წარმოდგენა არა მაქვს ახლა სად ხარ, სად ცხოვრობ, ვინ არიან შენი მშობლები, რამდენი წლის ხარ, როგორი თმის და თვალების ფერი გაქვს, ან როგორი ხასიათი… რა გიყვარს, რა გძულს…
მაგრამ, რადგანაც ჩემი შვილი შენზე გააკეთებს არჩევანს, დარწმუნებული ვარ, მისი გულის მოხიბვლა შეძელი, რაც არც ისე მარტივი საქმეა… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერი, შემდგარი და ყოჩაღი ბიჭი ხარ…
ეს უკვე ერთი დიდი პლიუსია შენს ანგარიშზე, – გილოცავ!!! მე უკვე მომწონხარ!!!
როდესაც ჩემი ქალიშვილი იპოვის შენში თავისი ცხოვრების თანამგზავრს, გულის მესაიდუმლეს და სულის საყრდენს, შენ ავტომატურად გახდები ჩემი ვაჟი, რომელიც არ მყავს… და რომლის გამოჩენასაც ველი!
მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომელიც სიდედრისადმი მტრულ, ნეგატიურ დამოკიდებულებას გულისხმობს… დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის არასოდეს გაჩნდება აგრესია… და არ ვიქნები ის ადამიანი, რომლის სტუმრობა არასოდეს უხარიათ…
დღეს ჩემი ქალიშვილის ცხოვრებაში, მთავარი ადამიანი დედაა, ალბათ ასეც უნდა იყოს. …გავა წლები და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ახლობელი შენ გახდები…
თავის გულის დაფარულ სიღრმეებში ჩაგახედებს და როდესაც აიღებ პასუხისმგებლობას მისი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე, არასოდეს დააღალატო!!!
მაშინ, როდესაც ჩემი შვილი შენი გონებითა და გულით დაუწყებს ცხოვრებას ყურებას, გთხოვ, არავის მისცე უფლება ჩააქროს სიხარულის ნაპერწკალი შენი რჩეული ქალის თვალებში. ნურც სხვას და ნურც შენს თავს მისცემ უფლებას ცრემლები მოადინო…
მე რა უნდა მინდოდეს გარდა იმისა, რომ ჩემი შვილი იყოს ბედნიერი!..
ნუ დაპირდები იმას, რის შესრულებასაც ვერ შეძლებ! რადგან ყველაზე სასტიკი გრძნობა იმედგაცრუებაა… საშინელებაა, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანის იმედგაცრუების მიზეზი ხდები. ნუ დაუშვებ ამას! თორემ მერე ძალიან გაგიჭირდება ნდობის მოპოვება.
მე ჩემს გოგონას ვასწავლი პატივისცემას, თანადგომას, მხარდაჭერას, ერთგულებას, გაგებას, ზრუნვას, სხვისი აზრის პატივისცემას, ყურადღების დაფასებას, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერანაირი ურთიერთობა ვერ შედგება.
ერთ დღესაც ამ თვისებებით შთაგონებული, ის შენ ჩაგკიდებს ხელს… და შენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ქალის სახეს გამოძერწავ, უმანკო არსებისგან… ბედნიერს თუ უბედურს, ცხოვრებით კმაყოფილს თუ გულგატეხილს… მომღიმარს თუ ცრემლებით სავსეს…
ვერასოდეს შევეგუები ჩემი შვილის თვალებზე ცრემლს…
ვერასოდეს შევეგუები მის ტანჯვას, თუნდაც არ მითხრას, დედის თვალს არაფერი გამოეპარება…
ვერასოდეს შევეგუები მის ჩაგვრას…
კაცობა უპირველესად ქალისადმი პატივისცემაში გამოიხატება. იმით, თუ რისი დათმობა შეგიძლია საყვარელი ადამიანის გამო.
კაცი, რომელიც ქალზე ხელს აწევს, კაცი აღარაა! ის არც სიყვარულის ღირსია და არც გვერდში დგომის!..
ცხოვრებაში მთავარი ოჯახური სითბო და მყუდროებაა.
ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობა ბევრი მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. მაგრამ, როცა გიყვარს, ეს „მსხვერპლის გაღებაც“ იმდენად სასიამოვნოა… იმდენად საამაყოა, რომ კი არ გღლის, პირიქით, გაბედნიერებს…
ბედნიერია ის ვინც საკუთარ ოჯახში გრძნობს თავს ბედნიერად!..
იყავი ჩემი შვილის თავშესაფარი, ყველაზე ცივ და წვიმიან დღეს, როცა მოწყენილობისგან გული შეეკუმშება…
იყავი მისი მტკიცე ფარი და საყრდენი, რომ ვერაფერმა შეაშინოს და დაჯაბნოს…
იყავი მისი ერთგული ყველა სიტუაციაში… ჭირში თუ ლხინში, პირველი ადამიანი, რომელიც მის სიხარულს თუ დარდს გაიზარებს… და შენ ნახავ, თუ რამხელა ბედნიერების მონიჭება შეუძლია მოსიყვარულე ქალს, რომელმაც იცის რომ აღმერთებენ!!!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
/ ია ნანეიშვილი /
შენიშვნა – ფოტო მითითებულია პირობიდათ