ბავშვობაში რომ გეკითხათ ჩემთვის, რა გინდა გამოხვიდე რომ გაიზრდებიო, ლამაზი მინდა გამოვიდეო, ვეტყოდი.
ან ვის არ ენდომებოდა. მაგრამ ისეა ეს სამყარო მოწყობილი, რომ დიდი არეულობაა ამ ამბავში: ვინ ასეა ლამაზი და ვინ ისე, ვინ როგორ და ვინ ვისთვის.
ჰოდა, ყველაფრის გაგება შემიძლია და იმათი არა, სხვების გარეგნობაზე რომ ქილიკობენ.
გარეგნობაზე, ხალხო. ცხვირის, ფეხების, უკანალების ფორმებზე, მერე – ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და ა.შ. ვერ ვპატიობ ხოლმე.
მახსოვს რამდენიმე ზამთრის წინა, ჩემი დიდი სიმარტოვეების, სიბეჩავის დრო. რაც გარეთ მეცვა, იმ ტანსაცმლით ვწვებოდი ხოლმე
ლოგინშიც. ვჭამდი და მეძინა და მერე ისევ ვჭამდი- სხვა არაფერი მქონდა, რაც ცოტა მაინც გამაბედნიერებდა.
ჰოდა, მივდიოდი ერთხელაც ქუჩაში, ძალიან მსუქანი, ძალიან ბეჩავი, ძალიან აწეწილ-ჩამოჯაჯული და მომაძახეს ვიღაც ბიჭებმა, რას გავხარ შე უბედუროო.
აი ესე ზუსტად. თვითონ რას გავდნენ, არ მიკითხავს.
კი არაფერი, დიდი გოგო ვიყავი და არ მწყენია, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, როგორ შეეძლოთ. მერეც ხშირად მომისმენია მსგავსი რამ ბიჭებისგანაც და გოგოებისგანაც.
მინახავს, როგორ შფოთავს ხოლმე ხალხი, როცა ფოტოებზე გულებს და “რა ლამაზი ხარ”-ებს უკომენტარებენ ადამიანები ერთმანეთს.
აი მერე რა, თუ ჩემი თუ ვიღაცის სილამაზე “ის” სილამაზე არ არის, აი ის, დიადი, როგორც იტყვით ხოლმე, ჭეშმარიტი სილამაზე.
ყველას თავისი წილი სილამაზე აქვს. და რა დაშავდება, თუ კარგ რაღაცებს ვეტყვით ერთმანეთს, რა დაშავდებოდა, თუ ბავშვობაში ჩემს წუწუნზე – ლამაზი არ ვარო – ვინმე მიპასუხებდა, ვინმე მაინც, ხარ, ხარ ლამაზიო, ნაცვლად იმისა, რასაც მპასუხობდნენ – “სამაგიეროდ, ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი ხარ” და ა.შ.
და კიდევ, თუ მაინცდამაინც მოგვინდება, ვინმეზე ვთქვათ, რას გავსო, სარკეში ჩავიხედოთ ხოლმე – ეგება და ჩვენც რას ვგავართ ზოგჯერ. მე მშველის ხოლმე. თანაც მაგ დროს ვხვდები, რომ არის რაღაც, რაღაც მნიშვნელოვანი ამ არლამაზობებშიც. დაკვირვება უნდა უბრალოდ.
და ბოლოს, გავიზარდე მე, და ახლაც იმედი მაქვს, რომ დავბერდები, ლამაზი ბებერი გამოვალ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზაირეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ავტორი: ლია ლიქოკელი