ქუჩაში ოთხად გადაკეცილი ქაღალდი დავინახე. ვერ ჩავუარე…
ავიღე და გავშალე…
გავშალე და გავშეშდი…
„დედა…“
პირველივე სიტყვა, გარკვეული, დიდი, ქართული და ხელის უნაკლოდ მოხაზული ასოებით…
„…გენაცვალოს!
ვერც კი აგიღწერ, როგორ მენატრები, ჩემო ერთადერთო შვილო, ჩემო სიხარულო და ბედნიერება…
დავდივარ ამ უცხო ქალაქში და ყველგან შენ გეძებ… ყველაში შენ გხედავ… გუშინ ბებოს ვასეირნებდი და დავინახე, ქუჩაში შენი ტოლი ბიჭი როგორ წაიქცა. გიჟივით მივვარდი და წამოვაფრინე, მერე გულში ჩავიკარი და მეც მასთან ერთად ვტიროდი.
მეც მასავით მტკიოდა მუხლზე გადახსნილი ჭრილობა… მერე დედამისი მოვიდა და ალბათ ვიღაცა შეშლილი ვეგონე, ისეთი თვალებით შემომხედა და ისე გააქცია ბავშვი, თითქოს რამეს დავუშავებდი…
დიდხანს ვიდექი ასე მუხლზე დაჩოქილი და ღმერთს ვთხოვდი, სანამ ჩემს შვილს გვერდით არ ვეყოლები, ნურასოდეს წააქცევ-თქო. დედა რომ წამოგაყენებს და ჩაგიხუტებს, ვერანაირ ტკივილს ვერ იგრძნობ.
ჩემო თვალხატულა ბიჭო, იცოდე დედა შენი სიყვარულით და სუნთქვით არსებობს. ყოველდღე შენზე ლოცულობს, რომ სასახელო და საამაყო შვილი გამეზარდო მეც და ჩვენს სამშობლოსაც…“
სასწრაფოდ გადავაბრუნე ფურცელი. იქნებ მეპოვნა რაიმე, რითიც შევძლებდი მიმღების ვინაობის დადგენას. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო და საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობდა. ოღონდ მეპოვნა და მზად ვიყავი ყველგან წასასვლელად.
ვერაფერს მივაგენი….
კიდევ ორჯერ გადავიკითხე წერილი.
ბოლოს მივხვდი…
ბოლოს მივაგენი ადრესატს…
ეს წერილი მთელ საქართველოს ეკუთვნოდა!
მთელ ქვეყანას!
ყველა ოჯახს, ყველა დედას, ყველა მამას, ყველა შვილს…
ხო და… გიბრუნებ ამ დაკარგულ, ოთხად მოკეცილ, ოდნავ მტვრიან, მაგრამ გულსისხლჩაქცეულ სიტყვებით სავსე წერილს, ჩემო სამშობლო!
იქნებ შეძლო და დაიბრუნო აქეთ-იქით მიფანტული შენი შვილები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნინო ჩიტაშვილიმ, მშობლები.გე