იშვიათად, მაგრამ მაინც არიან მამაკაცები, რომლებსაც ქალის გაგების, მიტევების, თმენის, თანაგრძნობის და დაცვის უნარი აქვთ, მზად არიან, მიუტევონ წარსულისა და აწმყოს შეცდომები, მის ღალატს “ღალატი” არ დაარქვან, მიზეზი საკუთარ თავსა და გარემო პირობებში ეძიონ, ქალს კი ხინჯიც არ მიაყენონ, ის სიმაღლე და ღირსება შეუნარჩუნონ, რისთვისაც თავის დროზე შეიყვარეს და პატივს სცემდნენ.
ჩვენმა რესპონდენტმა, 60 წლამდე მამაკაცმა, გრიგოლმა, თავისი მეორე ნახევრის მიმართ გამოჩენილი ასეთი დიდსულოვნებით გაგვაოცა.
გრიგოლი:
– არ ვიცი, მკითხველი რამდენად გამიგებს, როგორ შეხვდება ჩემს აღსარებას. ზოგადად გულწრფელი ადამიანი ვარ, არაფერს ვმალავ. ვერ ვიტყვი, რომ ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ჩემი სიმართლეა. თუ ვთვლი, რომ რაღაც სიტუაციაში მართალი ვარ, შესაბამისადაც ვიქცევი.
საქმე თუ პირად ცხოვრებას ეხება, შენზე უკეთ ვერავინ მიხვდება, როგორ მოიქცე, გარშემომყოფები არც უნდა ჩარიო.
სოფელში გავიზარდე ორ ძმასთან ერთად. სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი, გავიცანი სალომე – მაღალი, ეშხიანი, ჩამოქნილი ტანით, გრძელ ნაწნავს ატარებდა. ასეთ გოგოზე ვერც ვიოცნებებდი. ზოგადად არ ვიყავი მორცხვი, მაგრამ მისი დანახვისას ვწითლდებოდი.
ცასა და დედამიწასავით ვჩანდით, მომწონდა, მაგრამ მის სიყვარულზე ვერ ვფიქრობდი. თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი, მეშინოდა, რომ სოფლელ ბიჭს უარს მეტყოდა, გაწბილებული და დამცირებული დავრჩებოდი.
დავუახლოვდით ისე, როგორც მეგობარი. გულწრფელი იყო, ერთმანეთს ამით ვგავდით. თავის სიყვარულზე მომიყვა, როგორ შეუყვარდა ასაკით უფროსი მამაკაცი, მან კი გამოუცდელი გოგოს გრძნობით ისარგებლა, აცდუნა, მიატოვა.
ეს ორმხრივი ტრავმა იყო: სიყვარულში გაწბილება და ქალწულობის დაკარგვა – ქალიშვილობა მაშინ ჯერ კიდევ ითვლებოდა ღირსებად. ამით ახალგაზრდა, მშვენიერ გოგოს ნდობაც შეერყა და თვითრწმენაც, ხალხიც ცუდი თვალით შეხედავდა, შეიძლებოდა აღარავის ეთხოვა.
ეს რომ მითხრა, აღმომხდა – შენისთანა კარგ და ლამაზ გოგოს ცოლად ვინ არ მოიყვანს-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა და ამოიოხრა, ნეტავ, ვის ვუნდივარო. თუ მიკადრებ და გამომყვები, წაგიყვან-მეთქი, მივმართე.
თავიდან ეგონა, თავაზიანობისთვის, სანუგეშოდ ვუთხარი. რომ შემატყო, არ ვხუმრობდი, მიპასუხა, არ მინდა, შენი წესიერებით ვისარგებლო, მართალია, ჩემთვის ხელსაყრელია გათხოვება, განათხოვრის სახელით უფრო იოლია ცხოვრება, ვიდრე შეცდენილის, მაგრამ ამ სტატუსის გამო ვერ გამოგიყენებო.
მივხვდი, რომ ქორწინება წარსულის ლაქის გადასაფარად უნდოდა. უსიყვარულოდ ვერ გათხოვდებოდა, არადა ეშინოდა, არ დაეწუნებინათ. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი გარიგებისთვის – ფორმალურად ვიქორწინებდით და, როცა თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ, გავიყრებოდით. დამთანხმდა.
– ახალგაზრდა კაცი რისკზე წასულხართ, ამით პირად ცხოვრებას დებდით სასწორზე.
– დიახ. სალომეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც საქმრო, ისე მიმიყვანა გასაცნობად. სალომეზე სიმართლე იცოდნენ, მაგრამ ეგონათ, მართლა ვერთდებოდით. შვილისთვის ალბათ უკეთესი უნდოდათ, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ერჩივნათ, სალომეს ქმარი ჰყოლოდა, ვიდრე მარტო ყოფილიყო.
მთხოვეს, შვილს შენთან, ნაქირავებ ბინაში ვერ გამოვუშვებთ და ჯობს, ჩვენთან იცხოვროთო. შევყოყმანდი. სალომემ მანიშნა, დათანხმდიო. ეშინოდა, ჩემ წინააღმდეგ არ წასულიყვნენ და ქორწინებაზე უარი არ ეთქვათ. ხელი მოვაწერეთ, მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად აღვნიშნეთ სადად, უბრალოდ.
რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. უნდა მეცხოვრა სასურველ ქალთან ერთად, ერთ ჭერქვეშ დაგვეძინა და არ შევხებოდი.
– შეძელით?
– იატაკზე ვწვებოდი. ვერც მე ვიძინებდი, ვერც ის. რა უნდა გვექნა – გვიანობამდე ვლაპარაკობდით, ვჩურჩულებდით. სალომე თუ დაიძინებდა, წამოვჯდებოდი და მთვარის შუქით განათებულ მის სახეს ვუყურებდი. შევიგრძენი, რომ უზომოდ მიყვარდა. მისთვის ყველაფერზე წავიდოდი.
სწავლას თავი დავანებე და სამსახური დავიწყე, სალომეს ოჯახის მანდილოსნებთან რომ არ შევრცხვენილიყავი. ვატყობდი, რომ ჩემს ყოველ მოქმედებას აკვირდებოდნენ და წონიდნენ, ასე ვთქვათ, შესწავლის პროცესში ვიყავი. ცოლქმრობანას თამაში გვიწევდა – ჩვენისთანა ნატურისთვის თამაში არ იყო ადვილი.
– ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებდით, ოჯახშიც გამჟღავნდებოდა.
– მიგვიხვდნენ. საქმე ისაა, რომ ჩემს ოჯახს არ შევატყობინე, ვიფიქრე, ალბათ მალევე გავიყრებით და რა საჭიროა-მეთქი. სალომეს დედას კი უკვირდა, რატომ არ ჩნდებოდნენ ჩემები. მეუბნებოდა, გვეწვიონო, მე კი რაღაცებს ვიმიზეზებდი. ტყუილი არ მეხერხებოდა და სახეზე მეწერა.
მოკლედ, სამი თვის შემდეგ სალომემ ოჯახში აღიარა, რაც ხდებოდა. წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ დედამ და დეიდამ შემაჩერეს. ეტყობა, პიროვნულად მოვეწონე, სალომეს მიმართ ჩემი გრძნობაც დააფასეს და ხელი შემიწყვეს, რომ მართლა შევუღლებულიყავით. სალომეც დაითანხმეს.
– ალბათ მთავარი მაინც ის იყო, სალომეს დაეფასებინა თქვენი გრძნობა და სიყვარულით ეპასუხა. ასე მოხდა?
– სალომეს სიყვარული თანაცხოვრებისას მოვიდა. მამა გარდამეცვალა და სოფელში წასვლა მიწევდა, დედას სჭირდებოდა დახმარება მეურნეობაში. ჩემი უფროსი ძმები ცოლშვილიანები იყვნენ და ცალკე ცხოვრობდნენ. მშობლების სახლკარი მე მრჩებოდა და იქაურობისთვის უნდა მიმეხედა.
სამწუხაროდ, ჩვენს გვარში რაღაც გაუტანლობა იყო დედმამიშვილებს შორის. ჩემს ძმებს ცოლებიც ისეთი შეხვდათ, მიწის თითოეულ მტკაველს რომ ანგარიშობდნენ. რაკი ცოტა იმაზე მეტი მრჩებოდა მშობლებისგან, ვიდრე მათ ერგოთ, ამითვალწუნეს და ცდილობდნენ, ზიანი მოეყენებინათ, თუნდაც ცუდი ენით.
მაზლის ცოლებს სალომესი შურდათ, ვერც ქალაქელობით დაიკვეხნიდნენ და ვერც მისნაირი გარეგნობით, ამიტომ ზურგს უკან სულ კენწლავდნენ, ცდილობდნენ, ისეთი ეთქვათ, რაც სალომეს დაკნინების ხარჯზე მათ “ღირსებას” წარმოაჩენდა – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ. სოფელში კი, მოგეხსენებათ, ენები როგორ ტრიალებს.
– სალომეს ძველი ისტორია ხომ არ შეიტყვეს და ამოატივტივეს?
– როცა ქექავ, რაღაცას აღმოაჩენ. ტყუილ-მართალი აურიეს და საშინელებები ილაპარაკეს, ვითომ სალომემ შეცდომაში შემიყვანა და თავი “შემომასაღა”. მათი ამ ენების გამო ძმებს დავუპირისპირდი, რძლებს ხომ არ დავუწყებდი საქმის გარჩევას!
– ალბათ ეს ჭორი დედათქვენის ყურამდეც მივიდა. მან როგორ მიიღო რძალი?
– დედა შეგნებული ქალი იყო, სალომე დაიცვა ისე, რომ დეტალების გარკვევა არც უცდია. შვილებსაც და რძლებსაც გვარიანად შეუტია. შედეგად ისინი აღარც ეკარებოდნენ, შვილიშვილებსაც აღარ ანახვებდნენ. ბავშვები ჩუმად მორბოდნენ ხოლმე ბებოსთან.
– თქვენს შვილს არ ახსენებთ, ცოლ-ქმარს არ შეგეძინათ?
– სამწუხაროდ, არ გვყავს. იმ შემთხვევის გამო სალომეს აბორტის გაკეთება მოუწია. ეს ცოდვა იტვირთა და… აღარ შეგვეძინა.
– აბორტის შესახებ იცოდით, სანამ შეუღლდებოდით?
– ვიცოდი, მაგრამ არ გვეგონა, უშვილობა თუ მოჰყვებოდა.
– მაინც შეირთავდით?
– რა თქმა უნდა. სალომეზე უარს ვერ ვიტყოდი. სასურველია, ცოლ-ქმარს მემკვიდრე ჰყავდეს, მაგრამ მთავარი მაინც სიყვარული და ურთიერთობაა.
– გარშემომყოფთა ცუდმა ენებმა ცოლ-ქმარს შორის წყალი არ აამღვრია?
– სალომე სოფელში ვეღარ მომყვებოდა. თუ წამოვიდოდა, ჭიშკრის გარეთ თავს ვერ ყოფდა, ითრგუნებოდა. დედამთილს თვალს ვერ უსწორებდა, თუმცა დედაჩემი არაფერს აგრძნობინებდა. ვცდილობდი, უხერხულობისგან დამეცვა და მარტო ჩავდიოდი დედასთან.
მერე დედა დაუძლურდა და ყოველდღიური მიხედვა სჭირდებოდა. ჩემმა ძმებმა და რძლებმა ხელები დაიბანეს. სოფელში კვირაობით დარჩენა მიწევდა, ბოლოს უკვე დედას საერთოდ ვეღარ ვტოვებდი.
– ცალ-ცალკე ცხოვრებამ ცოლ-ქმარი მორალურადაც გაგრიყათ?
– ბოლო 5 წლის განმავლობაში იშვიათად ვხედავდით ერთმანეთს. მის მიმართ გაუხუნარი გრძნობა მქონდა. მეგონა, მასაც იგივე ექნებოდა…
– შეცდით?
– სალომეს სხვა მამაკაცი შეუყვარდა. თავად მითხრა, არ დამიმალა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ კაცს უყვარდა, სალომესაც გაუჭირდა გრძნობის მოთოკვა. გარეშე თვალისგან ეს ცუდად ჩანს, შეიძლება ბევრმა გაკიცხოს, განიკითხოს. ქალის განცდებს ვერავინ გაიგებს, სანამ მის მდგომარეობაში არ აღმოჩნდება.
– თავად როგორ მიიღეთ, გაგებით მოეკიდეთ?
– ბუნებრივია, ძალიან განვიცადე, მაგრამ ღალატად არ აღმიქვამს. თავი დავიდანაშაულე. წლების განმავლობაში ცოლი მიტოვებული მყავდა, ეს უნდა გამეთვალისწინებინა, მეტი განმესაზღვრა. მატერიალურად რომ ეხმარები, მორალურად უდგახარ და შორიდან ესათუთები, ქალისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ქალს მოფერება, მზრუნველობა და ყოველდღიური სითბო სჭირდება.
– საოცარი გაგების უნარი გქონიათ. რა მოიმოქმედეთ, ცოლი გაათავისუფლეთ ქორწინებისგან?
– ოფიციალურად გავიყარეთ, მაგრამ ძალიან განვიცადეთ, ორივე ვტიროდით. გაოცებულები გვიყურებდნენ, თუ ერთმანეთი არ გეთმობათ, რისთვის ეყრებითო. გაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო – ასე უკეთესი იქნებოდა სირცხვილის ჩამოსარეცხად. ჩემს თავმოყვარეობას არ ვგულისხმობ, მისი ბედი მადარდებდა.
ვიცოდი, სანამ ჩემი ცოლი ერქმეოდა, სხვა კაცს ვერ გაჰყვებოდა, ამით იტანჯებოდა. იმისთვის, რომ ჩემი ცოლი რქმეოდა, სალომეს ვერ დავტანჯავდი. მე ბევრი ვერაფერი მივეცი. იქნებ სხვასთან უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა.
– კაცისთვის იშვიათი დიდსულოვნება გამოგიჩენიათ ცოლის მიმართ.
– მესაკუთრეობა არ მახასიათებს. ქალის გაგების უნარი მაქვს, მაგრამ ალბათ გადამწყვეტი მაინც სიყვარულია. თუ ქალი გიყვარს, თავისუფლება უნდა მისცე, შენ გამო არ უნდა შეზღუდო. ძალით ვერც სიყვარულს შეინარჩუნებ და ვერც ურთიერთობას.
– სალომეს ახალ ქორწინებაში გაუმართლა?
– არც ის ურთიერთობა გამოდგა მარადიული. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წინასწარ ვერაფერს გათვლი… 10 წლის შემდეგ შევრიგდით, ახლა ერთად ვართ.
– იმ ხნის განმავლობაში სხვა ქალის შერთვაზე არ გიფიქრიათ?
– არა. მიწას ვამუშავებდი, დედას ვუვლიდი. მერე დედაც გარდამეცვალა. ნათესავები ქალს მირიგებდნენ, მარტო რომ არ ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვისურვე. მარტოობის შესავსებად ცოლს ვერ შევირთავდი. არც დამხმარე ძალა მჭირდებოდა, ასე თუ ისე, საქმეს ავუდიოდი. ვერც იმ ქალს ვკადრებდი, უსიყვარულოდ მომეყვანა და ძალაუნებურად დამეტანჯა. ქალი ქმრისგან უპირველესად სიყვარულს ელის. გრძნობას ვერ მივცემდი, ვერ გავაწბილებდი.
– ბევრი კაცი მსგავს შემთხვევაში ცოლთან შერიგებაზე წლების შემდეგაც უარს იტყოდა, ვეღარ ენდობოდა. თქვენი სიყვარულის და დიდსულოვნების გარდა, კიდევ რა გახდა იმის საფუძველი, რომ ყოფილ მეუღლეს შეურიგდით?
– მისმა გულწრფელობამ დიდი როლი ითამაშა. სალომეს არასდროს მოვუტყუებივარ, რაც უნდა მწარე ყოფილიყო სიმართლე. ამით მის მიმართ პატივისცემა შევინარჩუნე. წყვილს შორის გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ამას თავის დროზე განხეთქილებაც მოჰყვეს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად დაფასდება, სხვაგვარად შეუძლებელია.
– ამჟამად სად ცხოვრობთ, ხალხის ენებს როგორ გაუმკლავდით?
– ხან ქალაქში ვართ, ხან სოფელში. როცა მყარი და შეუვალი ხარ, ენები ვერაფერს დაგაკლებენ. იტყვიან ერთხელ, ორჯერ, ათჯერ ან თუნდაც ასჯერ… მერე იღლებიან. ისეთი ცხოვრება მოვიდა, ყველგან არეულობა და პრობლემებია. დალაგებული ურთიერთობა და სიტუაცია იშვიათად თუ ვინმეს აქვს. ასე რომ, ჯობია, საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ და ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ. ამით მეტს მოვიგებთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნინია კახიძე, ჟურნალი სარკე