლის ერთგული იყო – ყველა ქალი დაივიწყა.
როგორც იქნა, დადგა ქორწილის დღეც. პატარძალი რომ მოიყვანეს, ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა. მართლაც ძალიან ლამაზი გოგო იყო, სიძის შესაფერისიც გახლდათ და თავიც ამაყად ეჭირა. ნიკო კი გაბადრულ-გაბრწყინებული იფერებდა მილოცვებს.
გამოხდა ხანი… ნიკოს ბიჭი უკვე 3 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთმა მისმა ძმაკაცმა გააბაზრა ამბავი – ნიკოს ცოლს რაიონის გამგებლობის თანამშრომელთან რომანი აქვსო. ყურებს არ დავუჯერეთ, მაგრამ ის «დედაზე იგინებოდა», – არ ვტყუი, დანამდვილებით რომ არ ვიცოდე, არ ვიტყოდიო.
იმის მერე ნიკოს რამდენიმე ძმაკაცი უთვალთვალებდა მის ცოლს და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი მართლაც ღალატობდა ქმარს. მთელმა სოფელმა კი არა და, რაიონმა გაიგო ეს ამბავი.
ნიკოს ყურამდე კი ერთმა, მისგან გამწარებულმა ქალმა მიიტანა: – ჩემზე რომ გაავრცელე ხმები და მოსდე ქვეყანას, ვახოს ცოლი დამნებდაო, თავი რომ მომჭერი და სახელი შემირცხვინე, ახლა ის თუ იცი, რქებდადგმული რომ დადიხარ და მთელი რაიონი შენზე ლაპარაკობსო?
– რაოოოო? – გადაირია ნიკო, მაგრამ გადაწყვიტა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ქალისგან მიტანილი ამბავი გადაამოწმა და როცა დარწმუნდა, რომ ჭორი კი არა, სიმართლე იყო, მოღალატე თვალჩალურჯებული გაუყენა ქალაქის გზას და ბავშვიც არ გაატანა. აი, ასე…
ყოყლოჩინა მამალივით რომ დადიოდა და სხვების ცოლებთან დაძვრებოდა, ხომ გადაუხადა სამაგიერო ცოლმა?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პიტობითია