წერილი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა, მარინა ჭუმბურიძემ ასევე ემიგრანტის თხოვნით გამოაქვეყნა.
მარინა ჭუმბურიძე: ჩემს მობილურ ტელეფონში მესიჯის შემოსვლის ზუმერი მომესმა.უმალ ჩავრთე ტელეფონი და ჩემდა გასაკვირად უცხო ქალბატონი მთხოვდა მეგობრობას.
უმალვე დავეთანხმე,რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ტოსკანა ეწერა.თანამემამულე ემიგრანტს უარს როგორ ვეტყოდი მეგობრობაზე?!
საუზმის მერე ვეღარ მოვიცალე ინტერნეტისთვის და სადილის მერე,კომპიუტერს მივუჯექი. ჩემი ახლადგაცნობილი ფეისბუქის მეგობარი საკმაოდ გრძელ წერილს მწერდა…ვკითხულობდი თვალცრელიანი და თან მაკანკალებდა სიბრაზით…
თუმცა ჯობია სრულად მოგაწოდოთ აღნიშნული წერილი,რომლის სააშკარაოზე გამოტანა თვით ავტორის სურვილია,მხოლოდ ერთი პირობით,რომ ის ანონიმად დარჩეს.
- წერილი
„მაპატიეთ,ქალბატონო მარინა,რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა, ჩემი ტკივილი, გული გამისკდება. აკი ამბობენ ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო.
მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით, რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია. ახლახანს წავიკითხე თქვენი წიგნი „ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე, რომ მეორე ტომის დაწერას აპირებთ.
ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი ნაამბობიც დაწერეთ (თქვენებურად შეალამაზეთ), იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გდაარჩინოს.
არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა…მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე…ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი…
ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.
მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო. მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვის-მეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი…
12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი. საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი,იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში.
„აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“ გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია, შვილო-მეთქი… „სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსვალელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“
ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო…აღარ მესმოდა დანარჩენი…ალბათ იტყვით, ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი, რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ…ს,სწორედ იმით იდგა ფეხზე?..რაღა აზრი აქვს, მითხარით, ასეთ უმადურ, დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?
იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით, რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები? „ აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს.
ეს სახლიც ისე პატარაა…შენ ცალკე ოთახი გჭირდება…აბა, ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან.
იქნებ იმდენი მოაგროვო, რომ გავფარდოვდეთ…“ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა, მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს, რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა.
მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო, ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა, საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე…“
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია