მალე, 35 წლის გავხდები. საკმაოდ ლამაზი ქალი ვარ (ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ), მაგრამ, გაუთხოვარი (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და, როგორც ვატყობ, მთელი ცხოვრება მარტო დავრჩი, რადგან ჩემი ოცნების მამაკაცის პოვნას ასრულება არ უწერია).
ის კი არა, პრაქტიკულად, სერიოზული თაყვანისმცემელი არც კი მყოლია. სტუდენტობიდან მოყოლებული, დღემდე ასეა:
გამიცნობს მამაკაცი, დამიწყებს ფლირტაობას ან მეუბნება, რომ ჩემ მიმართ სერიოზული მიზნები ამოძრავებს, მაგრამ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გამირბის, ან მე ვეუბნები, რომ თავი დამანებოს.
რამდენიმემ მითხრა, შენი ხასიათისა და პრეტენზიების გადამკიდე, ვერასდროს გათხოვდებიო. მარტო იმიტომ, რომ გათხოვილი ქალის სახელი მერქვას, ნამდვილად არავის გავყვები, მით უმეტეს – უსიყვარულოდ.
ამას მირჩევნია, გაუთხოვარი დავრჩე. ჩემი დაქალიც მეუბნება, მძიმე ხასიათი გაქვს და წარმოუდგენელ პრეტენზიებს უყენებ კაცებს და ვინ გაგიჩერდებაო.
რომ ვუთხარი, პრეტენზია კი არა, ელემენტარულად, იმას მოვითხოვ, სადმე რომ შევდივართ, წინ მე გამატაროს, როცა სადმე ერთად ვართ, უგონოდ არ დათვრეს, ჩემი თანდასწრებით უწმაწური სიტყვები არ თქვას-მეთქი, სიცილით მოკვდა – შენ რა იდეალისტი ყოფილხარ, ეგეთი მამაკაცები არ არსებობენო.
არ არსებობენ და ნუ არსებობენ. ბებიაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემ გამო. იცის ჩემი ხასიათი და აცრემლებული მეუბნება ხოლმე: მოგიკვდეს, ბებო, ჩემი თავი, დაგღუპა წიგნებმა და თეატრმა, შენ ორი საუკუნით ადრე უნდა დაბადებულიყავიო.
წიგნებსა და თეატრს ბებო იმიტომ აბრალებდა, რომ ძალიან ადრე დავიწყე კითხვა და ბავშვობიდან ვგიჟდებოდი შუა საუკუნეების რაინდებზე, მეცხრე კლასში კი სასკოლო სპექტაკლში პრინცესას როლი შევასრულე, რომლის წინაშეც იმ ქვეყნის წარჩინებული ვაჟკაცები მუხლს იდრეკდნენ, თავს აწონებდნენ და სიყვარულს უმტკიცებდნენ.
ჰოდა, მეც გადავვარდი რამდენიმე საუკუნის წინანდელ ცხოვრებაში და, როგორც ჩანს, სამუდამოდ ჩავრჩი იქ. ძალიან მიჭირს თანამედროვე კაცების გაგება, უფრო სწორად – ატანა.
საშინლად მაღიზიანებს მათი გაუთავებელი, მაღალფარდოვანი ხოტბა-დიდება ქალებისა სადღეგრძელოებში, მაგარი ტიპების თამაში სუფრასთან.
ვერ ვიტან იმიტომ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა (უკეთეს შემთხვევაში – ასიდან ერთი-ორის გამოკლებით) დესპოტი, უხასიათო, ან, საუკეთესო ვარიანტში, უყურადღებო ქმარია, რომელიც, არათუ ელემენტარულ პატივს არ სცემს ცოლს (სხვათა შორის, არც დედას და დას), არამედ, საჭიროდ არც კი მიაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ყურადღება და ზრუნვის მაგვარი გამოამჟღავნოს.
უფრო მეტიც, ქალი, ზოგადად, არ მიაჩნია პიროვნებად და თავს არ იკლავს მისი განებივრებით. მე კი საშინლად მაღიზიანებს მათი, ეგრეთ წოდებული „ორმაგი სტანდარტი” და ასეთი კაცები, პირდაპირ ვიტყვი, კაცებად არ მიმაჩნია.
ვერავის და ვერაფრის ხათრით ვერ ვიცხოვრებ ასეთ ქმართან. შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს ან არ დამეთანხმოს, მაგრამ, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს ყველაფერზე და თითოეული ჩვენგანი ისე ცხოვრობს, როგორც სწორად მიაჩნია.
მე, უბრალოდ, გული მწყდება, რომ ნამდვილი მამაკაცის კატასტროფული დეფიციტია და იმიტომ არის საქართველოში (შეიძლება, სხვაგანაც) ამდენი მარტოხელა ან კაცად ქცეული, დაჩაგრული და ბედს შეგუებული ქალი.
მე კი ამ სამიდან მარტოხელობა მირჩევნია – ასე თავმოყვარეობა მაინც არ შემელახება. შვილის გაჩენა კი, თუ ეს ოდესმე გადავწყვიტე, ოფიციალური გათხოვების გარეშეც შეიძლება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია