79 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი, დაიან კიტონი.
დაიან კიტონს დიდი წარმატება მოუტანა მისთვის ემბლემატურმა, “ოსკარით” დაჯილდოებულმა როლმა 1977 წლის ფილმში “ენი ჰოლი”. რეჟისორმა, სცენარისტმა, მთავარი როლის შემსრულებელმა და კიტონის ყოფილმა სასიყვარულო პარტნიორმა, ვუდი ალენმა ეს ფილმი დიდწილად კიტონის რეალურ ცხოვრებაზე დააფუძნა. “ენი ჰოლის” შემდეგ კიტონმა არაერთ მნიშვნელოვან ფილმში ითამაშა, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
პირველი მნიშვნელოვანი როლი დაიან კიტონმა შეასრულა ფრენსის ფორდ კოპოლას “ნათლიაში” – კიტონი ამ ფილმის ორ ნაწილში ასრულებს ალ პაჩინოს მიერ განსახიერებული მაიკლ კორლეონეს ცოლის როლს. კიტონს “ოსკარის” ნომინაციები მოუტანა როლებმა ფილმებში “წითლები” (1981), “მარვინის ოთახი” (1996) და “სიყვარული წესებით და მათ გარეშე” (2003).

კულტურის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ კიტონის უნიკალურ იმიჯს – მის თვითირონიას, კომედიურ ნიჭს და ჩაცმის გამორჩეულ სტილს, ის, როგორც წესი, ჩნდებოდა ქუდით, ყელიანი სვიტერით ან კაცის ჰალსტუხით.
2017 წელს დაიან კიტონს ამერიკის კინოინსტიტუტმა მიანიჭა ჯილდო სამსახიობო მიღწევებისთვის ცხოვრების განმავლობაში.


