საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს, ქვეყანაში მიწისძვრების რაოდენობა გახშირდა, თუმცა, ამას სეისმოლოგი თეა გოდოლაძე უარყოფს და ვრცელ განმარტებას აქვეყნებს:
„მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ – ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა, როდესაც მაგნიტუდაა 3-ს ზემოთ, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ასე არ არის მეგობრებო. არ გახშირებულა მიწისძვრები, ყოველ წელს ასე ხდება და ყოველ წელს იგივე ემოციით გვწერთ.
საშუალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 მიწისძვრაა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული. გააჩნია, სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს, ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს.
ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორია გვერგო, სამაგიეროდ უსაშველოდ ლამაზი. მიწისძვრები ხდებოდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც. ამიტომ, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით,- წერს გოდოლაძე.