“მინდა ამ პოსტით თითოეულ ქალს ვუთხრა, დააფასეთ ცხოვრება… გაუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევრებს…” მინდა ისტორია გიამბოთ. 2015 წლის 9 თებერვალს გავთხოვდი, მარტში ფეხძიმედ დავრჩი, თუმცა არ ვიცოდი, ეს რა განცდა იყო.
უბრალოდ, ძალიან ჩვეულებრივად მივიღეთ ეს ამბავი მე და ჩემმა მეუღლემ, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გვქონდა გააზრებული, რა იყო ოჯახი. სამწუხაროდ, ვირუსი შემხვდა და 19 აპრილს მომშორდა, სისხლდენა დამეწყო.
კვირა დღე იყო, საღამო, უკვე ვიცოდით, რაშიც იყო საქმე. ისე ვინერვიულე, არც მძინებია მთელი ღამე, ჩემი მეუღლის ცრემლით სავსე თვალები და მისი თბილი სიტყვები იმ დროს არასოდეს დამავიწყდება. საბედნიეროდ, გამოფხეკვა არ დამჭირდა, ისე ჩაიარა ყველაფერმა.
გავიდა დრო და ხანი, ამ თვეების განმავლობაში სულ მეფიქრებოდა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ თავს ვერ გავუფრთხილდი. 9 ოქტომბერს ჯვარი დავიწერეთ ხელიც მოვაწერეთ და ოფიციალურად გავხდით ცოლ-ქმარი.
28 ნოემბერს გავიგე, რომ ისევ ფეხძიმედ ვიყავი. ჩენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩვენზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა, თუმცა მაინც მქონდა გულში ჩარჩენილი პირველი დანაკარგი…
ამ ორსულობამაც დიდხანს არ გასტანა. 19 დეკემბერს მომშორდა ისევ, ისევ სისხლდენით… უკვე ვეღარ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, საკუთარ ფიქრებში ჩავიკეტე. ახალი წელი მოდიოდა, მე კი არაფრის ხალისი არ მქონდა. ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ეს დღესასწაული უყვარდა, ყველაზე მეტად სძულდა 31 დეკემბერი.
ჩემი მეუღლეც არ იყო სახლში, ჯარში ცვლამ მოუწია. ყოველ წამს მირეკავდა, მამხნევებდა თბილი სიტყვებით, თუმცა მაინც არ მინდოდა არაფერი იმის გარდა, რომ მოვმკვდარიყავი… არც დედა მყავდა გვერდზე, რომ დავემშვიდებინე, ფოთელი ვარ და რუსთავში ვარ გათხოვილი, ძალიან შორს იყვნენ ჩემები, არავის ნახვა არ მინდოდა…
ხალხი ჩემ გარშემო ისეთი ბოროტი იყო, ყველა მძულდა, თითოეულის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის. მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი აღარ ამყვებოდა, თუ არ დავიკლებდი, ამხელა რომ ვიყავი, ყველაფერი ამის ბრალი იყო…
იმასაც მეუბნებოდნენ, რომ რაღაც მჭირდა და რა მეშველებოდა აწი… მათი უაზრო სიტყვები ისე მხვდებოდა გულზე, როგორც ეკალი, თუმცა არ ვიმჩნევდი… ამან უფრო ჩამკეტა, სახლიდანაც არ გავდიოდი, სულ ვიწექი, სულ მეძინა, სულ ვფიქრობდი.
ერთ დღესაც ჩემმა მეუღლემ ვეღარ გაუძლო ჩემ ასეთ ქცევას, დამიჯდა, დამიწყო ლაპარაკი… “მარიამ, დროა შენს საქციელზე ვილაპარაკოთ, ასე ვეღარ გავაგრძელებთ… მეორე წელია ერთად ვართ.
მართალია, სულ მცირე ხნით ვიყავით ბედნიერები, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს ღვთის გამოცდა იყო იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახი უფრო და უფრო გამთლიანებულიყო, იმისათვის, რომ უფრო შეგვყვარებოდა ერთმანეთი და ყველანაირი განსაცდელისთვის გაგვეძლო. მე შენ მიყვარხარ, მარიამ, და შენს გვერდით ვიქნები მუდამ.
მე ხომ ეს შემოგფიცე, საკურთხეველთან შენს გვერდით გულში სწორედ ეგ სიტყვები წარმოვთქვი… ვერ გიყურებ ასე დარდიანს, ჩემი გიჟი გოგო მენატრება, სულ რომ ნერვებს მიშლიდა თავისი სიცილით და გიჟობებით, ტვინს რომ მიბურღავდა თავისი ტიკტიკით. გამხიარულდი, ჩემო სიცოცხლე, ყველაფერი წინ გვაქვს, ერთმანეთის გვერდში დგომით ამ განსაცდელსაც გავუძლებთ.!!”
ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა ამ სიტყვების შემდეგ. ჩემი თავი უფრო შემზიზღდა, რადგან ერთი დანაკარგით მეორე ადამიანსაც ვკარგავდი – ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, რომელმაც ერთი წამითაც კი არ მაგრძნობინა, რომ ჩემი ბრალი იყო ორივე ბავშვის დაკარგვა…
მეორე დღიდანვე გამოვასწორე ყველაფერი, იმაზე მეტ ყურადღებასა და სიყვარულს ვჩუქნიდი, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. სამსახურის ძებნაც დავიწყე, მინდოდა ძიძად მემუშავა და პატარა ანგელოზისათვის მომევლო, მინდოდა მისთვის მიმეცა სითბო და მეგრძნო დედობრივი სიყვარული…
გოგონას ვუვლიდი. ზუსტად 7 თვე ვიყავი მის გვერდით, შევეჩვიე, სახლშიც მასზე ვფიქრობდი, სულ ის პატარა გოგონა მელანდებოდა ყველგან. რაც შემეძლო, ვყიდულობდი რაღაცებს, რომ გამეხარებინა და მისი ბედნიერი თვალები მენახა. ალბათ ერთადერთი ძიძა ვიყავი, ვისაც ფულის გამო არ უნდოდა მუშაობა. ჩემი მეუღლეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ეთამაშებოდა.
გაგვიძნელდა ერთმანეთთან დამშვიდობება, თუმცა მაინც არ დავკარგეთ ერთი მეორე. დღესაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს და მისვლა-მოსვლა… პატარა რომ მხვდება, ისე მეხუტება, ასე მგონია ჩემი ნახევარია.
ზუსტად სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ორ კვირაში გავიგე, ამაღლება დღეს, 25 მაისს, რომ ისევ ფეხძიმედ ვიყავი. სულ თავს ვიცავდი და არც ველოდებოდი ამას, გვინდოდა ჯერ აგვეწყო ყველაფერი და ბავშვზე მერე გვეფიქრა, არც ნამკურნალები არ მქონდა. ერთი ტაბლეტიც კი არ მქონდა დალეული.
იმ დღეს როდესაც მესამე ორსულობაზე შევიტყვე, ყველაფერმა თვალწინ გამიარა – იმ ორმა წელმა, იმ ორმა ბავშვმა, რომელიც დავკარგე. გამახსენდა, რომ ფულიც კი ვერ გადავინახე, რომ მემკურნალა. შიშმა შემიპყრო, მეგონა ისევ მომშორდებოდა, ისევ გამწირავდა ცხოვრება…
საპირფარეშოდან ტირილით გამოვედი, ყველაფერი მიკანკალებდა,მუხლებზე დავემხე ხატების წინ და ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი, შვილი არ წაერთმია ჩემთვის…
რამდენიმე დღეში ექიმთან მივედი. ერთი თვის ვყოფილვარ. შემდეგ გულისცემაც მოვისმინეთ, ეს უბედნიერესი წუთები იყო ჩვენთვის. ჩემი მეუღლე პატარა ბავშვივით მიფრთხილდებოდა, ხელჩაკიდებულები ვსეირნობდით და ქვეყანა მხოლოდ ჩვენ ორის გვეგონა…
ექომ გოგონა გვითხრა. სადღაც გაქრა შიში, აღარ მქონდა იმის გრძნობა, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო… ექოს ფოტოს ყოველ წამს ვეფერებოდი, მომავლისთვის გეგმებს ვაწყობდით, ვფიქრობდით, როგორ გავუკეთებდით კიკინებს, ლამაზ კაბას ჩავაცმევდით, ერთად ვითამაშებდით..!!
მე უკვე 7 თვის ვარ..! ყოველდღე ვეფერები ჩემს მუცელს, ჩემს გოგონას, ველაპარაკებით, ვუმღერით, ზღაპრებს ვუკითხავთ, 2 თვე დარჩა და გულში ჩავიკრავთ, მოვეფერებით. უკვე ვგრძნობ, გიჟი დედა ვიქნები, 9 თებერვალს 3 წელი გახდება ჩვენი ერთად ყოფნის, უკვე პატარა ბაიათი შევხვდებით ამ დღეს..!!
ეს ჩემი გულიდან წარმოთქმული სიტყვებია, მინდა ამ პოსტით თითოეულ ქალს ვუთხრა, დააფასეთ ცხოვრება, ნურასოდეს იწუწუნებთ იმაზე, რომ რამე გაკლიათ. ბევრჯერ მდომებია ნაირ-ნაირები, მაგრამ ვიცი, ღმერთი მაღალია და ადრე თუ გვიან ყველაფერს მოგვცემს. იწამეთ მისი, არასოდეს თქვათ “არ გამოვა”, “ვერ შევძლებთ”, “ყველაფერი დამთავრდა” და ასე შემდეგ.
როდესაც ყველაფრის იმედი გადაწურული მქონდა, სწორედ მაშინ ვიწამე ღმერთის და მისი სასწაულის. როდესაც მეგონა, რომ ვერასოდეს დავორსულდებოდი, დღეს ახალ სიცოცხლეს ვატარებ მუცლით.
მე დღეს უბედნიერესი ქალი ვარ და გეუბნებით თქვენ, ვისაც არ გყავთ და ნატრულობთ შვილებს, ადრე თუ გვიან დადგება დრო და თქვენც იგრძნობთ ამ ყველაფერს, თქვენც გაჩუქებთ ღმერთი ამ გრძნობას, ამ დიდ სიყვარულს, რომელსაც დედობა ჰქვია.
მყავს საყვარელი მეუღლე, რომლის წყალობით მე ფეხზე დავდექი და გავხდი ძლიერი. ქალებო, გაუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევრებს .ნუ დაანახებთ მათ სიცივეს და გულგრილობას, აგრძნობინეთ უფრო მეტი და მეტი სითბო, სიყვარული და ყურადღება, რადგან იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა თავს ქალად გრძნობთ.
გაუფრთხილდით ამ წმინდა სიტყვებს და ყოველწამს დაუზარებლად იმეორეთ: “ჩვენ ძლიერი ქალები ვართ, რადგან ჩვენ სიყვარული შეგვიძლია.!!” მიყვარხართ!”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
მარია ბოკერია