კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია. ბოლო 10 წელია ამ საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა თანდათან მატულობს. იქ მჯდომარე ანასტასია განისვენებს. 44 წლის წინ გარდაცვლილი ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს (რომლებიც მას დედაოდ მოიხსენიებენ) თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ.
ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა.
ანასტასია ნიკიშევას შესახებ ცნობები მწირია. მისი მშობლები თბილისში საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგიდან. გადმოვიდნენ. იგი 1884 წელს დაიბადა და 84 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა. 19 წლიდან კი 65 წელი მჯდომარემ გაატარა.
ტრაგიკულმა სიყვარულმა ანასტასია სალოსად აქცია. მის შესახებ საზოგადოებას მოგონება (ხსნის საიდუმლო) არქიმანდრიტმა რაფაელ კარელინმა შემოუნახა (რომელიც მას სალოსად მოისხსენიებს): “მჯდომარე ანასტასია ხალხთან იგავებით ლაპარაკობდა, მაგრამ მისი ნათქვამი უსათუოდ ხდებოდა.
მისი მოღვაწეობა, ისევე როგორც ძველი დროის მესვეტისა, ადამიანურ ძალას აღემატებოდა. ის ფარდულში ჩაცუცქული იჯდა და არ დგებოდა. ზამთარში მხოლოდ გრძელი მოსასხამით იფარავდა სიცივისგან თავს. ძალიან ცოტა ეძინა, თავს მუხლებამდე ხრიდა და ისე იძინებდა, როგორც წესი, განთიადისას”.
მჯდომარე ანასტასია ნაძალადევში, ამჟამად ხიმშიაშვილის ქუჩა #11-ში ცხოვრობდა. ახლა იქ მისი დისშვილი, 79 წლის გიორგი საზონოვი ცხოვრობს. იგი მჯდომარე დეიდას 30 წელი, სიკვდილის ბოლომდე უვლიდა.
გიორგის იმ ეზოში უამრავი მიმსვლელი ახსოვს, მათ შორის, ბერიას დედა და მჟავანაძეც. იხსენებს, რომ ანასტასია მათ უცნაურად ექცეოდა.
ზოგს ტკბილად ესაუბრებოდა, ზოგს კი შინიდან აგდებდა და მისთვის მირთმეულ ძღვენს ფანჯრიდან უყრიდა. ბავშვებს გვიხაროდა, როცა ეზოში ვაშლები თუ სხვა რამ გამოგორდებოდა, ავკრეფდით ხოლმე და გემრიელადაც მივირთმევდით.
მჯდომარედ ყოფნის მძიმე ტვირთი 19 წლისამ საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობის გამო იტვირთა. დედა ადრე გარდასცვლია, დედინაცვალს კი მისი სილამაზის შურდა. გოგონა ერთ გვარდიის ოფიცერს შეჰყვარებია და მისი ცოლად მოყვანა განუზრახავს, დედინაცვალი კი მათ ურთიერთობას ხელს უშლიდა.
ეს ამბავი მეზობელი ქალების ნაამბობით ვიცი. საღამოობით ქალები ეზოში ლოტოს თამაშობდნენ, მე კი ბავშვი ვიყავი და ვუსმენდი. ჰყვებოდნენ, რომ მოსულა ერთი ოფიცერი და ანასტასია უკითხავს. გამოსულა დედინაცვალი და მიუხლია, ანასტასია შეიშალა და საგიჟეთში წაიყვანესო. ამ ამბით შეძრწუნებულ კაცს კი იქვე მოუკლავს თავი. ეს ქალებისგან მოვისმინე.
ანასტასიას სალოსობა სწორედ მაშინ დაუწყია, როცა საქმრო მკვდარი უნახავს, შემძვრალა საღორეში და აღარ გამოდიოდა. იკვებებოდა სალაფავით. წლების შემდეგ კი ეზოში, დაბალ სკამზე დამჯდარა და აღარც ამდგარა.
ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ფეხები მუხლებს ქვემოთ შეუხორცდა და ვეღარ ამოძრავებდა, – წერს მამა რაფაელი მოგონებებში.
კუკიის სასაფლაოზე დედა ანასტასიას საფლავს ქურთი რამაზ სალიმიანი უვლის. როგორც ამბობს, ის და მისი ოჯახი ანასტასიას მადლით მართლმადიდებლად მოინათლნენ.
- საფლავის მოსალოცად მისული ნატა ბერეკაშვილი გვიყვება:
– თავიდან ასეთი რწმენა არ მქონდა, როგორც ახლა, მაგრამ მერე მართლაც შემეწია და დამეხმარა დედა ანასტასია. მას შემდეგ სულ დავდივარ და მის საფლავზე ვაშლებს ვაგორებ. უკან კი იმედით აღსავსე ვბრუნდები.
გთხოვთ გააზიარეთ სტატია. წყარო: კვირის პალიტრა – ეკა ბახუტაშვილი