სკოლას ვამთავრებდი, მამაჩემი დიდ თანამდებობაზე რომ დანიშნეს და მძღოლიანი მანქანა მიუჩინეს. დედაჩემი და ჩემი უფროსი და ძალიან იფერებდნენ ახალ მდგომარეობას და, რომ იტყვიან, კუდი ყავარზე გადეს. აქაოდა, დიდი კაცის ცოლი გავხდიო, დედამ ორი მოსამსახურე აიყვანა:
ერთი სახლს ალაგებდა, მეორე სადილ-ვახშამს გვიმზადებდა. ასეთი რამ მაშინ უცხო ხილი იყო, მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „ნომენკლატურის“ ოჯახებს ჰქონდათ ამის უფლება და ისინიც მთლად ვერ ახმაურებდნენ.
სანამ მამა „ჩვეულებრივი მოკვდავი“ იყო, დედაჩემი ძალიან სადად და მოკრძალებულად ცხოვრობდა. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვდა არც სახლში და არც გარეთ. ასეთივე იყო ჩემი დაც – ზედმეტად ჩუმი, წყნარი, მორიდებული. მაგრამ, ხომ გითხარით, რაც მამა დააწინაურეს, ვერც ერთს ვეღარ ვცნობდი.
მამას მძღოლი ერთი სიმპათიური ბიჭი იყო. პოლიტექნიკურში სწავლობდა დაუსწრებელზე და, რადგან დედა ჰყავდა სარჩენი, პირად მძღოლად დაიწყო მუშაობა. მამას მოსწონდა – მშრომელი, წესიერი და ერთგული ბიჭიაო და ათას რამეს უკეთებდა.
ისიც მადლიერი იყო და სულ თვალებში შემოგვციცინებდა ყველას, განსაკუთრებით კი – ჩემს დას, რომელიც, აშკარად მოსწონდა. ამქვეყნად რა იმალება და ჩვენი მძღოლის სიყვარულიც გამჟღავნდა, რასაც საშინელი რეაქცია მოჰყვა როგორც დედაჩემის, ისე ჩემი დის მხრიდან.
დედამ უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა საწყალი ბიჭი და მამას კატეგორიულად მოსთხოვა, სამსახურიდან გაეშვა. ჩემი და კი აშკარად დასცინოდა და ამცირებდა, კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და მის გრძნობებს აბუჩად იგდებდა.
მამას არ უნდოდა ასეთი კარგი მძღოლის გაშვება, მაგრამ დედამ ისეთი სურათი დაუხატა, იძულებული გახდა, ბესოსთვის (მძღოლისთვის) სხვა მაღალჩინოსანთან გაეწია რეკომენდაცია.
ბესო რომ მიდიოდა, ისეთი მოწყენილი იყო, კინაღამ ავტირდი და გამოსამშვიდობებლად მარტო მე მივედი მასთან. შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და გულით ვუსურვე წარმატება და ბედნიერება. ბოლოს მითხრა, ამ ოჯახში შენ და მამაშენი სულ სხვანაირები ხართ, მაგრამ, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე:
თავის საქციელზე საბოლოოდ ყველა აგებს პასუხს და დადგება დღე, როცა დედაშენი და შენი და ძალიან ინანებენ, ასე რომ მომექცნენო. მიუხედავად იმისა, რომ ბესოს გულში თანავუგრძნობდი, მაინც არ მესიამოვნა ეს სიტყვები, გულზე ეკლად მომხვდა,
მით უფრო, რომ მის თვალებში უცნაური, ბოროტი ნაპერწკალი დავინახე, რაც სხვა დროს არ შემიმჩნევია. ეს უსიამოვნო შეგრძნება კარგა ხანს გამყვა, მაგრამ მერე თანდათან გაიფანტა.
ბესო ჩვენგან რომ წავიდა, სკოლას იმ წელიწადს ვამთავრებდი. მალე ბანკეტი ახლოვდებოდა და დიდ სამზადისში ვიყავი. ბესო მანამდეც მირეკავდა ხოლმე, ყველას მოიკითხავდა, ჩემს ამბებსაც მეკითხებოდა, თავისასაც მიყვებოდა.
ხანდახან საათობით ვლაპარაკობდით. ერთი სიტყვით, დავმეგობრდით. ერთი-ორჯერ მე და ჩემი დაქალები მცხეთაში გაგვასეირნა მანქანით, ერთხელ კაფეშიც წაგვიყვანა და ნაყინზე დაგვპატიჟა.
სულ მეკითხებოდა, ბიჭები ხომ არ გაწუხებენ. თუ ვინმემ თავი მოგაბეზრა, მითხარი და ახლოს ვეღარ მოგეკარებაო.
ერთხელ მართლაც მომიწია თქმა (შიშით სახლში ხმა ვერ ამოვიღე) და ბესომ ისეთი დღე აყარა, იმის მერე კილომეტრზე მივლიდა ის ბიჭი გვერდს. ამ ყველაფერს ბესო ისე აკეთებდა, რომ მთლიანად მივენდე, მასზე ერთგული და საიმედო აღარავინ მყავდა.
თან, ერთხელაც კი, „ნამიოკის“ სახითაც არ უთქვამს, არ უგრძნობინებია რამე. როგორც უმცროს დას, ისე მექცეოდა და მფარველობას მიწევდა.
მე ამ ყველაფრისთვის ძალიან მადლობელი ვიყავი, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, ბესო შემიყვარდა. თუმცა, ამაში საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებოდი. წეღან ბანკეტი ვახსენე. სწორედ ბანკეტის წინა დღეს დამირეკა და მანქანით მომსახურება შემომთავაზა – არ მინდა, შენ და შენმა დაქალებმა ტაქსებით იაროთ.
მიგიყვანთ, დილით კი მოგაკითხავთ და სახლებში დაგარიგებთო. სიხარულისგან ჭკუაზე არ ვიყავი. მართლაც, მიმიყვანა, მასწავლებლებს ჩამაბარა და წავიდა. ის ღამე, ცხადია, გავათენეთ, მაგრამ, სანამ დავიშლებოდით, ბესომ ორჯერ მომაკითხა – დამხედა, ხომ მშვიდობააო.
დილის 6 საათზე კი დაბარებულივით იდგა იმ სახლის წინ (მაშინ სახლებში იხდიდნენ ბანკეტებს), სადაც ბანკეტი გვქონდა. ცოტა დალეული მქონდა და საკმაოდ შექეიფიანებული ვიყავი. ჩემი დაქალებიც ფეხზე ძლივს იდგნენ.
ხუთნი ჩავეჭედეთ ბესოს მანქანაში. თვალებს ძლივს ვახელდი, ისე ვიყავი და არც კი გამიგია, როგორ ჩამოარიგა ბესომ ჩემი დაქალები. მანქანაში მარტო რომ დავრჩით, ეტყობა, სიჩუმემ გამომაფხიზლა. ბესო ღიმილით შემომცქეროდა, რამაც ძალიან დამაბნია.
მერე მითხრა, ამ კაბაში ისეთი მზეთუნახავი ხარ, მენანება კიდეც, სახლში მიგიყვანოო. მაშინ, სადმე სხვაგან წამიყვანე-მეთქი. გეფიცებით, მართლა არაფერი მიგულისხმია, გარდა იმისა, რომ ვიფიქრე, სადმე გავისეირნებთ-მეთქი.
სად წავიდეთო, – მკითხა. მე ისევ გაუაზრებლად ვუპასუხე, სადაც შენ გინდა-მეთქი. მაშინ, მომიბრუნდა, სახე ახლოს მომიტანა, თვალებში ჩამხედა და ჩუმად მითხრა: მე მინდა, რომ ჩემთან წაგიყვანო, სახლში, ოღონდ, სამუდამოდ.
ამაზე თანახმა ხარო? ისეთი დიდი სითბო, სიყვარული და გულწრფელობა დავინახე მის თვალებში, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავეთანხმე. სხვათა შორის სწორედ იმ წუთებში ვიგრძენი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, თურმე, მიყვარდა.
ასე გავყევი ცოლად ბესოს. გამოგიტყდებით, რომ დედაჩემი და ჩემი და მხოლოდ მას შემდეგ გამახსენდა, რაც ბესომ თავისი ოჯახის წევრებთან ცოლად წარმადგინა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მინდოდა.
ჩემი ბესოზე გათხოვების ამბავს (თანაც, ასე გათხოვების) როგორ გადაიტანდნენ ოჯახის წევრები, ხომ წარმოგიდგენიათ. ყველაზე ადრე მაინც მამა შეგვირიგდა. დედა და ჩემი და წლების განმავლობაში არ მოსულან ჩვენთან.
ბესო არაჩვეულებრივი ქმარი და მამა გამოდგა. სულ თვალებში შემომყურებდა, და, რაც შეეძლო, მანებივრებდა. მამას ეამაყებოდა, ასეთი სიძე რომ ჰყავდა.
თავისი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, კარგ თანამდებობასაც მიაღწია, თავის დარგში საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა და, შესაბამისად, მატერიალურადაც აღარ გვიჭირდა (სხვათა შორის, მამა ხშირად სთავაზობდა ხოლმე დახმარებას, მაგრამ ბესოს არასდროს, ერთი კაპიკიც კი არ გამოურთმევია).
დედამ, როგორც იქნა, მოინელა ის ამბავი, რომ მისი შვილი ღარიბ მძღოლს გაჰყვა, მაგრამ, ჩემი და დღემდე უმძრახად არის ჩემთან – ამ 30 წლის განმავლობაში ვერ მაპატია, რომ საქმრო „წავართვი“, – ასე ამბობს ყველგან დღესაც და, მე მაბრალებს, რომ გაუთხოვარი დარჩა.
არ ვიცი, შეიძლება, მთლად მართალი არ ვარ ჩემს დასთან, მაგრამ, ეტყობა, ჩემი ბედის წიგნში ასე ეწერა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნათელა, 47 წლის.