“წერილის მოწერა ბოლო დროს გახმაურებულმა მოვლენებმა გადამაწყვეტინა. საზოგადოების ნაწილი მოძალადე ქმრების დასჯას ითხოვს, ნაწილი კი ამართლებს – არავინ იცის, ოჯახში რა ხდება, რა უფლება გვაქვს, მათ საქმეში ჩავერიოთო.
“ქმარმა ღალატი მაპატია, შეძლო, ეს დამცირება აეტანა და ახლა იდეალური ოჯახი გვაქვს”, – გვწერს ქალბატონი, რომელსაც წერილის წაკითხვის შემდეგ ტელეფონით ვესაუბრეთ. მან ბოდიში მოიხადა კონფიდენციალობის გამო, – არ მინდა, ქმარს ძველი იარა გავუხსნაო..
თინა გ.: – მე და ნიკას ერთმანეთი სკოლის მერხიდან გვიყვარდა. თუმცა, სკოლის ბანკეტის შემდეგ ერთმა თავზე ხელაღებულმა მომიტაცა. ლექსო ტიპური მოძალადე იყო, მიაჩნდა, რომ შეეძლო ყველაფერი, მათ შორის სიყვარულიც, ძალით მოეპოვებინა.
ერთი კვირის ძებნის შემდეგ მოგვაგნეს მშობლებმა, მაგრამ როცა გაიგეს, ქალწული არ ვიყავი, ხელი ჩაიქნიეს – რა აზრი აქვს შენს წამოსვლას, სახელი გაგიტყდებაო. ვერ ვკიცხავ მშობლებს, მაშინ ასე აზროვნებდნენ ადამიანები…
ვცადე, ბედს შევრიგებოდი. არაფერი გამომივიდა. ლექსოს შეხებაც კი მზარავდა. ნიკამ კი შემომითვალა, – ქუჩაში თუ შემხვდები, სხვა მხარეს გადადიო.
ერთ დღეს ლექსო დაიჭირეს. ყაჩაღობის გამო გაასამართლეს და კარგა ხნით მიუსაჯეს პატიმრობა. ჩვენ ხელი არ გვქონდა მოწერილი, ამიტომ შევუთვალე, – შენი ცოლი აღარ ვარ, მივდივარ-მეთქი. ამას დიდი ამბავი მოჰყვა.
საქმეში მთელი მისი საძმაკაცო ჩაერთო, – არ გაპატიებთ, თუ ლექსოს უღალატეო. მამაჩემი დამიდგა გვერდით და სამუდამოდ გამოვექეცი მოძალადეებს. ამაოდ ვცდილობდი ნიკასთან დაკავშირებას.
ყველა გზა ჩამიკეტა. მერე ცოლი შეირთო და დეპრესიის საშინელი შემოტევა დამეწყო. თავის მოკვლაც ვცადე. საავადმყოფოში მოვხვდი. გადამარჩინა კაცმა, რომელიც დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი, ჩემი ქმარია.
ის იმდენად დიდსულოვანი ადამიანია, მის ამაგს ვერასდროს გადავიხდი. სიკვდილს რომ გამომგლიჯა ხელიდან, შინ დაბრუნებამდე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მიტარებდა. არადა, არ იყო ეს მისი საქმე.
მალე გამომიტყდა, რომ ვუყვარდი და ცოლობა მთხოვა. მე კი ისევ ბავშვობის სიყვარულზე ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ გამოსავალი უნდა მომეძებნა იმ ბიჭის დასავიწყებლად. გავყევი ლევანს.
ბედნიერად ვცხოვრობდით სამი წელი, მაგრამ არ ვორსულდებოდი. ჩავიტარეთ გამოკვლევა. ლევანს უთხრეს, რომ მცირე შანსი იყო, შვილი ჰყოლოდა. გავამხნევე, – აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.
ერთ დღეს ქუჩაში ნიკას შევხვდი. ისევ შენ მიყვარხარო, მითხრა. მოგვიანებით გავიგე, ცოლთან არეოდა ურთიერთობა. ვერ ვძლიე თავს, ვხვდებოდი იმ იმედით, რომ ცოლს გასცილდებოდა და ბოლოს და ბოლოს, ერთად ვიქნებოდით.
ამაოდ. როცა გაიგო, მისგან დავფეხმძიმდი, საერთოდ გადაიკარგა. არ ვიცოდი, რა მექნა, ორსულობას ვერ დავმალავდი, აბორტსაც არ გავიკეთებდი. სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. ლევანს წერილი დავუტოვე, – მივდივარ, არ მეძებო-მეთქი და ერთ-ერთ მონასტერს მივადექი.
იღუმენიას შევევედრე, – შემიფარეთ-მეთქი. მან ჩამიხუტა და დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო და მწირველ მღვდელს ჩააბარა ჩემი თავი. მამა იოანემ შინ წამიყვანა, ცოლს სთხოვა, სანამ პრობლემებს მოვუგვარებ, ჩვენი შვილებივით უპატრონეო.
თვენახევარი ვცხოვრობდი მათთან. თავი მძულდა, რომ უკეთილშობილეს ადამიანს, ჩემს ქმარს, ამხელა ტკივილი მივაყენე.
– შეგირიგდათ?
– გამიჩნდა შვილი, რომელსაც დღემდე საოცარ მამობას უწევს, თუმცა, ერთ დღეს თვითონ უთხრა, შენი ღვიძლი მამა არ ვარ და ამას იმიტომ გეუბნები, რომ შენი ნამდვილი გვარი იცოდეო. ამის შემდეგ ორი შვილი შეგვეძინა.
ლევანი დედოფალივით მაცხოვრებს, არაფერს მაკლებს, მხოლოდ ერთი საქმე მაკისრია, შვილების მოვლა-პატრონობა, მათ განათლებაზე ზრუნვა. ლევანმა ადამიანი გადაარჩინა ჩემში, თორემ ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა