ყველა ოჯახის ცხოვრება განსხვავებულია და მათი პრობლემებიც არ ჰგავს ერთმანეთს. დედები ხშირად წუწუნებენ ცუდ პირობებზე, იმაზე, რომ შინ მოუწიათ დიდხანს ჯდომა ბავშვების გამო, ან იმაზე, რომ ბავშვი რომელიმე წრეზე ვერ დაჰყავთ.
ყველას აქვს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხი, რაზეც ფიქრობს და ღელავს.
მაგრამ არის შემთხვევები, როცა ერთი ადამიანის გარშემო ერთდროულად ბევრი პრობლემა იყრის თავს და იძულებული ხდება, მთელი სიმამაცე და ძალა მოიკრიბოს და მარტო შეებრძოლოს პრობლემებს.
ამ გოგონამ ჩვენს დედების კლუბში მოგვწერა ეს წერილი. მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იბრძოლოს დედამ საკუთარი შვილებისა და ოჯახისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მართლა აუტანელ პირობებში უცხოვრია და ახლაც ასე აგრძელებს ცხოვრებას, ოჯახი შეინარჩუნა, ორ შვილს მარტო ზრდის…
თუმცა ახლა, როცა მესამე შვილზე აღმოჩნდა ორსულად, დილემის წინაშეა და გარშემო მყოფ ადამიანებს სთხოვს მხოლოდ რჩევას, მეტს არაფერს. წაიკითხეთ ამ ახალგაზრდა გოგონას ამბავი და ნამდვილად შეგძრავთ როგორც მისი ცხოვრების პერიპეტიები, ისე მისი სიმამაცე და შეუპოვრობა.
“2 შვილი მყავს, მათ შორის სხვაობა ერთი წელიც არაა. ძალიან გამიჭირდა მათი გაზრდა, 2 და 1 წლისები არიან. საერთოდ არავინ არ მყავს დამხმარე, ჩემი ქმარი საღამომდე სამსახურშია და სულ მივლინებებში დადის.
სახლის საქმეებს რომ ვაკეთებ, ორივე უკნ დამდევს, ჭურჭელსაც ვერ ვრეცხავ, ისინი რომ ჩემს ფეხებთან არ ისხდნენ.
მეორეზე რომ ვიყავი ორსულად, უფროსი ძალიან პატარა იყო. იმდენი მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა, რომ ჩემი ორსულობა არც კი მახსოვდა. პატარა რომ დაიბადა, უფროსი ძალიან იჩაგრებოდა.
მშიერი მელოდებოდა, ვიდრე პატარას ვაჭმევდი და დავაძინებდი. ჭკვიანი ბავშვია და აქეთ მეხმარებოდა, მე რომ საქმეს ვაკეთებდი, ის მირთობდა პატარას. ტყუპებივით არიან, მაგრამ ასაკში ასეთი სხვაობის გამო ორივე დამეჩაგრა…
საბანაოდ 2-3 საათზე შევდივარ, ბავშვების დაძინებისა და სახლის დალაგების შემდეგ. მაგაზიაში რომ მივდივარ, ორივე თან მიმყავს, უკან კი ორი ბავშვით და პარკებით ძლივს მოვდივარ… არ ვწუწუნებ, უბრალოდ სიტუაციას გიხსნით.
უბედნიერესი ვარ, ასეთი შვილები რომ მყავს… და ისე მოხდა, რომ კიდევ ორსულად დავრჩი. ჯერ ერთი თვისაც არ ვარ, მაგრამ გადამიცდა… ტესტმა ჯერ არ მიჩვენა, მაგრამ მე ვიცი, რომ ვარ.
ძალიან მინდა, 4 შვილი მყავდეს, მაგრამ ახლა რომ გავაჩინო, ვიცი, უძალიანესად გამიჭირდება 3 ბავშვით, მატერიალურად კი არა, ფიზიკურად.
მეტირება, მოშორებაზე რომ ვფიქრობ, მაგრამ ხომ უარესი იქნება, ვერც ერთს რომ ვერ მივაქცევ სათანადო ყურადღებას. თან მესამე წელია სახლში ჩავიკეტე, უფროსი ბაღში დამყავს, პატარაც თან მიმყავს, რომ ვერავის ვუტოვებ.
ორსული ორი ბავშვით ხომ ვერ ვივლი? ინებ ვინმეს ჰყავს ასე მიყოლებული 3 შვილი და მირჩიოს რამე… აღარ ვიცი, რა ვქნა, ძალიან ცუდად ვარ. მინდა გავაჩინო, მაგრამ ფიზიკურად არ შემიძლია… ჯანდაბას, როგორმე ძალას მოვიკრებდი, მაგრამ ბავშვებიც გაწვალდებიან.
ვიცი, ბევრი მეტყვის, რომ ყველაფერი გამოჩნდება მერე და ყველაფერი გამოვა, მთავარია გავაჩინო. მაგრამ მე არც დედა მყავს და არც მამა, არც და-ძმა.
ჩემს დედამთილს ვეჯავრები (ტიპიური ეჭვიანი დედაა). რომ გავთხოვდი, შვილი ძალიან მინდოდა, ის კი იძახდა, ვლოცულობ, 1 წელი მაინც არ დარჩეო, მაგრამ მალევე დავრჩი. სიხარულისგან ვკიოდი, ის კი მწყევლიდა, 9 თვემდე არ მიგაღწევინებო.
ჯოჯოხეთური ორსულობა გამომატარა (ფიზიკურადაც კი მეხებოდა). ჩემს ქმართანაც ურთიერთობა გამიფუჭა. მერე ჩემი გოგო დაიბადა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე, დედამთილის წყევლა და ლანძღვა აღარც კი მოქმედებდა ჩემზე.
3 თვის მერე გავიგე, რომ კიდევ ორსულად ვიყავი, ძალიან შემეშინდა, მეთქი 2 ბავშვს როგორ გავზრდი-თქო, მაგრამ მოშორება არც მიფიქრია…
უარესი ორსულობა მქონდა, აგარაკზე ვცხოვრობთ, ვანა-ტუალეტი გარეთ გვაქვს. საპირფარეშოში რომ მივდიოდი, პატარაც თან მიმყავდა და ტუალეტის კართან ვაყენებდი, აბაზანაში ჭოჭინით შემყავდა და ისე ვბანაობდი.
ორსულს სულ ძილი მინდოდა. რომ მეძინა, ბავშვი თავთან მეჯდა და წყნარად თამაშობდა. ღამით ხან გამოცვლა ჭირდებოდა, ხან – წყალი, ხან გაიღვიძებდა…
ამდენ მოძრაობაში ნაყოფს ჭიპლარი დაეხვია, კინაღამ გაიგუდა… ექიმმა მშობიარობის დროს აღმოაჩინა 2-ჯერ შემოხვეული ჭიპლარი, ძლივს ამოიყვანეს, სულ ლურჯი იყო, თვალებშიც კი სისხლჩაქცევები ჰქონდა…
მალე მოკეთდა და როგორც გითხარით, ახლა ორის გაზრდა დავიწყე მარტომ. ჭურჭელს რომ ვრეცხავდი, ერთი სამზარეულოს მაგიდაზე იჯდა, მეორე ხელში მეჭირა, რძე ვერ შევინარჩუნე (ხანდახან მთელი დღე ისე გადიოდა, ჭამასაც ვერ ვასწრებდი)…
წამოვზარდე, მაგრამ ორივეს დავაკელი ყურადღება. უფროსი ლაპარაკს რომ იწყებდა, მე ვაჩუმებდი, პატარას ძინავს-თქო… ჩემ გარეშე არ იძინებენ, აქეთ-იქიდან ხელკავგაყრილებს სძინავთ, თუ ვერ, მიპოვიან მტრისას…”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: მშობლები.გე