მე და ჩემი მეუღლე ერთადერთ შვილს ვზრდიდით და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და გრძნობა მქონდა.
სკოლაშიც კი მერვე კლასამდე ხელჩაკიებული მიმყავდა, ყოველ მის ნაბიჯს ვაკონტროლებდი. ვცდილობდი, სწორ გზაზე დამეყენებინა, განათლება მიმეცა და გამორჩეულად კარგი ბიჭი აღმეზარდა.
ასეც, იყო. მართლა, კარგი გაგებით, თითით საჩვენებელი ბიჭია ჩემი შვილი, თუმცა მე ჩავიჭერი მასთან. ბოლომდე ვერ გავუწიე კარგი დედობა, უხეშად ჩავერიე მის პირად ცხოვრებაში და ახლა ძალიან ვნანობ.
სულ მეგონა, რომ შერჩეულ გოგონას გამაცნობდა და ცოლად ჩემი თანხმობის შემდეგ მოიყვანდა. თუმცა, ისე ხვდებოდა, ისე შეიყვარა და სახლშიც ისე მომაყენა რძლად, რომ არც კი ვიცოდი მისი არსებობა.
ცუდი გოგო ნამდვილად არ არის, მაგრამ, რადგან რაიონიდან იყო, დავიწუნე, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, ამ გოგოს სახლში არ შემოვუშვებ-მეთქი.
არ დამავიწყდება ჩემი შვილის გამოხედვა. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: დედა, გთხოვ, არ გინდაო. მაშინ, უკან არ დავიხიე, არ მივიღე ის გოგო რძლად და ახლა, ძალიან ვანანობ.
რასაკვირველია, ჩემმა შვილმა ჩემ გამო საყვარელ გოგოზე უარი არ თქვა, ბებიის დანატოვარ ერთოთახიან ბინაში გადავიდა, მასთან ერთად დღემდე იქ ცხოვრობს.
თავიდან მეგონა, ჩემი ცხოვრება დასრულდა, ტირილში ვათენებდი და ვაღამებდი. ჩემს ქმარზეც იმოქმედა ამ სიტუაციამ და ინფარქტი დაემართა, მადლობა, ღმერთს გადარჩა.
შერიგება გვინდა, მაგრამ ვხვდები, რომ ახლა ურთიერთობის აღდგენა გვიანია. იმდენი შეურაცხყოფა მივაყენე ჩემს რძალს, მრცხვენია. არც კი ვიცი, რა დამემართა, ასე რამ დამაბრმავა, იმის გამო როგორ დავიწუნე, რომ რაიონიდან იყო.
მართლა კარგი გოგოა – ლამაზი, ჭკვიანი, მოსიყვარულე… ჩემს შვილს ცივ ნიავს არ აკარებს. საოცარი მეოჯახე გამოდგა, კარგი ცოლი და არაჩვეულებრივი დედა.
თუმცა, ჩემთან ურთიერთობა არ უნდა. ჩემს შვილს არ უშლის ჩემთან მოსვლას და შვილიშვილის მოყვანას, დაბადების დღეზე, ახალ წელს თუ რვა მარტს საჩუქრებსაც კი მიგზავნის, მაგრამ თავად არ მოდის.
არადა, ოთხოთახიან ბინაში მე და ჩემი ქმარი დავდივართ წინ და უკან და ისინი ერთ ოთახში იკუჭებიან. ვისთვის მინდა ან სახლი, ან ქონება და ან ცხოვრება? ისევ მაგათთვის, სხვა ვინ მყავს?
მაგრამ, ვერ მოვიფიქრე, რა გავაკეთო, რომ დანაშაული გამოვისყიდო. ისიც კი შევთავაზე, მე და ჩემი ქმარი გადმოვალთ მაგ ბინაში, თქვენ, ახალგაზრდებმა, მოდით და აქ იცხოვრეთ-მეთქი, მაგრამ უარი თქვეს.
პირველად რომ მოვიდა, მაშინ ვუთხარი: ჩამოხვედი რაიონიდან და გინდა, თბილისში, ამხელა სახლში იპარპაშო, ამიტომ გამოიჭირე ჩემი შვილი, თორემ რა სიყვარულზეა ლაპარაკი-მეთქი.
ჰოდა, ახლაც ასე უთქვამს ჩემი შვილისთვის: დედაშენს გადაეცი, რომ ნამდვილად არ მინდა არც მისი სახლი და არც მისი ნივთები, მე შენ მიყვარხარ, შენ გამოგყევი და ორივე შევძლებთ ისე ვიცხოვროთ, რომ ბედნიერები ვიყოთ.
მატერიალური კი ჩემთვის მეორეხარისხოვანიაო. არც ჩემ მიერ გაგზავნილი ოქროული მიიღო. უკან გამოატანა ჩემს შვილს და დააბარა: მადლობა, მაგრამ მე არ მინდა, თუ გინდათ, შვილიშვილი რომ გაიზრდება, მას მიეცითო.
მისგან ასეთი დამოკიდებულება არ მწყინს. თავიდან ნათესავებში მოვჭერი თავი, ისეთები ვილაპარაკე მასზე, მერე სახლიდან გავაგდე და რძლად არ მივიღე და რა გასაკვირია, ასე რომ მექცევა.
არადა, მართლა ვინანიებ, ხმას არ ამოვიღებ, ოღონდ მოვიდეს და ჩვენთან იცხოვროს, მაგრამ ვერ მოვულბე გული. თავიდანვე უნდა განმესაზღვრა რას ჩავდიოდი, როგორ ვტკენდი გულს ახალგაზრდა გოგოს ჩემი ეგოისტური საქციელით და ამით, როგორ ვცილდებოდი ჩემს ერთადერთ შვილს.
მართალია, ჩემი შვილისთვის საუკეთესო გოგო მინდოდა გვერდით და მეგონა ასეთი მხოლოდ თბილისელი იქნებოდა, მაგრამ ვცდებოდი.
ასეა, არ დავფიქრდი, რძალს ნამდვილი ხმალამოღებული დედამთილი დავხვდი, ამის გამო შვილსაც ვატკინე გული და ქმარსაც ჯანმრთელობა დავუზიანე.
ამიტომ, ვისაც ბიჭები გყავთ, მიიღეთ მათი საყვარელი გოგოები საკუთარ შვილებად, რომ მერე ჩემსავით სანანებელი არ გაგიხდეთ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნანი, 62 წლის.