დღეს ლომისობაა. ეს ორი წლის წინანდელი ფოტოამბავია. დღეს ბარბარე კარგად არის…
“დედა, ლომისაზე რომ ავდიოდით, ჯერ კიდევ მაშინ შევნიშნე ეს ახალგაზრდა ქალი: გრძელი კაბით და თეთრი მოსახვევით ფეხშიშველა მიდიოდა ტაძრისკენ. გვერდით ასევე ახალგაზრდა კაცი მისდევდა, ბატკანი მოეგდო მხრებზე.
მერე მთის თხემზე, ტაძრთან ახლოს ვისხედით. დედა ჩვენ სიახლოვეს დაჯდა, ბავშვს მორიდებით ძუძუს აწოვებდა. საოცარი კადრი იყო და ფოტოს გადასაღებად მივედი. მაშინვე არა, მერე ამოვიცანი თეთრი თავსაბურავით ქალი, რომელსაც რატომღაც გზაშივე მივაქციე ყურადღება. თუმცა ბავშვი მაშინ თან არ ჰყავდა. გოგონა მთაზე ბიძას ამოეყვანა.
„პრობლემა გვაქვსო”, – მითხრა დედამ. წლისა და 7 თვის ბარბარეს ხერხემალზე სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, რომელიც თურქეთში 20 ათასი დოლარი ჯდება. სასურველია, პაციენტი ერთ კვირაში წაიყვანონ კლინიკაში.
ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეტანილია და პასუხს ელიან.
წარმოშობით ლაგოდეხიდან არიან…
იქ, მთაზე სახელები ვუთხარით ერთმანეთს, ნომრები ვერ ჩავიწერე, ჩემდა გასაოცრად, კალამი არ აღმომაჩნდა. თან ერთად ვაპირებდით ჩამოსვლას, თუმცა მერე სხვადასხვა ბილიკზე აღმოვჩნდით.
იმავე საღამოს ვცადე ფეისბუქში მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ლევან გოგოლაძეც და ნათია ნოზაძეც ძალიან ბევრია ფბ-ში. საბედნიეროდ, ამ დილას ნათიამ თავად მომწერა.
ლომისობაზე ასვლა იქნებ მარტო ამისთვისაც ღირდა.
ლომისის წმინდა გიორგის მადლი გეწეოდეთ თქვენც და პატარა ბარბარესაც.
მე მჯერა, მომავალ ლომისობას ბარბარე, რომელსაც ახლა სიარული და დგომა უჭირს, თავისი პატარა ფეხუნებით შებანცალდება წმინდა გიორგის ტაძარში!”
თინათინ მოსიაშვილი
P.S. უფლის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით ბარბარე გადარჩა და წელს თავის ფეხით ავიდა ლომისის ტაძარში.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია..