არასოდეს ვყოფილვარ ბუნებით მოღალატე, მაგრამ ღალატი მომიწია და ეს ჩემი ბრალი არ იყო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ გათხოვილი, ქმრის გვერდით ვიცხოვრებდი და პარალელურად, საყვარელი მეყოლებოდა, თან, არც მეტი, არც ნაკლები, მისი მეგობარი.
ბევრი გამკიცხავს და უხამსი სიტყვებით შემამკობს, მაგრამ ნამდვილად ღირსია ჩემი ქმარი, რომ ვღალატობ. ის არ მიყვარდა, მის ძმაკაცთან ახალი დაწყებული მქონდა შეხვედრები, ერთმანეთი მოგვწონდა და სწორედ მაშინ ჩადგა ჩვენ შორის.
ადამიანი, ვინც დღეს ჩემი საყვარელია, ჩემი პირველი სიყვარული იყო. საოცარი ლტოლვა მქონდა მის მიმართ.
მის გარეშე ერთი დღეც ვერ ვძლებდი. მასთან განშორებას განვიცდიდი და დაღამდებოდა თუ არა, მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, როდის გათენდებოდა, რომ მას შევხვედროდი. ერთ დღესაც ძმაკაცთან ერთად მოვიდა.
ღია კაფეში ვისხედით და ვგრძნობდი, მისი ძმაკაცი, როგორ მჭამდა თვალებით. ამას როგორ გავამხელდი? როგორც აღმოჩნდა, მოვეწონე და სწორედ იმ დღიდან გადაწყვიტა, ჩემი „დათრევა“. არ გაჭირვებია.
მე კი მიყვარდა მისი მეგობარი, მაგრამ მის მეგობარს, უბრალოდ, მოვწონდი და ადვილად დამთმო. არც იცოდა, რომ მის მიმართ სერიოზული გრძნობები მქონდა, თორემ ასე არ მოიქცეოდა. ეს მაშინ გავარკვიე, როცა მისი საყვარელი გავხდი.
მოკლედ, ჩემმა ქმარმა მოტყუებით წამიყვანა ქალაქგარეთ, დამაშინა და დავრჩი. ხელიც მოვაწერეთ და ქორწილიც გადავიხადეთ. მისი ოჯახის წევრები მართლა ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ვერ შევიყვარე.
სხვა ბიჭი მიყვარდა და ასე მალე ვერ გადავიყვარებდი. თუმცა, ვცდილობდი. ზოგი იტყვის, გაშორებოდი და მერე გაგეჩინა საყვარელიო. არ არის ადვილი, გაშორდე ქმარს, როცა სამი შვილი გყავს, არ მუშაობ, მის ბინაში ცხოვრობ და მატერიალურად მასზე ხარ დამოკიდებული.
მშრომელი ადამიანია და არაფერს გვაკლებს, შვილებიც უყვარს, თუმცა რომანტიზმისა და სასიყვარულო თავგადასავლებისგან შორსაა. ჩემი პირველი სიყვარული, ანუ მისი მეგობარი კი ხშირად ამოდიოდა ჩვენთან სახლში.
გვიანობამდე სვამდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ. რომ ვხედავდი, იმდენად მიზიდავდა და მიყვარდა, ლამის გული წამსვლოდა. ერთ დღესაც, როცა ჩვენთან ამოვიდა და ის და ჩემი ქმარი როცა ფეხბურთის საყურებლად ემზადებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მაცივარში ლუდი აღარ იყო.
ჩემი ქმარი მაღაზიაში ჩავიდა და მაშინ ვიხელთე დრო მასთან სალაპარაკოდ. მანამდეც მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მოკლედ, ვუთხარი: ხომ იცოდი, რომ შენ გხვდებოდი, როგორი გრძნობა მქონდა, შენც არ იყავი გულგრილი და მეგობარს როგორ დაუთმე ჩემი თავი-მეთქი.
მიპასუხა: ნამდვილად მომწონდი, მაგრამ არ მიყვარდი, თან, იმ პერიოდში ერთი „ნაშა“ მყავდა და მასზე ვიყავი გადართული, ჩემს ძმაკაცს მოეწონე და ბიჭებმა ვილაპარაკეთ, კი არ დაგთმე, უბრალოდ, ვფიქრობდი, ჩვენი შეხვედრები დროებითი იყო.
კარგი გოგო იყავი და არ მინდოდა, მომეტყუებინე, ჩემს ძმაკაცს ძალიან მოეწონე, მითხრა: სერიოზულად მინდა ამ გოგოსთან ურთიერთობა და იქნებ როგორმე დამეხმარო. ვიცი, შენ იმ „ნაშის“ გარდა სხვა ქალს ვერ ამჩნევო.
თან, დაამატა: რომ მცოდნოდა, მართლა გიყვარდი, ალბათ, ასე არ მოვიქცეოდიო. მოკლედ, ამ საუბრის მერე მოუხშირა ჩვენთან ამოსვლას, გვიანობამდე დარჩენას და სულ ცდილობდა, მარტო მოვეხელთებინე და საუბარი გაება.
ასე გაგრძელდა თვეები და ბოლოს, გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით, ყველასგან მალულად. ვერ ვიტყვი, ბედნიერი ქალი ვარ-მეთქი, რადგან ქმრის ღალატი და მოტყუება მიწევს, რომ საყვარელ კაცს მალულად შევხვდე და თან, სინდისის ქენჯნაც მტანჯავს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მინდა, იმ მამაკაცის გვერდით ის წამები მაინც ვიყო ბედნიერი, როცა ვგრძნობ, გული საგულედან ვარდება.
არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გასტანს. არც ქმრის მიტოვებას ვაპირებ და მით უმეტეს, არც მის ცოლობას.
უბრალოდ, მინდა, საყვარელი კაცის გვერდით წამით მაინც ვიგრძნო ის, რასაც ქმრის გვერდით ვერ განვიცდი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
გვანცა, 35 წლის.