“მინდა მოგიყვეთ ჩემი მიზნებისა და საშინელი გეგმის შესახებ. ვიცი, შურისძიება ძალიან ცუდი რამ არის და საკუთარ საქციელს ზოგჯერ, მეც ვნანობ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ მინდება, ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანო და ერთ მამაკაცს ოჯახი, ცხოვრება დავუნგრიო…”
– ეს წერილი ახალგაზრდა გოგონამ, მარიმ მომწერა. მასთან პირადად შეხვედრა ვერ მოვახერხე და ინტერვიუ სოციალური ქსელის საშუალებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩავწერე. მისი აღიარება მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.
გოგონას სურს, როგორღაც გაამართლოს საკუთარი სურვილი და მიზანი – შური იძიოს მამაკაცზე და იმედს იტოვებს, რომ მკითხველი მის განვლილ, საოცრად მძიმე ცხოვრებას გაითვალისწინებს და ძალიან მკაცრადაც არ განსჯის.
– ის კაცი არც ჩემი ქმარია და არც ყოფილი ქმარი. უბრალოდ, ჩემი შვილის მამაა. ერთ დროს მისით რომ ვცოცხლობდი. მის გარეშე სუნთქვაც არ შემეძლო… მერე მან გული მატკინა, მოგვიანებით – დაოჯახდა კიდეც. ახლა რა ხდება?
– 3-წლიანი განშორების შემდეგ, ისევ დამიბრუნდა. დიახ, მას ისევ ჩემს მკლავებში სძინავს… თუმცა, ვიდრე მასზე გიამბობთ, მინდა, ჩემი ცხოვრების ცოტა ადრეულ ეპიზოდზეც მოგიყვეთ: არასოდეს მქონია დალხენილი ცხოვრება.
16 წლისამ გადავწყვიტე, სამსახური მეშოვა და მას მერე ვიბრძვი საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, თუმცა – უშედეგოდ: ვერც კარიერა ავიწყვე და ვერც – პირადი ცხოვრება.
– მუშაობის დაწყება ალბათ, მატერიალურმა პრობლემებმა გაიძულა. ასეა?
– დიახ, მართალი ხართ. ძალიან გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. იყო შემთხვევები, როდესაც პურიც არ მქონდა და შიმშილისგან მუცელატკივებულს მიცდია დაძინება. ხშირად სკოლაში იმის გამო არ დავდიოდი, რომ ხან ფეხსაცმელი არ მქონდა, ხანაც – ქურთუკი, რვეული…
მამას სტაბილური სამსახური არ ჰქონდა: ხან მუშაობდა, ხან – ვერა და როცა სამუშაო ჰქონდა, მაშინაც, შეიძლება, თვეების განმავლობაში ვერ აეღო კუთვნილი თანხა… დედაჩემის მშობლები გვეხმარებოდნენ სოფლიდან და მათ ბევრჯერ გადავურჩენივართ შიმშილისგან. ასე, წვალებაში გავიდა ჩემი ვითომ ბავშვობა. მერე, 16 წლის გოგო იძულებული გავხდი, მუშაობა დამეწყო და ოჯახს დავხმარებოდი.
– სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელების სურვილი არ გქონდა?
– სწავლის გაგრძელებაზე ოცნებაც კი სისულელე იქნებოდა. ჯერ ერთი, რომც მომენდომებინა, სწავლის ქირის საფასურს ვერავინ გადამიხდიდა და მეორეც, მეხუთე-მეექვსე კლასიდან ვეღარც სწავლას ვუდებდი გულს.
რა უნდა მესწავლა, როცა ხშირად წიგნებიც არ მქონდა, ზოგჯერ კი სამი ან ოთხი დღის ნაშიმშილარს, თავში არაფერი შემდიოდა… მერე შემიყვარდა. ჩემი პირველი სიყვარული უიღბლო აღმოჩნდა, უფრო სწორად – იმ ბიჭმა ძალიან ცუდად დამამახსოვრა თავი. მის გამო საოცარი სიმწარე ვიგემე და მან ჩემი ცხოვრების დანგრევისთვის, საკუთარი სიცოცხლით ზღო კიდეც.
17 წლის ვიყავი, როცა გამაუპატიურა და მას მერე საბოლოოდ დამენგრა ცხოვრება. იყო დეპრესია, შოკიც, მაგრამ დრო გადიოდა და მეც შევძელი ფეხზე წამოდგომა. ცხოვრება გავაგრძელე და დავიწყე მუშაობა მიმტანად. აღებული ხელფასით კი საკუთარ თავსაც ვეხმარებოდი და ოჯახსაც.
– იმ ბიჭთან, ვინც გაგაუპატიურა, რამდენად ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებდა?
– ის ოფიციალურად იყო ჩემი შეყვარებული. ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს. მამაჩემის თანამშრომლის შვილი გახლდათ და ბავშვობიდან ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩემი ოჯახის პრობლემების შესახებ. მისმა მშობლებმა ნიშნობა საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს. ჰოდა, საქმრომ ამ ნიშნობიდან 6 თვის შემდეგ იძალადა ჩემზე.
დაბადების დღეზე ერთად წავედით. იმ დღეს მეც პირველად დავლიე და გავითიშე. ისიც ნასვამი იყო და ალბათ, რას აკეთებდა, თავადაც ვერ აცნობიერებდა, მაგრამ მის საქციელს ეს არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს. გათიშული კი ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი მის მხეცურ საქციელს, თუმცა, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. თითქოს, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, ხელ-ფეხს ძლივს ვამოძრავებდი…
დილით რომ გავიღვიძე, მეგონა, ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი იყო, მაგრამ ლოგინიდან რომ წამოვდექი, მივხვდი, შეყვარებულმა ჩემზე ძალა იხმარა და გონება დამებინდა, დანას ხელი დავავლე და ძებნა დავუწყე. მინდოდა, მომეკლა, მაგრამ სახლში აღარ დამხვდა. სამზარეულოში მისი წერილი ვიპოვე: მიყვარხარ და გთხოვ, მაპატიეო. წერილთან ერთად, ფულიც იდო.
– შენებმა ალბათ, გაიგეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ რა მოხდა?
– ამასაც და საერთოდ, ყველა ცხოვრებისეულ ტკივილსა თუ პრობლემას მარტო გავუმკლავდი. არასდროს არავინ მედგა მხარში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მშობლებთან კარგი ურთიერთობა არასოდეს მქონია. მათგან სითბო არასდროს მიგრძნია, პირიქით – სულ მაკრიტიკებდნენ, მხოლოდ ცუდს ხედავდნენ ჩემში.
არასდროს გვილაპარაკია ისე, როგორც დედა (ან მამა) და შვილები ლაპარაკობენ. განა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ მქონდა, პირიქით – მათთან დაახლოებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა და მერე, მეც დავნებდი საკუთარ ბედს…
– რას ნიშნავს: “ჩემმა საქმრომ პასუხი საკუთარი სიცოცხლით აგო?” შენს პირველ შეყვარებულს რა დაემართა?
– ჩვენებმა სიმართლე გაიგეს. იყო მცდელობა, რომ ოჯახი შეგვექმნა, მაგრამ მერე გაგებით მოეკიდნენ ჩემს გრძნობებს და ქორწილი ჩაიშალა. ამ ამბიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, ასეთი რამ მოხდა: ნათესავის ქორწილიდან ოჯახის წევრებთან ერთად, შინ ბრუნდებოდა. ავარიაში მოყვნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, მამამისი კი დაინვალიდდა, სიარული აღარ შეუძლია…
– როცა ქალის ცხოვრებაში ძალადობა ხდება, მაშინ სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარება. შენ ვინ დაგეხმარა ტკივილის დავიწყებაში?
– ვერავინ დამეხმარებოდა. სხვათა შორის, არც მეგობრების სიმრავლით გამოვირჩევი. ძალიან უკონტაქტო ვარ და ამასაც მშობლებს ვაბრალებ. ჩემი აზრით, ცუდად აღმზარდეს. ასე რომ, საკუთარი თავი თვითონ გავაძლიერე და მერე, როგორც უკვე აღვნიშნე, მუშაობაც დავიწყე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩემს სამსახურში აიყვანეს ახალგაზრდა მზარეული.
საშა სიმპათიური, წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი იყო. მალევე დავახლოვდით და მოგვიანებით, მეგობრობა სიყვარულშიც გადაიზარდა. ღმერთს მადლობას ვწირავდი იმისთვის, რომ მას შემახვედრა, რომ ასეთი ბედნიერება მაღირსა.
6 თვის თავზე სიყვარული რომ ამიხსნა, მეც დიდად აღარ დამიფასებია თავი და ყოველდღე ვხვდებოდი. მეგონა, ეს ბედნიერება იმ სიმწრის საფასური იყო, რაც მასთან შეხვედრამდე გადავიტანე. აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ წინ უფრო დიდი განსაცდელი მელოდა?
– პირველი იმედგაცრუების შემდეგ მამაკაცების მიმართ უნდობლობით რომ არ განიმსჭვალე, მიკვირს. საშამ რით მოგხიბლა?
– იმ ამბის მერე მართლაც, საერთოდ აღარავის ვენდობოდი, განსაკუთრებით – მამაკაცებს. ის კი არა, მამას და ნათესავ კაცებსაც ეჭვის თვალით ვუყურებდი და სტუმრად მოსული ბიძების დანახვისთანავე სხვა ოთახში გავრბოდი… მაგრამ მას მერე, რაც საშა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
გარდა იმისა, რომ სიმპათიური იყო, ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველიც გახლდათ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ დავმეგობრდით და მას ყველაფერი მოვუყევი იმ ავბედითი დღის შესახებ, ანუ როცა სიყვარული ამიხსნა, უკვე ყველაფერი იცოდა ჩემს წარსულზე. მეუბნებოდა, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირი არ არის;
ყველა უნდობლობას არ იმსახურებსო და როცა სიყვარულში გამომიტყდა, იქვე დასძინა: შენს წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მთავარი ის მომავალია, რომელსაც მე და შენ ერთად შევქმნითო… თავიდან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შეხვედრებით, გასეირნებით შემოიფარგლებოდა, შემდეგ უკვე ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა.
ჰოდა, მის სიყვარულში მტკიცედ დარწმუნებულმა, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. აბორტიც ვერ გავიკეთე, რადგან ისედაც გვიან გავიგე, მუცლით ბავშვს რომ ვატარებდი და თან, ვიდრე ამისთვის საჭირო თანხას მოვაგროვებდი, სამთვენახევრის ორსული გავხდი და აბორტი არავინ გამიკეთა. აი, ასე შემრჩა შვილი. ჩემი ფეხმძიმობის ამბავი მშობლებმა რომ გაიგეს, რა თქმა უნდა, იყო ერთი გაწევ-გამოწევა და საბოლოოდ, სახლიდან გამაგდეს.
– როგორც ჩანს, ფეხმძიმობამ შეგაშინა. საშამ თავად გთხოვა აბორტის გაკეთება თუ ეს შენი სურვილიც იყო? მზად იყავი, ჯერ არდაბადებული შვილი მოგეკლა?
– ჩემი ორსულობის ამბავი რომ გაიგო, საშამ თავი გაიგიჟა, ამისთვის ჯერ მზად არ ვარო. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, პრინციპში, უკვე მეც აღარ მინდოდა ფეხმძიმობა. არ მხიბლავდა მარტოხელა დედის სტატუსი და არც ის ამბავი, რომ ახლობლები ჩემზე ჭორაობას დაიწყებდნენ.
მაგრამ ალბათ, უფლის ნება იყო, რომ ვერ მოვიშორე ჩემი პატარა და ახლა ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ დედობას მაზიარა. ეს უდიდესი სიხარულია. ჩემი შვილია ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცხოვრების გაგრძელება ღირს. ახლა მხოლოდ იმის გამო ვწვალობ, რომ ჩემს შვილს ნათელი მომავალი ჰქონდეს და ის გაჭირვება არასდროს იგრძნოს, რაც მის ასაკში (და შემდეგ) მე გამოვცადე…
– მას მერე, რაც მშობლებმა სახლიდან გაგაგდეს, სად წახვედი?
– ვინაიდან საშას ოჯახის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, გადაწყვიტა, ჩემთვის ბინა დაექირავებინა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, 8 თვის ორსულს გამომიცხადა: აღარ ვმუშაობ და ბინის ქირას ვეღარ გადაგიხდი. რაც გინდა, ის ქენი, ჩემი იმედი აღარ გქონდესო და წავიდა.
– თავს რით ირჩენდი?
– ორსული კი ვიყავი, მაგრამ გარკვეული პერიოდი თავადაც ვმუშაობდი და შეგროვებული თანხით გავიტანე თავი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, მერე კი, ვინაიდან ქირას ვერ გადავიხდიდი, სახლის პატრონმა ბინიდან გამომაგდო. მეცხრე თვეში ვიყავი უკვე, როცა თოვლსა და ყინვაში, ქუჩაში ამოვყავი თავი. 2 დღე და ღამე მშიერს პირდაპირ ქუჩაში მეძინა. ერთ დილას კი პატრულის ეკიპაჟმა შემამჩნია და განყოფილებაში გადამიყვანეს.
როცა მათ ჩემ შესახებ ვუამბე, სოციალური სააგენტოს მუშაკები მოიყვანეს და თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში წამიყვანეს. 3 თვის შემდეგ, ამავე დაწესებულების რუსთავის ფილიალში გადამიყვანეს. დაახლოებით წელიწადი და 3 თვე დავყავი ამ თავშესაფარში. მერე კი სოციალური სააგენტოს მუშაკებმა მოახერხეს და მშობლებს შემარიგეს. სახლში დავბრუნდი.
– თუ შეგიძლია, აღმიწერე ის ორი დღე, როცა ფეხმძიმე ქუჩაში ცხოვრობდი. ხალხი ყურადღებას არ გაქცევდა? დახმარების სურვილი არავის გასჩენია?
– ქუჩაში გატარებული ის ორი დღე იმაზე ფიქრმა გადამატანინა, რომ უფალი არ გამწირავდა. ყველასგან – მშობლებისგან, დაქალებისა და ჩემი შვილის მამისგან უარყოფილს ხელი არ ჩამიქნევია და საბოლოოდ, სახელმწიფომ შემიფარა.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა და ასევე – საპატრიარქოს, რომ ერთი წელი და 3 თვე ჩემზე და ჩემს შვილზე ყველანაირად ზრუნავდნენ, საკვებით დაწყებული, ჰიგიენური საშუალებებით დამთავრებული, ყველაფრით უზრუნველგვყოფდა.
მადლობა სოციალური სააგენტოს მუშაკებს იმისთვის, რომ ოჯახი დამიბრუნეს და დღეს ჩემი შვილი მათთვის ყველაფერია; მასზე ამოსდით მზეც და მთვარეც ჩემს მშობლებს, ჩემს უმცროს და-ძმას.
– საშა შენი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა?
– იმ პერიოდში, როცა თავშესაფარში ვიყავი, დაახლოებით ორჯერ დამირეკა და შვილის ამბავი იკითხა, მე კი მის შესახებ რაღაცებს საერთო ნაცნობებისგან ვიგებდი. საშა დაოჯახდა მამამისის შერჩეულ გოგოზე. ცოლის მოყვანიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გააქტიურდა: ხშირად მირეკავდა, ბავშვსაც ნახულობდა და მატერიალურადაც შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა.
მალე შვილს საკუთარი სურვილით, გვარიც მისცა… ახლა ის ჩემი საყვარელია, ოღონდ – არა იმიტომ, რომ მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ოჯახის დანგრევა დავისახე მიზნად – ეს იქნება ჩემი შურისძიება.
– ამას რატომ აკეთებ?
– იცით, როცა ჩემთან არის და ცოლს ატყუებს იმის გამო, რომ ჩემგან მალე არ წავიდეს, ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის. ვიცი, ბევრი გამკიცხავს და იმასაც ვგრძნობ, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ ახლა ასე მინდა და საკუთარ სურვილებს ვერაფერს ვუხერხებ.
მე მის გამო ლამის, მშობლები დავკარგე და თან, იმ ცრემლებსაც ვერ ვპატიობ, რომელიც მის გამო ვღვარე. მერწმუნეთ, ძალიან მიჭირს იმ კაცის გვერდით ყოფნა, რომლის მიმართაც აღარაფერს ვგრძნობ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო.
სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. მადლობა, რომ მომისმინეთ. ვიცი, ეს შურისძიებაც ვერ მიშველის. წარსულს ვერ შევცვლი და ვერც იმ სიმწარეს დავივიწყებ, რაც გადავიტანე. ერთი იმედით ვცხოვრობ: ჩემი შვილი მაინც იქნება ბედნიერი!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: ჟურნალი სარკე