“ნუთუ მირაჟი იყო ჩვენი ურთიერთობა? რატომ განელდა სიყვარული”? – მეკითხება ირმა და შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბობს: – ნიკა მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინვე თვალი დამადგა და მოსვენება აღარ მომცა…
5 თვის მერე ვიქორწინეთ. ძალიან მიყვარდა და მეგონა, სიკვდილამდე გვეყვარებოდა ერთმანეთი. ბავშვები უკვე მოსწავლეები იყვნენ, როცა სამსახური დაკარგა. მე კონსერვატორია მქონდა დამთავრებული, მაგრამ იმ გაჭირვების დროს ვის უნდოდა მუსიკა? ნიკა სმას შეეჩვია. ისე გაიხურავდა კარს, არც მკითხავდა, საჭმელი ჰქონდათ თუ არა
ბავშვებს. რამდენჯერმე ვუსაყვედურე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისევ მე ვიმარჯვე და ნამცხვრების ცხობა დავიწყე.
იმდენს ვშოულობდი, რომ ბავშვები მშიერი არ მყოლოდა. მერე ნიკას რამდენიმე მეგობარმა რუსეთში გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. ნიკაც წავიდა. მალევე გავიგე, რომ საყვარელი გაეჩინა და მისგან ბავშვიც შესძენოდა, მაგრამ რა მექნა? დავცარიელდი, ვეღარაფერს ვგრძნობდი
ნიკას მიმართ. მე რომ ფეხზე მყარად ვმდგარიყავი, უარს ვიტყოდი მის გამოგზავნილ ფულზე, მაგრამ ბავშვებს ჩემი სიამაყის გამო ვერ დავღუპავდი. მეგობრები მანუგეშებდნენ, – საყვარელს რას დაეძებ, ნიკა ფულს მაინც გიგზავნის, სხვები კი უკვალოდ იკარგებიანო.
გავიდა დრო და ახალი შემზარავი რამ გამაგებინეს – ქართველებს ადგილობრივებთან ჩხუბი მოსვლიათ და სამი კაცი, მათ შორის მძიმედ დაჭრილი ნიკაც საავადმყოფოში მოათავსესო. არ შემეძლო ბავშვების დატოვება, დედაც ლოგინად მყავდა ჩავარდნილი, დედამთილმა ერთი ამბავი დამაწია – რომელ კაცს არ ჰყოლია საყვარელი, რატომ არ მიდიხარ ქმართანო.
აზრი არ ჰქონდა დავას. ნიკას რომ რამე მოსვლოდა, მისიანები მე დამადანაშაულებდნენ. ნიკა როგორც კი პალატაში გადმოიყვანეს და რეაბილიტაციის სამკურნალო კურსი დაუნიშნეს, მაშინვე თბილისში წამოვედი.
იქ ყოფნის დროს მისი საყვარელი ლუდმილაც მოდიოდა. ისე იქცეოდა, თითქოს მე, “ვიღაცა”, მათ ცხოვრებაში დაუკითხავად შევჭრილიყავი… მერე, ნიკას მეგობრებმა ურჩიეს, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მაინც არ ევლო იმ ქალს საავადმყოფოში და ჩემს წამოსვლამდე აღარ გამოჩენილა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ დედა ორ კვირაში გარდაიცვალა. ნიკა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩამოსვლა არ მოინდომა. დამირეკა, – მგზავრობა არ შეიძლება ჩემთვისო. მაშინღა დაბრუნდა, როცა რუსეთში ქართველთა ბიზნესს საფრთხე შეექმნა.
ჩვენი ბიჭი მეცხრე კლასში იყო, გოგონა კი – მეშვიდეში. ნიკა აქ ისევ უსამსახუროდ იყო. შეგნებულად არ ვახსენებდი მის რუს ცოლ-შვილს. არც ნიკა ახსენებდა მეორე ოჯახს. ამჯერად უკვე არა მიშავდა, კერძოდ ვამეცადინებდი მოსწავლეებს და ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელშიც მქონდა საათები.
ნიკა აქეთ მთხოვდა სიგარეტისა და “ეზოს ბიჭებთან ჩასაჯდომად” სასმლის ფულს. ერთხანს ვაძლევდი, მერე კი საყვედური შევაპარე. გაბრაზდა, მაგრამ რა გაბრაზდა, ხელით გამოიწია, სულ ანგარებიანი და “გამორჩენის” ქალი მეძახა. მერე კარი გაიჯახუნა და წავიდა. გავიგე, ვიღაც ბარის მეპატრონე ქალთან გადაბარგებულა…
ბევრჯერ მიფიქრია, როდის დავკარგე ნიკას სიყვარული? როცა რუსეთში წავიდა და საყვარელი გაიჩინა? როცა დედაჩემის სიკვდილის შემდეგ გვერდით არ დამიდგა, თუ მაშინ, აქ დაბრუნებულმა ისევ რომ მიღალატა…
მახსენდება კიდევ ერთი ეპიზოდი – რუსეთიდან დაბრუნებულმა ტოტალიზატორში დაიწყო თამაში. ერთხელ, 20 ლარი ისეთი საზეიმო სახით გადმომცა – აჰა, ბავშვებს ამ ფულით ხორცი უყიდეო, თითქოს ერთი თვის სამყოფს მაძლევდა.
მერე გოგონას ფილტვების ანთება დაემართა. ნიკას შევჩივლე. მხრები აიჩეჩა, – რა ვქნა, არა მაქვს, იქნებ შენ “გააჩალიჩოო”. სხვა რა გზა მქონდა! მოსწავლეს წინდაწინ მოვთხოვე ფული. იმავე საღამოს, სარეცხს ვრეცხავდი. ჩემი ქმრის შარვლის ჯიბიდან სამი 50-ლარიანი გადმოვარდა.
ეზოდან ნასვამი რომ ამოვიდა, ვერ მოვითმინე და ფული დავანახე, – ეს საიდან გაქვს-მეთქი. გაგიჟდა, – როგორ ბედავ და ჯიბეში ხელს მიფათურებო? ისევ მე დავთმე.
იმ ბარის მეპატრონე ქალთან კარგა ხანს იყო, მერე კი დედამთილმა კვლავ საყვედურებით ამავსო – ასე როდემდე უნდა იყოთ, ცოდო არ არიან ბავშვებიო? არადა, მას ბავშვები კი არა, საკუთარი შვილი ენაღვლებოდა. ნიკას ახლობლები მის ყოველ საქციელს ამართლებდნენ – მისი ცოლი სულ “ფულს” გაიძახის, მასაც მოჰბეზრდა და სხვასთან წავიდაო.
როცა ახლობლები ასეთ დათვურ სამსახურს უწევენ, რა გასაკვირია, რომ ოჯახზე გული აიყარა?! ახლა კი, თურმე ინფარქტი მოსვლია და დედამთილსაც კვლავ გავახსენდი. სურვილი არ გამიჩნდა არც ნიკას ნახვის, არც მისი მოვლისა, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი ავწონ-დავწონე, საკუთარი თავისა შემეშინდა.
ნიკასგან არაერთგზის გულნატკენს ჯერ სიძულვილი მომერია, მერე თითქოს დავცარიელდი. არადა, რა დამიშავეს შვილებმა, მოხუცმა მამამ, მეგობრებმა და ნათესავებმა… მოძღვარს გადავუშალე გული.
მითხრა: როცა მიტევებას შეძლებ, ეს სიცარიელე ისევ აივსება სიყვარულითა და სიკეთით, რისთვისაც ადამიანი ამ ქვეყანას ევლინებაო. მეც ვეცდები მივუტევო ნიკას უამრავი შეცდომა და გულისტკენა, რადგან მინდა, საკუთარი თავი დავიბრუნო…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
წყარო: კვირის პალიტრა