ეს საოცარი ისტორია იაპონელ წყვილს გადახდა. ჰისაში ნიშიზავა და მაი ნაკაჰარა ერთმანეთს 2005 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ. მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ და 2007 წლის გაზაფხულზე ქორწილი დანიშნეს, მაგრამ..
მოულოდნელმა ტრაგედიამ წყვილის გეგმები მთლიანად შეცვალა.
ქორწილამდე სამი თვით ადრე მაის უცნაური სიმპტომები შენიშნეს – გოგონა რამდენიმე წუთის წინ მომხდარს ვერ იხსენებდა და ღამით ხმამაღლა და გაბმულად ყვიროდა.
მაი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გული გაუჩერდა. ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა გოგონა კომაში ჩავარდა.
მწუხარებისგან განადგურებულმა ჰისაშიმ საქორწინო ცენტრში დარეკა და ქორწილის გაურკვეველი დროით გადატანა ითხოვა, ახლობლებს კი გამოუცხადა, რომ საცოლეს უსასრულოდ დაელოდებოდა.
ახალგაზრდა კაცი კომაში მყოფ საცოლეს ყოველდღე, სამსახურში წასვლამდე და სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ნახულობდა. დასვენების დღეებს მის გვერდით ატარებდა, მასაჟს უკეთებდა, საყვარელ მუსიკას „ასმენინებდა“ და ესაუბრებოდა.
ხუთი თვის შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მაი საკვერცხეების კიბოსგან გამოწვეული ენცეფალიტით იტანჯებოდა. ანტისხეულები, რომლებსაც გოგონას ორგანიზმი გამოყოფდა, მისი ნერვული სისტემის წინააღმდეგ მუშაობდა და ტვინის ფუნქციონირებას აფერხებდა. მაის სიმსივნე დაუყოვნებლივ ამოჰკვეთეს, თუმცა წლები გადიოდა და გოგონა მაინც კომაში რჩებოდა.
„გთხოვ, იპოვე სხვა გოგონა.. ჯანმრთელი გოგონა, რომელიც გაგაბედნიერებს“, – სთხოვა ერთხელ მაის დედამ სასიძოს.
„მოვიცდი.. მე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა მისი ღიმილის ნახვა“, – უპასუხა ჰისაშიმ.
თითქმის ორწლიანი კომის შემდეგ მაიმ თვალები გაახილა, მაგრამ ახლობელი ადამიანებიდან ვერავინ იცნო. ის არ რეაგირებდა საუბარზე, მოძრაობაზე და საყვარელ მუსიკაზე. გოგონას ვეგეტატიური მდგომარეობა წელიწადი გაგრძელდა.
ამ ხნის მანძილზე, ჰისაში მასთან ვიზიტებს ძველებურად აგრძელებდა და დარწმუნებული იყო, რომ საყვარელი ქალი ოდესმე იცნობდა. სასწაულის მოლოდინი კიდევ სამ წელს გაგრძელდა…
იმ დღეს ჰისაში მაის ჩვეულებრივ მასაჟს უკეთებდა, როცა შენიშნა, რომ გოგონას სახეზე ნერვი შეინძრა და ღიმილი მოეფინა.
მოგვიანებით ჰისაშიმ აღიარა, რომ მაის კომაში ჩავარდნის პირველივე დღეს საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ მის გაღვიძებას დაუცდიდა და პირობა შეასრულა.
2014 წელს საქორწინო სააგენტოში ზარი გაისმა – ჰისაში ნიშიზავამ 2007 წელს გადადებული ქორწილი დანიშნა. მაიმ გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით დაიწყო. თავიდან მას მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მიზნად დაისახა, რომ საკურთხევლამდე თავად უნდა მისულიყო.
ჩაშლილი ქორწილიდან 8 წლის შემდეგ, 2014 წლის 21 დეკემბერს ჰისაში ნიშიზავას და მაი ნაკაჰარას საქორწინო ცერემონია გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ კლინიკის ექიმები და მედდები – ყველა, ვინც მაის ამ წლების განმავლობაში გვერდით ედგა.
პატარძალი საკურთხევლამდე საკუთარი ფეხით მივიდა და სიხარულისგან ატირდა. მის გვერდით იდგა მამაკაცი, რომელსაც უყვარდა და არასოდეს მიუტოვებია.
ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებისთვის ნამდვილი სიყვარული და ერთგულება მითი და ზღაპარია, მაგრამ ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ასეთი სიყვარული შეუძლიათ.