მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა საბავშვო ბაღიც ერთად დავამთავრეთ, სკოლაც და უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტიც.
მაგრამ, ისე მოხდა, რომ მე ვიშოვე სამსახური, ანი კი სახლში იჯდა. ხანდახან თუ გამოუჩნდებოდა ხოლმე რაღაც ერთჯერადი ან მოკლევადიანი სამუშაო.
სხვათა შორის, ძალიან ძლიერი ეკონომისტია, მაგრამ, რატომღაც, სამსახურთან დაკავშირებით არ უმართლებდა. მე ერთ ძალიან სერიოზულ ფირმაში ვმუშაობდი მთავარი ეკონომისტის მოადგილის თანამდებობაზე.
სამი წლის წინ გავთხოვდი. დეკრეტულ შვებულებაში გასვლის წინ ჩემმა უფროსმა რატომღაც მე მითხრა, თუ იცი ვინმე კარგი ეკონომისტი, შენ მაგივრად რომ მოიყვანო, კარგს იზამ.
თან, ადგილიც შეგენახებაო. მაშინვე ანი გამახსენდა და იმავე საღამოს დავურეკე. ჩემი დირექტორი რომ გაესაუბრა, მოეწონა და ჩემს ადგილზე მიიღო, სანამ მე დეკრეტულ შვებულებაში ვიქნებოდი.
ანიც გახარებული იყო, რადგან, გარდა იმისა, რომ პრესტიჟულ დაწესებულებაში იმუშავებდა, ხელფასიც საკმაოდ სოლიდური ექნებოდა. მოკლედ, ყველა კმაყოფილი დავრჩით.
ბავშვი რომ მეყოლა, ხანდახან შევივლიდი ხოლმე სამსახურში თანამშრომლების მოსანახულებლად და ყოველ მისვლაზე დირექტორი მეუბნებოდა, ანი კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ, დროზე დაგვიბრუნდიო.
უფროსის ეს სიტყვები ანის აშკარად სწყინდა, მაგრამ ვითომ არ იმჩნევდა, თუმცა ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემს მიმართ ისეთი გულითადი აღარ იყო, როგორც უწინ.
ჩემი შვილი წლის რომ გახდა, ძიძა ავიყვანეთ და სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე. ძალიან მერიდებოდა, ანისთვის მეთქვა, ჩემი თანამდებობა უნდა დამიბრუნო-მეთქი,
მაგრამ, გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ დირექტორი შეპირებული იყო, სხვა განყოფილებაში გადავიყვან, უმუშევარს არ დავტოვებ თუნდაც იმიტომ, რომ შენი მეგობარიაო.
ერთ დღესაც, ანის დავურეკე და ვუთხარი, ორშაბათიდან განცხადებას ვწერ და სამსახურში ვბრუნდები, შენ კი დირექტორს სხვა განყოფილებაში გადაჰყავხარ და უმუშევარი მაინც არ დარჩები-მეთქი.
იცით, რა ამბავი ამიტეხა? იმ სხვა განყოფილებაში შენ გადაბრძანდი, მე რატომ უნდა დაგითმო ჩემი ადგილიო. ჯერ მეგონა, მეხუმრებოდა, მაგრამ, მეორე დღიდან ისეთი ამბები დაატრიალა, თანამდებობის დაბრუნება კი არა, დირექტორით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ლამის ყველა სამტროდ გადამკიდა:
ყველასთან სათითაოდ მიდიოდა და „გულმტკივნეულად” ეუბნებოდა, რუსამ (ანუ – მე) შენზე ასე და ასე თქვა და მასთან ფრთხილად იყავი.
მართალია, ჩემი დაქალია, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან და ამიტომ გაფრთხილებთო.
მართალია, ბოლოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, იმდენი უსიამოვნება შემხვდა, ლამის შევეწირე ამ ამბავს.
სხვათა შორის, ჩვენი დირექტორი მაშინვე მიხვდა, რა „ნომრებსაც” ატარებდა ანი, დაიბარა და უთხრა, სხვაგან მინდოდა გადამეყვანე, მაგრამ, ახლა დავრწმუნდი, რომ შენნაირი თანამშრომელი არ მჭირდებაო. იქვე დააწერინა განცხადება და გაუშვა.
დღეს მე ისევ ჩემს თანამდებობაზე ვმუშაობ, ანიმ კი სამსახურიც დაკარგა და მეგობარიც (ჩემი სახით).
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
რუსა, 26 წლის.