გაჭირვებულმა ცხოვრებამ ბევრს დაატოვებინა ქვეყანა. ზოგის ქმარი წავიდა საზღვარგარეთ და ზოგის ცოლი, მაგრამ ემიგრანტთა უმეტესობა ქალია.
რადგან “იქ” მამაკაცის საქმე ნაკლებად ყოფილა. ესეც არ იყოს, მამაკაცებმა შინ დარჩენა ამჯობინეს და ცოლები გაუშვეს საშოვარზე – რა ვქნათ, გვიჭირს და გამოსავალიც ესააო.
სწორედ ასე თქვა ქუთაისელმა ვანიკო თ-მ, როცა მის ოჯახსაც გაუჭირდა… ვანიკო ადრე დიდ საწარმოში მუშაობდა, თანამდებობაც ჰქონდა და გავლენაც, მაგრამ მერე მდგომარეობა შეიცვალა. დარჩა ჩვენი ვანიკო ახალგაზრდა ცოლით უმუშევარი. ისედაც
გვიან დაოჯახდა. ქეთინო ერთ-ერთ წვეულებაზე გააცნეს, მოეწონა და ბევრი აღარ უფიქრია.
ან კი რაღა დროს ფიქრი იყო, 40-ისა ხდებოდა. ქეთინოს მაინცდამაინც თვალში არ მოსდიოდა ხანში შესული საქმრო, მაგრამ ლამის შეჭამეს ახლობლებმა: – შე სულელო, ქმრად უფროსი სჯობია, არაფერს მოგაკლებს და დედოფალივით გაცხოვრებსო… “დედოფალივით ცხოვრება” მხოლოდ 7 წელიწადი დასცალდა…
ორ მცირეწლოვან ბავშვს ბევრი რამ სჭირდებოდა, სახლ-კარსაც ხელის მიშველება უნდოდა, ამიტომაც კარგა ხნის ფიქრისა და ნერვიულობის მერე გადაწყდა – ქეთინო საბერძნეთში უნდა წასულიყო…
ვანიკოს უჭირდა ლამაზი და ახალგაზრდა ცოლის უცხოეთში გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
ქეთინოს ნაცნობებმა მალე უშოვეს სამუშაო. ფხიანიც გამოდგა – როცა ის მოხუცებული გარდაიცვალა, რომელსაც უვლიდა, თავად ოჯახის უფროსმა უშოვა სამუშაო – ქეთინოს ორი ბავშვისთვის უნდა მოევლო დილის 9 საათიდან საღამოს 8-მდე.
ჯამაგირიც მეტი იყო. ქეთინოს გული ეწვოდა, საკუთარი შვილები ასე შორს რომ ჰყავდა, სხვისას კი თავს ევლებოდა, მაგრამ რა ექნა? როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო…
პატარებმა ისე შეიყვარეს ქართველი ძიძა, რომ უმისოდ ვეღარ ძლებდნენ, საღამოს შინ მიმავალს გაეტირებოდნენ ხოლმე. ოჯახის უფროსმა გადაწყვიტა, ძიძა შინ დაეტოვებინა. ქეთინოს გაუხარდა – ბინის ქირა აღარ ექნებოდა გადასახდელი, თუმცა შეატყო, რომ ბავშვების დედას ეს ამბავი არ ეჭაშნიკა. ქალმა მაინც ვერ გაუწია ქმარს წინააღმდეგობა…
ბერძენ შვილობილებს ძალიან უყვარდათ ქეთინო. დედას არ უჯერებდნენ და ძიძის სიტყვას კი უმალ ასრულებდნენ. ეს ძალიან აღიზიანებდა დიასახლისს, თანაც ქართველი ქალი გარეგნობითაც ბევრად სჯობდა და მისი ქმარიც თვალებში შესციცინებდა.
გეორგიუსი ძიძას ხელფასის გარდა ხშირად აძლევდა ფულს – შენთვის რამე იყიდეო. ცოლი თავიდან ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ერიდებოდა ძალიან მდიდარი და გავლენიანი ქმრის განაწყენებას, მაგრამ როცა ეჭვმა არ მოასვენა, ხმა აიმაღლა, – რად უნდა ძიძას ამდენი პატივისცემა, ისედაც ჩვენთან ცხოვრობს, ხელფასსაც მაღალს უხდი და ზედმეტი ფული რა საჭიროაო, მაგრამ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია კაცმა, ქეთინო კი ძალიან დაძაბული იყო…
ერთხელ, ბავშვები საზამთრო კურორტზე წაიყვანეს და ქეთინოც იახლეს. რამდენიმე დღის შემდეგ გეორგიუსი ათენში გამოიძახეს.
ბიზნესმენმა გადაწყვიტა – უფროსი დარჩება დედასთან, უმცროსი კი ძიძასთან ერთად დაბრუნდება ათენშიო. მთლად აილეწა ცოლი, არც ქეთინოს ადგა კარგი დღე, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გეორგიუსის სიტყვა შინაც და გარეთაც კანონი იყო.
ათი დღის შემდეგ, როცა ცოლი შინ დაბრუნდა, განრისხებული თავს ვეღარ თოკავდა. ქეთინოს უმიზეზოდ აუხირდა, ეჩხუბა და უბრძანა, – დღესვე დატოვე ჩემი სახლიო. ქეთინომ უხმოდ ჩაალაგა ბარგი.
გული ეწვოდა, ბავშვების ტირილი რომ ესმოდა, მაგრამ რა ექნა? შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ ეს ამბავი ასე იოლად არ დამთავრდებოდა.
ქეთინო თავის მეგობართან გადავიდა. საღამოს 9 საათი იქნებოდა, გეორგიუსმა რომ დაურეკა, – მითხარი, რა მისამართზე ხარ, უნდა გნახოო. რამდენიმე წუთში გეორგიუსი უკვე ქეთინოსთან იყო… ბევრი არც ალაპარაკა, – ბავშვები უშენობას დარდობენ და ახლავე უნდა წამოხვიდეო…
იმ დღიდან გეორგიუსის ცოლი ქეთინოს დაუძინებელ მტრად იქცა. ერთ შაბათს გეორგიუსის ცოლმა გადაწყვიტა მშობლებთან (საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე) წასულიყო. უნდოდა, უფროსი გოგონაც წაეყვანა, მაგრამ ბავშვი გაჭირვეულდა და თავი დაანება.
შინ ქეთინო, ბავშვები და გეორგიუსი დარჩნენ. კაცი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. ქეთინოს შესთავაზა, ატრაქციონზე წავიყვანოთ ბავშვებიო. შინ გვიან დაბრუნდნენ, ქეთინომ დააძინა პატარები, თვითონ კი თავის ოთახში გავიდა და ფიქრებს მისცა თავი.
ცოტა ხანში გეორგიუსის ხმა მოესმა – ყავის დასალევად ეპატიჟებოდა. არ ესიამოვნა კაცის ასე გაშინაურება, მით უფრო ბავშვების დედის ეჭვიანობის შემდეგ, მაგრამ უარიც ვერ უთხრა, გეორგიუსი ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა თავისი მოზომილი სიტყვა-პასუხით და ქცევით. სამზარეულოში დასხდნენ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ისაუბრეს…
მეორე დილით კი… გეორგიუსი თავის საწოლში მკვდარი იპოვეს. დანით იყო მოკლული. ცოლი საღამოს ჩამოვიდა და მან მაშინვე ქეთინოს დაადო ხელი, – ეგ იზამდა, სხვა არავინო… ქეთინო, როგორც ეჭვმიტანილი, დააპატიმრეს. საშინელ დღეში ჩავარდა. ამბობდა, – თუ მე მოვკალი, დილამდე მშვიდად როგორ დავიძინებდი ამავე სახლშიო, მაგრამ არავინ უსმენდა.
ლამის იყო, თავი გასკდომოდა იმის ფიქრით, ვის უნდა ჩაედინა ეს საზარელი მკვლელობა. ეცოდებოდა ბავშვები, რომლებსაც მამა ძალიან უყვარდათ. უმცროს, 4 წლის გოგონას სტრესისგან ენა ჩაუვარდა. ძალიან ედარდებოდა, საქართველოში ქმარ-შვილი უჩემოდ რას გახდებაო.
ერთადერთი, რაც ოდნავ შვებას ჰგვრიდა, ის იყო, რომ ორი დღის წინ 3.000 ევრო გაუგზავნა ვანიკოს. თან ხავსს ეჭიდებოდა – ასეთ უდანაშაულოს ღმერთი როგორ გამწირავსო… ქუთაისში რომ შეწყდა ქეთინოს ზარები, ოჯახი შეფიქრიანდა. ათენში ურეკავდნენ, გეორგიუსის ცოლი კი ბერძნულად რაღაცას ეტყოდა და გაბრაზებით დაუკიდებდა ყურმილს.
არა, აქ რაღაც ცუდი ამბავიაო, – გაიფიქრა ვანიკომ და ქეთინოს მეგობრების ტელეფონი მოიძია. ისინი კარგა ხანს, ქეთინოს თხოვნით, სიმართლეს უმალავდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, ყველაფერი უამბეს. ვანიკოს ქვეყნიერება თავზე ჩამოექცა.
მისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო ის ბრალდება, რის გამოც მისი ცოლი ციხეში მოხვდა. გადაწყვიტა, ქეთინოს გამოგზავნილი ფული ისევ მის საშველად გამოეყენებინა…
საბერძნეთში გაემგზავრა, მაგრამ ბერძნული მართლმსაჯულება საკმაოდ შეუვალი აღმოჩნდა. ცოლს მხოლოდ ერთხელ შეახვედრეს, ისიც გისოსებს მიღმა. ქეთინოს გული ამოუჯდა ვანიკოს დანახვაზე და სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი, – მე ეს არ ჩამიდენიაო…
გამოძიება ოთხი თვე გაგრძელდა, ყველა გზა ქეთინომდე მიდიოდა, მაგრამ ყველაფერს მაშინ მოეფინა ნათელი, როცა გეურგიუსის უმცროსი შვილი ალაპარაკდა და თქვა, – რომ იმ ღამეს დედა დაინახა სახლში შემოსული, ხელში დანა ეჭირაო.
რაღა თქმა უნდა, გეორგიუსის ცოლიც დააპატიმრეს. მან სასამართლოზე აღიარა დანაშაული – ვატყობდი, რომ ჩემს ქმარს ქართველი ძიძა მოსწონდა და ვეჭვიანობდი. ერთად მინდოდა, რომ გამომეჭირა, ამიტომაც მოვიმიზეზე მშობლების ნახვა.
შუაღამისას შინ მოვბრუნდი და ჩავუსაფრდი. დავინახე, როგორ ისხდნენ მაგიდასთან და თვალებით ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. გონება დამებინდა და გადავწყვიტე, გეორგიუსი მომეკლაო…
ქეთინო სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. კომპენსაციისთვის (4 თვე რომ ციხეში აყურყუტეს) ფულიც გადაუხადეს. აღარ გაჩერდა ათენში და ქმართან ერთად საქართველოში დაბრუნდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..