“დასავლეთში ოჯახით წავედი სტუმრად, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.
გზად წასახემსებლად გავჩერდით ერთ-ერთ ცნობილ კვების ობიექტში. დილის საათებია და ხალხიც ნაკლებად არის, ადგილი შევარჩიეთ და დავსხედით.
მეძუძური დედა ვარ და ბიუსჰალტერს არ ვატარებ, დისკომფორტს მიქმნის, ძალიან მოუხერხებელია, როცა პატარა ყოველწუთს გთხოვს ჭამას, მითუმეტეს გზაში, მაგრამ არც ის წარმოიდგინოთ, რომ რაიმე გამომწვევად მიჩანს, ჩვეულებრივად დახურული მაისური და მოკლე შარვალი მაცვია.
შესვლისთანავე ვიგრძენი გამომწვევი მზერა, ერთად ჩამომსხდარი მამაკაცებისა, რომლებიც იქვე “შაურმას” ამზადებენ, თუმცა ყურადღება არ მივაქციე, ბავშვი ხელში მიჭირავს.
ისე მოხდა, რომ მათთან ახლოს დავსხედით, ჩემი მეუღლე და ერთი ბავშვი მათგან ზურგით და მე და პატარა მათ პირდაპირ აღმოვჩნდით.
დაიწყეს უხამსი რეპლიკები, და ჩურჩული, ქირქილი, მინიშნებები ჩემი მისამართით. ჩვეულებრივი “ღიპიანი” კაცების შეკრებაა: “ვა, რამხელა მკერდი აქვს”… “..გარუჯულა გოგო”… და ასე შემდეგ.
ასე დამცირებულად და უმწეოდ თავი ჯერ არ მიგრძვნია. შიშმა ამიტანა. არ მინდა, რომ ჩემმა მეუღლემ რამე შემატყოს. პატარას აჭმევს და ერთი სული მაქვს, ამ ადგილს მალე გავეცალოთ, ადგილის გაცვლა შევთავაზე, ბავშვს მე ვაჭმევ-მეთქი, რომ ვერაფერს მიმხვდარიყო.
გადავჯექი. ახლა გვერდით მომისხდნენ. ერთი შუშა გვყოფდა და ისევ უტიფრად აგრძელებდნენ თავისას.
კანკალმა ამიტნა, არც არაფერი მიჭამია, ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და ბავშვები ავაჩქარე.
ძალიან შემეშინდა და არა ჩემ გამო, ორ გოგოს ვზრდი და არცერთ დედას, არც ერთ ქალს არ ვუსურვებ იმის გამოვლას, რაც მე გამოვიარე, თითქოს დავპატარავდი, უმწეო და უსუსური გავხდი. შემეშინდა, რომ ჩემს მეუღლეს, რომელიც, საბედნიეროდ, მთლიანად ბავშვებზე იყო გადართული, ეს ყველაფერი არ შეემჩნია და უარეს შარს არ გადავყროდი, მით უმეტეს, რომ ისინი რიცხვობრივად ბევრნი იყვნენ, სამართალს იპოვი თუ რა?!
არ ვიცი როგორ იზრდებიან ასეთები. ან დედა არ ჰყავთ, ან და, ან შვილი, ან ვინმე ქალი ახლობელი.
სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ისე გავნერვიულდი, გული ამოვარდნას მქონდა.
როგორ შეიძლება შეავიწროვო ადამიანი, სრულიად უცხო, არ იცი, რას წარმოადგენს, ვინ არის, მითუმეტეს, ხედავ, რომ მეუღლესთან და პატარა ბავშვებთან ერთად არის მოსული. სიტყვას ვერ ვპოულობ ამ შეგრძნებას რა ჰქვია, რასაც ახლ მე ვგრძნობ, საშინელებაა, ღამის კოშმარს გავს, თავის დაღწევას რომ ცდილობ და გაღვიძება გიჭირს.
დედებო, ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, აღზარდეთ ღირსეულად თქვენი შვილები, აქციეთ კაცებად, რომ არც ერთმა ქალმა არ იგრძნოს თავი მათ გამო დამცირებულად, შევიწროვებულად და შეურაცხყოფილად.”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
თიკო, 32 წლის