– ადამიანების უმეტესობას ბავშვობიდან შემორჩენილი ჰყავს ერთი ან ორი მეგობარი, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობა. შეიძლება წელიწადში სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დრო და მანძილი მათ ურთიერთობას ვერაფერს აკლებს.
ჩემთვის ასეთი ადამიანი ნინაკა კურტანიძე იყო. უნივერსიტეტში ერთად ჩავაბარეთ, შემდეგ ნინაკა საფრანგეთში წავიდა და სწავლა იქ გააგრძელა. მე თბილისში დავრჩი და დიპლომის აღებიდან რამდენიმე თვეში მუშაობა დავიწყე.
შემდეგ გავთხოვდი, გამოვთხოვდი და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრება ნინაკამ კარგად იცოდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ნინაკა გათხოვდა და ახალდაქორწინებულები თბილისში აპირებდნენ ჩამოსვლას. მე ნინაკას მშობლებთან ერთად დასახვედრად აეროპორტში წავედი.
თხელი, სანდომიანი გოგონას ნაცვლად აეროპორტში ასკილოიანი ნინაკა შემომეგება. გვერდზე გამხდარი, გალეული ქმარი მოჰყვებოდა. შინ მისულებს ნინაკას ნათესავები დაგვხვდნენ და დიდი სმა-ჭამა გაიმართა.
სასმელი სტუმარსაც დააძალეს, ბოლოს სიმღერა დასჭექეს და იცეკვეს. ფრანგმა ბოდიშიო, ჩუმად ჩაილაპარაკა და ქუჩაში გავარდა. შემრცხვა, მინდოდა უკან დავდევნებოდი, მაგრამ ამ დროს კარს უკან ატირებული ნინაკა დავინახე.
– რატომ ტიროდა?
– ხომ იცით, ქართველი ქალის ხასიათი, გათხოვება უნდა, შვილი, ოჯახი. შეიძლება, ეს ყველაფერი არც არაფერში სჭირდება, მაგრამ ამის გარეშე საზოგადოების სრულფასოვან წევრად თავს არ მიიჩნევს.
ნინაკა უკვე 32 წლის იყო და შერცხვა, საქართველოში “ხელმოცარული” დაბრუნებულიყო და ვინც ქორწინებაზე დაითანხმა, იმას სტაცა ხელი და წამოიყვანა, მაგრამ თბილისში დაბრუნებულმა რომ დაინახა, ჟანი “ქართულ სინამდვილეში” რა უმწეოდ გამოიყურებოდა, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო.
– ახლა რას აპირებ? – ვკითხე, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულმა. თან გულში იმაზე ვფიქრობდი, რომ ნინაკა ერთმა კონკრეტულმა ფაქტმაც გააღიზიანა. მშობლებს სტუმრად ნინაკას ყოფილი შეყვარებული პაატაც მოეწვიათ, რომელიც ჯერ კიდევ უცოლშვილო იყო და მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ აშორებდა ფრანგების პატარძალს.
– მშობლებმა ეს განზრახ გააკეთეს?
– რასაკვირველია, არა. მათ არაფერი იცოდნენ ნინაკასა და პაატას გრძნობების შესახებ. საკუთარ გრძნობებში ბოლომდე ნინაკაც არ იყო გარკვეული. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთში წასვლას ხომ არ გადაწყვეტდა, მაგრამ როცა უკან დაბრუნდა, მასავით ჩაფსკვნილ-ჩასუქებული პაატას დანახვაზე გული სხვანაირად აუძგერდა.
ინანა, ჟანს რომ გაუზიარა სარეცელი. მოკლედ, ნინაკა ცოტა დავამშვიდე. არც მახსოვს, რაზე ველაპარაკე და ფრანგი მეუღლის მოსაძებნად გავეშურე. ქუჩაში მარტო დარჩენილი ფრანგი სულ სხვანაირი მეჩვენა, შენობებს ათვალიერებდა, მტკვარს გადაჰყურებდა და ეტყობოდა, შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა.
მიახლოებისას მიცნო, გამიღიმა, ჯერ ფრანგულად გამოლაპარაკება სცადა, მე ინგლისურად ვუპასუხე და ისიც ინგლისურზე გადავიდა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვისეირნეთ.
განათლებული ადამიანი იყო და უცხო ქვეყანაში ყველაფერი აინტერესებდა. ბოლოს შინ დაბრუნებაზე დავითანხმე და თან დავპირდი, რომ ნინაკასთან ერთად ბევრ საინტერესო ადგილს ვაჩვენებდი.
ჟანს ცოლის ხსენებაზე სახე შეეცვალა, მაგრამ მალე ისევ გაიღიმა და შინ წამოვედით. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჩემი დანაპირები პირნათლად შევასრულე. ის კი არა და, თბილისის ფარგლებს გავცდით და მცხეთას და არმაზსაც ვესტუმრე, თან ნინაკა და მისი მეუღლე დამყვებოდნენ.
მეგობარს სიხარულს ვერ ვატყობდი, მე კი ჟანის ქება-დიდებით ვავსებდი. ხან ბარათაშვილივით ნატიფი და სევდიანი გამომყავდა, ხან ტერენტი გრანელივით მარტოსული. ორივე შემთხვევაში ჟანს საყვარელი ქალის გადარჩენა სჭირდებოდა, მაგრამ ნინაკა მხოლოდ ირონიულად იღიმებოდა და როცა ქართველი ავტორიტეტები ამოვწურე და ბაირონს გადავწვდი, ნინაკამ ხმამაღლა გაიცინა და ქმარს რომ ვერაფერი გაეგო, ჩურჩულით მითხრა:
– მე ერთი მსუქანი, დაბალი ინტელექტის ქალი ვარ, საფრანგეთში ჩემი მშობლების კუდაბზიკობით მოვხვდი. ახლა კი, როცა ისევ თბილისში ვარ, ჩემსავით მსუქან და სუსტი ინტელექტის მამაკაცს ვიმსახურებ, მაგალითად, პაატას. აი, შენ კი, – სიტყვა გააგრძელა ქალმა, – ნამდვილად იმსახურებ გენიოსს, თანაც ყოველთვის ოცნებობდი საფრანგეთში წასვლაზე.
– უცნაური შემოთავაზებაა, თანაც უახლოესი მეგობრისგან…
– თბილისში ისე დავბრუნდი, ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. ნინაკას თავხედობამ გამაცოფა. პირდაპირ სახლში წავედი და რამდენიმე დღის განმავლობაში მეგობართან არ დამირეკავს. როცა თვითონ რეკავდა, დედაჩემი პასუხობდა, რომ სახლში არ ვიყავი
ასე გაგრძელდა დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და ნეფე-დედოფლის ევროპაში დაბრუნების დროც მოვიდა. მათი გაცილება არც კი მიფიქრია. ამ პერიოდში გაბრაზებამ გამიარა, ნინაკას შემოთავაზება რომ მახსენდებოდა, უკვე მეღიმებოდა კიდეც.
ჟანის გვერდით ჩემი თავი წამოვიდგინე და მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა ისე შეუძლებლად აღარ მეჩვენებოდა, როგორც ადრე. სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ნინაკა აღმოჩნდა. – წასვლის წინ გინდა, დამემშვიდობო? – ვკითხე და ჩემდა გასაკვირად, თითქოს გული დამწყდა, რომ მიდიოდა.
– მე არ მივდივარ, დამშვიდობება ჟანს უნდა. ჩვენ ვილაპარაკეთ და დაშორება გადავწყვიტეთ, – თბილი ღიმილით მითხრა მეგობარმა – მაპატიე, მაშინ თუ გაწყენინე, მაგრამ პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ჟანს მოეწონე. ახლა ყველაფერი შენი გადასაწყვეტია.
– ასე მარტივად გადაწყვიტეთ მეორედ გათხოვება?
– არა, იმ საღამოს მე და ჟანმა ვილაპარაკეთ. ვთხოვე, მოსაფიქრებლად დრო მოეცა. ის საფრანგეთში გაემგზავრა და ახლა “სკაიპით” ვკონტაქტობთ. მგონი, ჟანი მართლა შეყვარებულია, მეუბნება, როცა მეტყვი, მაშინ ჩამოვალ და წამოგიყვანო. მე კი დროის გაყვანას ვცდილობ, ადვილი არ არის საუკეთესო მეგობრის ყოფილ ქმარზე დაქორწინება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ხათუნა მაღრაძე; ჟურნალი “რეიტინგი”