ნუკი: “თქვენი რჩევა ძალიან მჭირდება. გთხოვთ, ჩემი ტკივილი გულთან მიიტანეთ და ნუ გამკიცხავთ.
ჯგუფელ ბიჭს 7 წელი ვუყვარდი, მაგრამ ჩემი გული ვერაფრით მოიგო, უფრო სწორად, ვმეტიჩრობდი და მის სიყვარულს ვითომ არაფრად ვაგდებდი, სინამდვილეში კი მისი ყურადღება ძალიანაც მსიამოვნებდა.
ის კოლეჯის დამთავრების შემდეგაც მეკონტაქტებოდა. ერთ დღეს გავთხოვდი, უფრო სწორად, მომიტაცეს და მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, მშობლებმა მასთან დამტოვეს (ასე ხომ ბევრი ქართველი დედა და მამა იქცევა).
ჩემი მეუღლე იყო ადამიანი, რომელიც 7 თვის ორსული ქალის ცემასაც არ ერიდებოდა და დღემდე ასე გრძელდება, მაგრამ სიმართლეს ვერავის ვეუბნები, ყველაფერს გულში ვინახავ ჩემი 2 წლის შვილის ხათრით – არ მინდა, მას მამა დავაკარგვინო…
ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჩემს ყოფილ ჯგუფელს შევხვდი. მთხოვა, – შენი ტელეფონიდან ზარი გამაშვებინეო. თურმე, თავის ტელეფონზე დარეკა და ჩემი ნომერი დააფიქსირა.
ამის შემდეგ ჩვენ შორის ძველებური ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ის ჩემი მესაიდუმლე გახდა, ქმრისგან მოყენებულ ტანჯვას მას ვუზიარებდი და ჩემდა უნებურად, ამ კაცს სხვა თვალითაც შევხედე.
ჩემდა საუბედუროდ, მას უკვე სხვა ჰყავდა ანუ შეყვარებული იყო გოგონაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, მის სიყვარულს იმსახურებს. ჩემს ყოფილ ჯგუფელს გაორება დაეწყო – “ლოვესთანაც” ჰქონდა ურთიერთობა და შეხვედრას მეც მთხოვდა ხოლმე.
რაღა დაგიმალოთ და, მას ხშირად ვნახულობდი, მაგრამ მერწმუნეთ, სხვანაირი ურთიერთობა არ გვქონია. ყოველთვის ვეუბნებოდი: ჩვენს შეხვედრას აზრი არა აქვს, შენ მალე იმ გოგოს მოიყვან ცოლად-მეთქი.
ამაზე მპასუხობდა: ჩემი ბავშვობის დროინდელი სიყვარული ხარ და შენთან ურთიერთობას არ გავწყვეტო!.. ერთი კვირის წინ სადღაც დაიკარგა: აღარც შემეხმიანა, აღარც ჩემს ზარს პასუხობდა.
მერე შემთხვევით, მისი ფოტოები “ოდნოში” ვნახე და მივხვდი – თურმე, დაოჯახდა. იმ დღის შემდეგ ჩემს თვალებს ცრემლი არ შეშრობია. ახლა ვხვდები, რომ 7 წლის წინაც მიყვარდა, მაგრამ მაშინ თავში მიქროდა და…
ამას წინათ მომწერა: შენი ნახვა მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგანაც პირობა დავდე: როგორც კი ცოლს მოიყვანს, მასთან ურთიერთობას შევწყვეტ -მეთქი!
ამ ადამიანს იმიტომ ვხვდებოდი, რომ ქმართან ბედნიერი არა ვარ, მასთან ლაპარაკში ვპოულობდი შვებას, მაგრამ არ მინდა, ჩემდა უნებურად, მის ცოლს ტკივილი მივაყენო, ბოლოს და ბოლოს, მას ხომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია…
მართალია, მის გარეშე ყოფნა მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავივიწყო. მირჩიეთ, როცა შემეხმიანება, როგორ მოვიქცე, რა ვუთხრა ან საერთოდ, როგორ დავივიწყო?”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წერილი გამოქვეყნდა ჟურნალ “გზა”-ში