ცოლს ღალატის გამო გავშორდი, ანუ, მე ვუღალატე და არ მაპატია. თუმცა, ჩემს საქციელს მთლად ღალატადაც ვერ ჩავთვლი, რადგან, ოფიციალური საყვარელი კი არ გავიჩინე, შემთხვევითი ურთიერთობა მქონდა ქალთან, რომელიც არც მანამდე და არც მერე აღარ მინახავს.
შემთხვევითი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც ასე მოხდა. ჩემი მეგობარი ცოლს ირთავდა და ქორწილის წინ „მალჩიშნიკი“ მოაწყო.
ცხადია, მარტო კაცები ვიყავით, მაგრამ, ქეიფის შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა სიურპრიზი გაგვიკეთა და ქალები მოიყვანა. რა უნდა მექნა ასეთ დროს, გამომეცხადებინა, რომ პიონერული ფიცი მაქვს ცოლისთვის მიცემული და სახლში უნდა წავიდე-მეთქი?!
მით უმეტეს, რომ, ისეთი ნასვამი ვიყავი, იმ ქალის სახეც კი აღარ მახსოვს. ეს ამბავი კი ისევ იმ სიურპრიზის ავტორი ძმაკაცის წყალობით გასკდა:
მეორე დღეს ათჯერ მაინც დამირეკა – ჯანზე როგორ ხარ, ხომ არ დაბერდიო. ერთ-ერთ დარეკვაზე ჩემი მობილური ცოლმა აიღო და იმ იდიოტმა მასაც იგივე უთხრა:
მე მეგონა, შენი ქმარი დაბერდა და ჩამოსაწერი გახდა, მაგან კი ყველას გადაგვიჯოკრა, იმისთანა რამეები ჩაიდინაო. ჩემი ცოლი ისედაც ეჭვიანია და ესღა უნდოდა?!
ჯერ ჩემი ტანსაცმელი დაათვალიერა დიდი ლუპით და ოქროსფერი თმის რამდენიმე ღერი იპოვა პიჯაკზე მიკრული. მერე იმ ღერებით ხელში, დოინჯშემოყრილი დამადგა თავზე და, ისეთი დაკითხვა მომიწყო, ვეღარ გავუძელი და ყველაფერში გულწრფელად გამოვუტყდი.
მერე ლამის მუხლებზე დამდგარი ვთხოვდი პატიებას, მაგრამ, არც კი მომისმინა. მაშინვე ჩაალაგა ჩემი ნივთები და ერთი დღის ვადა მომცა, რომ ჩემთვის ბინა მეშოვა, თვითონ კი მეორე დილითვე გავარდა და გაყრაზე შეიტანა განცხადება.
მიზეზად, ცხადია, ჩემი ღალატი დაასახელა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოურეკა ჩემს ძმაკაცებს და ყველას გარყვნილი და გათახსირებული უძახა.
შემდეგ დაემუქრა, თქვენს ცოლებს დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვიო. საწყლები ისეთ დღეში ჩაყარა, ხან რიგ-რიგობით და ხან ერთად მოდიოდნენ და ეხვეწებოდნენ, ცოლებთან არ დაგვაბეზღოო.
საბედნიეროდ, ქეთის ცოლებთან არ დაურეკავს, მაგრამ, მე მაინც გამეყარა, ალიმენტიც დაანიშნინა და ახლა ისეთ დღეში მაგდებს, თავის მოკვლა მინდა:
გარდა იმისა, რომ ნამუსზე ამაგდო და ბინიდან წილი არ მომცა (თუ მზად ხარ, შენს შვილებს ბინა წაართვა, კი ბატონო, წაიღე შენი ერთი ოთახიო), ჩემი საბანკო ანგარიშიდან ყოველ კვირას მახსნევინებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს და, რომ ჰკითხო, ბავშვებს ახმარს.
მე ჩემს შვილებს ისედაც არაფერს მოვაკლებ, მაგრამ, ეს გამოძალვა საშინლად მაღიზიანებს და მაბრაზებს.
აქამდე ყველაფერზე ვთანხმდებოდი იმის შიშით, რომ ბავშვების ნახვა არ ამიკრძალოს-მეთქი, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მაძლევს შვილებთან შეხვედრის უფლებას, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ უფლება მომცა, ბავშვები კვირაში ერთხელ ვნახო.
აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზედმეტ უსიამოვნებასაც ვერიდები, რადგან ბავშვები ისედაც საშინლად განიცდიან სახლიდან ჩემს წასვლას. ერთმა ახლობელმა მირჩია, ცოლს სასამართლოში უჩივლე, რომ შეთანხმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევსო, მაგრამ, ამას ვერ ვაკეთებ.
ჯერ ერთი, მერიდება, რომ ჩემი შვილების დედას ვუჩივლო, თანაც, ზუსტად ვიცი, ამას ისეთი რეაქცია მოჰყვება, მთლად შეაძულებს შვილებს ჩემს თავს.
ჰოდა, ვარ ახლა ასე – უოჯახოდ, უშვილებოდ, ნაქირვებ ბინაში და იმას ვფიქრობ, როგორ მოვიქცე, რომ ჩემს ყოფილ ცოლს გული მოვულბო და თუნდაც ბავშვების ხათრით შემირიგდეს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
გუჯა, 36 წლის.