20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცხვარიჭამიაში მოკლეს, მირიან კუკავაა. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.
„TV პირველის“ ინფორმაციით, ამ წუთებში ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვები მიმდინარეობს. პოლიციაში იმყოფებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.
„დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი… პოლიციაში არიან ჩემი შვილებიც ახლა. ჩემს ხელში გაზრდილი, არაჩვეულებრივი, წესიერი, თბილი, ტკბილი ბავშვი“ – ამბობს მეზობელი „ტვ პირველთან“.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მან მიმალვა მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მათივე თქმით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამასთან, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მირიან კუკავას მკვლელობის საქმის 3 ფიგურანტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი 20 წლის ბიჭია, რომელსაც ხულიგნობას ედავებიან. დანარჩენ ორ დაკავებულთან დაკავშირებით კი ინფორმაციას ამ წუთებში ვაზუსტებთ.
ირკვევა, რომ მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე მყოფმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა დაასახელა.